Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ევროპის უკანასკნელი დიქტატურის'' შესახებ


გთავაზობთ ყოველკვირეულ პროგრამას "ახალი ევროპა".

"ევროპის უკანასკნელი დიქტატორული რეჟიმი" – ასე ახასიათებდნენ პრაღაში ჩატარებული კონფერენციის "ფორუმი 2000"-ის მონაწილეები ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, ხელისუფლებას. მართალია, საკუთრივ კონფერენციის თემა დასავლეთისა და ისლამური სამყაროს ურთიერთობა იყო, ფორუმზე ბელორუსიის საკითხს საგანგებო სესია მიეძღვნა.

რა როლის შესრულება შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას ბელორუსიის დემოკრატიზაციის საქმეში? -
ეს იყო მთავარი თემა, რომელსაც 10 ოქტომბერს პრაღის გოეთეს ინსტიტუტში შეკრებილი საზოგადოება განიხილავდა.

შეხვედრას ოთხი მომხსენებელი ჰყავდა: ბელორუსიის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ალექსანდრ მილინკევიჩი; რუსი პოლიტიკოსი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ბორის ნემცოვი; წარსულში ცნობილი დისიდენტი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად ევროპის პარლამენტის წევრი ბრონისლავ გერემეკი და დიდი ბრიტანეთის ელჩი ბელორუსიაში ბრაიან ბენეტი.

პირველი მოხსენება ალექსანდრ მილინკევიჩმა გააკეთა. მან მოკლედ ისაუბრა და, ძირითადად, იმ დაბრკოლებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაც დემოკრატიული ძალები აწყდებიან ბელორუსიაში. მთავარი დაბრკოლება, მილინკევიჩის აზრით, საზოგადოებაში გამეფებული შიშია:

[მილინკევიჩის ხმა] “ერთ-ერთ დემონსტრაციაზე მილიციის გენერალმა გვითხრა, სანამ ქუჩაში ორ-ორი ათასობით გამოდიხართ, თქვენს ცემას გავაგრძელებთ, მაგრამ თუ 50 ან 100 ათასი გახდებით, მაშინ თქვენს მხარეზე გადმოვალთო. თუმცა ხალხის ქუჩაში გამოყვანა ადვილი არ არის: ხალხი შეშინებულია. ხელისუფლება მოსახლეობის ტოტალური დაშინების პოლიტიკას ატარებს. სტალინის შემდეგ ბელორუსი ხალხი ასეთი დაშინებული საბჭოთა დროშიც კი არ ყოფილა.”

მოსაზრება, რომ ბელორუსიაში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ ტრადიციებს აგრძელებს, ბრონისლავ გერემეკმაც გაიმეორა და საერთაშორისო თანამეგობრობას ამ რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ უფრო ინტენსიური ბრძოლისკენ მოუწოდა:

[გერემეკის ხმა] “პირველ რიგში, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის, რომ ბელორუსიაში ჯერ კიდევ დიქტატორული რეჟიმია. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ბელორუსი ადამიანები, რომლებიც თავისუფელბისთვის იბრძვიან და მათ არა მხოლოდ სიტყვებით, – თუმცა, რა თქმა უნდა, სიტყვებიც საჭიროა, – არამედ მნიშვნელოვანი მატერიალური რესურსებით უნდა დავეხმაროთ.”

ბრონისლავ გერემეკის მოსაზრება გააგრძელა ბელორუსიაში ბრიტანეთის ელჩმა ბრაიან ბენეტმა. მისი თქმით, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობას, მართლაც, გარკვეული პრინციპები გააჩნია და ჭეშმარიტად სწამს ადამიანის უფლებების უზენაესობის, მაშინ ბელორუსიაში შექმნილ ვითარებას ყურადღება უნდა მიაქციოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნის მომავალი დემოკრატიული იყოს:

[ბენეტის ხმა] “ჩვენ, ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, რომელთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ამ საკითხთან ერთიანი მიდგომა გვაქვს, მხარი უნდა დავუჭიროთ ბელორუსიაში დემოკრატიულ პროცესს და უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობოებს, დამოუკიდებელ გაზეთებს პრობლემებთან გამკლავებაში.”

"ევროპის ბოლო დიქტატურის" ჩამოგდებას გრძელვადიან, მაგრამ ბოლოს მაინც წარმატებულ პროექტად აღიქვამს რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. იგი ფიქრობს, რომ ლუკაშენკოს დამარცხება მომავალი წლის არჩევნებზე, ალბათ, არ მოხერხდება - რეჟიმი არჩევნებს გააყალბებს, ხოლო თუ ამას საპროტესტო აქციები მოჰყვება, ძალის გამოყენებასაც არ მოერიდება:



[ნემცოვის ხმა] “ბელორუსია უკრაინა არ არის, არც საქართველოა, არც ყირგიზეთი და არც სერბია. ბელორუსია, სამწუხაროდ, ევროპის თურქმენეთი და უზბეკეთია. იქ ნამდვილი დიქტატურაა დამყარებული და ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას, ნამდვილ პოლიტიკურ ბრძოლას თუ სამართლიან არჩევნებს იქ ადგილი არ აქვს.”

