Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესლანის ტრაგედიის შესახებ სპექტაკლი


უხილავი ფარდის დღევანდელი გამოშვება თეატრისა და ომის თემას ეხება.

მიმდინარე კვირაში დიდი რაოდენობით მოსკოველი მიაწყდა მწვავე თემატიკის თეატრალურ დადგმას, რომელიც ბესლანის 2004 წლის სექტემბრის მოვლენებითაა შთაგონებული. სპექტაკლი "სექტემბერი", რომელიც მოსკოვში ახალი დრამის ფესტივალზე იქნა წარმოდგენილი, ემყარება რუსული საინტერნეტო ჩეთრუმებიდან შეკრებილ მესიჯებს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის, მიხაილ უგაროვის თქმით, მისი მიზანია, მოახდინოს იმ გამოუთქმელი გრძნობების არტიკულაცია, რასაც იწვევს ჩეჩნეთის ომი რიგით რუსებში.

"ჩემის აზრით, ყველა ჩეჩენი უნდა გაიწყვიტოს. რა თქმა უნდა, მათ შორისაც არის ცოტაოდენი კარგი ადამიანი, მაგრამ ისინი ძალზე ცოტანი არიან!" - წამოიძახებს ერთ-ერთი მსახიობი, რომელსაც მეორე უპასუხებს: "ბარემ ყველა მოსკოველიც გასაწყვეტია, ისინი ისეთი საზიზღრები არიან."

ტრაგედიდან ოთხი დღის შემდეგ რუსული საინტერნეტო ჩეთრუმები სავსე იყო ნერვული დიალოგებით იმის შესახებ, რაც ბესლანში მოხდა: დაიღუპა 330 ადამიანი - უმრავლესობა ბავშვები - მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა ჩრდილო ოსეთის პატარა ქალაქის სკოლაში მძევლები აიყვანეს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

პიესა "სექტემბერი" ძირითადად შეიცავს ინტერნეტის მეშვობით გავრცელებულ ბრალდებებს, რომელთაც ერთმანეთს უყენებდნენ რუსები და ჩეჩნები. ვინ არის ბესლანის ტრაგედიაში დამნაშავე, - ესაა ამ ბრალდებებისა და, შესაბამისად, დადგმის მთავარი თემა.

დამდგმელი რეჟისორის, მიხაილ უგაროვისთვის, მთავარი აზრი, რომელსაც გამოხატავს ინტერნეტში შეკრებილი ეს ნაწყვეტები, არის უძლურება. ადამიანების უძლურება, თავიდან აეცილებინათ ტრაგედია.

[უგაროვის ხმა] "ინტერნეტში საშინელი ვითარება იყო. უძლურების საშინელი ეფექტი იყო: აქ ვერაფერს გავხდები, ერთადერთი, რის გაკეთებაც შემიძლია, არის ის, რომ ვაკაკუნო კლავიატურაზე და ჩემი რისხვა თუ ტკივილი გამოვხატო."

უგაროვის თქმით, იგი შეეცადა აესახა ბესლანის ტრაგედიის და, უფრო ფართოდ, ჩეჩნეთის ომის შესახებ ყველა ურთიერთგანსხვავებული აზრი.

მისი აზრით, არეულობა, რომელიც ჩნდება სხვადასხვა აზრთა კაკოფონიიდან, კარგად ასახავს რუსეთის საზოგადოებაში ომის შესახებ აზრთა სიმრავლეს.

უგაროვი აღიარებს, რომ თავად მას არა აქვს ომის მიმართ ნათელი პოზიცია. საკუთარ თავს და თავის პუბლიკას იგი აღწერს, როგორც რუსებს, რომლებიც არც ჩეჩენი სეპარატისტების მიმართ არიან სიმპათიით განწყობილი და არც მთავრობის მიმართ, რომელიც ცდილობს მათ განადგურებას.

[უგაროვის ხმა] "ჩვენთან ქვეყანაში ხომ ყველას ისე მოაქვს თავი, თითქოს საერთოდ არ იყოს ომი. თითქოს ყველანი მშვიდობიანად ვცხოვრობდეთ და ომი მხოლოდ ტელევიზორში იყოს. მაგრამ ომი ყველგან აღწევს: ოჯახებში, ბავშვებთან ურთიერთობებში. ხალხი უფრო აგრესიული ხდება. ომი ერთგვარ სოციალურ პარანოიას აღვივებს. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ ეს პარანოია, როცა ყველა მტერია: ჩინელები, ვიეტნამელები, ებრაელები, კავკასიელები, მოსკოველები."

მაყურებელი აშკარად შეძრულია წარმოდგენით. 32 წლის მიხაილი, რომელიც გამომცემლობაში მუშაობს, ამბობს, რომ მოეწონა სპექტაკლი, თუმცა აღიარებს, რომ შეძრწუნებული იყო მასში წარმოდგენილი სისასტიკით:

[მიხაილის ხმა] "მე სპექტაკლი ემოციური თვალსაზრისით აღვიქვი. ჩემის აზრით, ასეთი რამეები აუცილებელია მიუხედავად უკიდურესი სისასტიკისა, რაც ყველამ ვიხილეთ."

40 წლის სლოვენიელი კატარინა, რომელიც ხუთი წელია მოსკოვში ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ უხეში ტექსტი არა უშავს. იგი მადლიერია სპექტაკლისა იმისთვის, რომ მასში ჩეჩნეთის კონფლიქტის ორივე მხარეს ეძლევა აზრის გამოთქმის საშუალება:

[კატარინას ხმა] "ძალაინ მოხარული ვარ, რომ ასეთი სპექტაკლები იდგმება. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რომ უფრო მეტი წარმოდგენები უნდა იყოს ასეთ საჭირბოროტო საკითხებზე. ორივე მხარეს ბევრი აქვს ნათქვამი და აუცილებელია, რომ ორივე მხარე სათანადოდ იყოს წარმოდგენილი. ჩემის აზრით, ძალაინ კარგად გაართვეს ამას თავი."

უგაროვი ჯერ კიდევ გაოგნებულია "სექტემბრის" წარმატებით. თეატრის სოციოლოგები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რუსეთის საზოგადოებას არ სურს სისასტიკის ან რაიმე სევდის მომგვრელის ყურებაო, ამბობს იგი. მისმა სპექტაკლმა დაამტკიცა, რომ ეს ასე არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG