Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად წარმატებით შეძლებს უკრაინა მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციას?


უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრის იური ეხანუროვის სიტყვებით, მისი მთავრობა "ტექნოკრატიულია". ანუ მოტივირებულია

არა რაიმე იდეოლოგიით, არამედ ქვეყნის პოლიტიკისა და ეკონომიკის გაუმჯობესების სურვილით. ახლახან ეხანუროვი ეწვია მოსკოვს და ბრიუსელს. პრემიერ-მინისტრის ძალისხმევა იქითაა მიმართული, რომ დაჩქარდეს უკრაინის გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის მიღება.

რამდენად წარმატებით შეძლებს უკრაინა მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციას? გაგაცნობთ ამ საკითხე ექსპერტების მოსაზრებებს.

ექსპერტების აზრით, ამ გზაზე უკრაინის წარმატებას განსაზღვრავს ის, თუ როგორი ურთიერთობები ექნება მას რუსეთთან.

უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ იური ეხანუროვი ჯერ მოსკოვში გაემგზავრა რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და შემდეგ - ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანლობასთან მოლაპარაკებების გასამართად.

რუსეთის მასმედიამ ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც უკრაინისთვის სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე. ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის სპეციალისტის ჟორჟეტა პურშოს თქმით, რუსეთის მედიაში გავრცელებული აზრით, შეუძლებელია ერთდროულად რუსეთის მეგობარიც იყო და დასავლეთისაც.

[პურშოს ხმა] "აღმოსავლეთ ევროპაში ახალი მთავრობა თუ მოდის ხელისუფლებაში და ამბობს, რომ ევროპაში ან ნატოში ინტეგრაცით არის დაინტერესებული, მოსკოვის ზოგიერთ წრეში მიიჩნევენ, რომ ეს ავტომატურად გამორიცხავს კარგ ურთიერთობებს რუსეთთან. რუსეთის ამ გაზეთებს ბოროტად უხარიათ, რომ ეხანუროვი მისი კაბინეტის დამტკიცებიდან ორი დღის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა. მათი აზრით, ეს იმის აშკარა დასტურია, რომ უკრაინა რუსეთისკენ მიემართება."

პურშოს თქმით, ამ მოსაზრებაში არის გარკვეული სიმართლე. რუსეთსა და უკრაინას შორის ბარტერული შეთანხმება არსებობს, რის საფუძველზეც უკრაინა რუსეთისგან ნავთობს იღებს იმის სანაცვლოდ, რომ თავის ტერიტორიაზე ატარებს დასავლეთისკენ მიმავალ რუსეთის ენერგომატარებლებს. მაგრამ მოსკოვი იმუქრება, რომ მსოფლიო ბაზრების ფასებს მოსთხოვს კიევს.

პურშოს აზრით, რუსეთს შეუძლია ეს გარემოება უკრაინაზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, რუსეთი მცდარ გაანგარიშებას აკეთებს. მაგალითად, ვაშინგტონის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს მილარი ფიქრობს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმების ფონზე უკრაინასაც საკმარისად მოეპოვება ზეწოლის ბერკეტები.

[მილარის ხმა] "გარკვეული თვალსაზრისით, რუსეთი და უკრაინა ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, უახლოესი პერიოდის მანძილზე. ევროპა კი ორივეზეა დამოკიდებული ნავთობისა და გაზის გამო, ვინაიდან უკრაინას მოეპოვება უმთავრესი სადენები, რომელთა მეშვეობით გაზი და ნავთობი ევროპამდე აღწევს. რუსეთს ძალიან სჭირდება ევროპიდან ამ გზით მიღებული შემოსავალი. ასე რომ, ამის თაობაზე გარიგებას აზრი აქვს. ძალიან საინტერესოა, როგორ დასრულდება ეს გარიგება."

ამავე დროს თვით უკრაინის შიგნითაც საკმაოდ მოიპოვება დასავლეთთან ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორები. დაჩქარებული ტემპებითაა გასატარებელი რეფორმები. პურშოს თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის იმედები, რომ მომავალ თვეშივე მოხერხდება მნიშვნელოვანი კანონების მიღება, გადაჭარბებულად ოპტიმისტურია. მას მიაჩნია, რომ უკრაინა 2010 წლამდე ან უფრო მოგვიანო პერიოდამდე ბრიუსელთან მიახლოებასაც კი ვერ შეძლებს.

უფრო იმედიანად არის განწყობილი ჯეიმს მილარი. მისი აზრით, უკრაინა კარგად იყენებს თავის შანსებს. თუკი იუშჩენკო და ეხანუროვი მომავალშიც თანმიმდევრულად შეინარჩუნებენ თავიანთ კურსს, უკრაინა ერთ მშვენიერ დღეს თავის ადგილს იპოვის მსოფლიო ეკონომიკაშიო, მიაჩნია მილარს.
XS
SM
MD
LG