ბორის ნემცოვმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი წამოჭრა, კერძოდ, ბელორუსიის ეკონომიკის საკითხი:

[ნემცოვის ხმა] “ბელორუსიის ეკონომიკა დიდწილად არის რუსეთზე დამოკიდებული. ჩვენი ლიბერალი ეკონომისტების შეფასებით, ბელორუსიის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 90 პროცენტი რუსეთის საბაჟოდან მოდის. ბელორუსია, ძირითადად, რუსეთთან ვაჭრობს, იქიდან მოდის გაზისა და ნავთობის იმპორტი. და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ლუკაშენკოს სულელური ეკონომიკა ახლა ძლიერდება. ეს აბსოლუტურად არანორმალური, დაგეგმილი ეკონომიკაა, რომელშიც უზარმაზარი ბიუროკრატიაა ჩართული და კორუფცია მეფობს. მაგრამ ეკონომიკა მაინც ძლიერდება. რატომ? იმიტომ, რომ იგივე ხდება რუსეთის ეკონომიკაშიც. ეს, რა თქმა უნდა, პუტინის დამსახურება არ არის; ეს მხოლოდ და მხოლოდ ნავთობის ფასების გამოა ასე. როდესაც ერთი ბარელი 60, 70 დოლარი ღირს, ეკონომიკა ყველგან გაძლიერდება – საუდის არაბეთი იქნება ეს, ერაყი თუ რუსეთი.”

ბელორუსიის სტაბილური ეკონომიკის თემას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ალექსანდრ მილინკევიჩიც შეეხო:

[მილინკევიჩის ხმა] “თუ იმ მესიჯებზე ვლაპარაკობთ, რომლებითაც ოპოზიციამ ხალხს უნდა მიმართოს, გასათვალისწინებელია, რომ ბელორუსიაში სოციალურ-ეკონომიკური დაძაბულობა არ არის. მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ეკონომიკა არაეფექტიანია, მაგრამ მუშაობს. როგორც სჩანს, ეკონომიკური ლოზუნგების გამოყენებით ხალხის ქუჩაში გამოყვანა არ მოხერხდება. ლოზუნგი სხვანაირი უნდა იყოს და საკუთარი ღირსების დაცვას უნდა შეეხოს. ის ვითარება, რომელშიც ხალხის უმრავლესობა ცხოვრობს, დამამცირებელია. სხვათა შორის, უკრაინაშიც ხალხი მხოლოდ პურისა და კარაქის ნაჭრის გამო არ გავიდა ქუჩაში. საქართველოშიც ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ იქ ხალხს გაცილებით უფრო უჭირს, ვიდრე ბელორუსიაში. ხალხი ითმენს, ითმენს – და რაღაც მომენტში მათი მოთმინება მთავრდება.”

შეხვედრა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც სიტყვა კიდევ ერთხელ ითხოვა ბელორუსიაში ბრიტანეთის ელჩმა ბრაიან ბენეტმა. ბოლო გამოსვლაში მან ალექსანდრ მილინკევიჩს შეახსენა, რომ ღირსების შელახვა და დამცირებულ მდგომარეობაში ყოფნა, ცხადია, მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ სოციალური აფეთქებისთვის ეკონომიკური ფონი – ან, შეიძლება ითქვას, ყოფიერება - მაინც გადამწყვეტ ფაქტორად რჩება:

[ბენეტის ხმა] “ვშიშობ, ბატონ მილინკევიჩს ვერ დავეთანხმები, თითქოს მთავარი საკითხი აქ ხალხის დამცირებულ მდგომარეობაში ყოფნა იყოს. ეს, ალბათ, გარკვეული ფონია, რომელსაც გაღვივებისთვის ნაპერწკალი სჭირდება. ვფიქრობ, ეს ნაპერწკალი სწორედ ეკონომიკა უნდა იყოს. სანამ ნავთობის ფასები მაღალია, ბელორუსიაში პრობლემები არ შეიქმნება. იმისათვის, რომ ხალხმა მეტის მოთმენა ვეღარ შეძლოს და ქუჩაში გამოვიდეს, საჭიროა, რომ ნავთობის ფასი დაეცეს ან რაიმე მსგავსი მოხდეს.”

მთლიანობაში, 10 ოქტომბრის შეხვედრა საკმაოდ ოპტიმისტური განწყობით დამთავრდა. ხოლო იმას, თუ რა გახდება "ევროპის უკანასკნელი დიქტატურის" დამარცხებაში გადამწყვეტი ფაქტორი, - ყოფიერება თუ ცნობიერება, – ალბათ, დრო გვიჩვენებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG