Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამის, "ახალი ევროპის"


ყოველკვირეული პროგრამის, "ახალი ევროპის",

დღევანდელი გამოშვება ერთგვარად უჩვეულო ფორმას ატარებს და "ძველი" ევროპის ერთ-ერთ ლიდერს, მარგარეტ ტეტჩერს, ეძღვნება. თუმცა, ბევრის აზრით, მარგარეტ ტეტჩერის მიერ 80-იან წლებში გატარებული პოლიტიკა დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ევროპულ, ისე გლობალურ პოლიტიკაზე. 13 ოქტომბერს მარგარეტ ტეტჩერს 80 წელი შეუსრულდა.

ბრიტანული გაზეთის “გარდიანის” ცნობით, მარგარეტ ტეტჩერმა საკუთარი იუბილე ლონდონის ჰაიდ პარკთან ახლოს მდებარე სასტუმროში გამართული წვეულებით აღნიშნა. სტუმრებს შორის ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და ყოფილი პრემიერი ჯონ მეიჯერი იყვნენ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხაილ გორბაჩოვმა წვეულებაზე ჩასვლა ვერ შეძლო, მაგრამ მარგარეტ ტეტჩერთან ლონდონში შეხვედრას მიმდინარე კვირაში აპირებს.

"რკინის ლედიმ" ექიმების რჩევა გაითვალისწინა და წვეულებაზე სიტყვით არ გამოსულა. თუმცა მისი ასისტენტის გილი პენროუსის თქმით, ტეტჩერი 80 წლის ასაკის მიღწევას ფილოსოფიურად უყურებს, აქტიური ცხოვრების წესს ინარჩუნებს და, ძირითადად, მეყვავილეობით არის დაკავებული.

დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ ტეტჩერის ხელისუფლებაში ყოფნის წლებმა ძირეულად შეცვალა ბრიტანეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება. მეტიც – ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად გასცდა ბრიტანეთის საზღვრებს და, დიდწილად, გლობალური პროცესების სახეც მიიღო.

ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ისტორიკოსის პიტერ სნოუდაუნის თქმით, ტეტჩერის გავლენა ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე დღემდე გრძელდება:

[სნოუდაუნის ხმა] “მან არა მხოლოდ თავისი პარტია შეცვალა, – და დღევანდელი პერსპექტივიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცვალა უარესობისკენ, – არამედ ლეიბორისტული პარტიაც. განსაკუთრებით ეს ლეიბორისტების ეკონომიკურ პოლიტიკას ეხება. მათთვის მისაღები გახდა პრივატიზაცია; მისაღები გახდა ფინანსური მომსახურების ლიბერალური რეფორმა; ეს, რა თქმა უნდა, თანდათანობით მოხდა და ტონი ბლერის ე.წ. "ახალი ლეიბორისტებით" დაგვირგვინდა. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი მომსახურების სფეროში ტეტჩერის ბაზარზე ორიენტირებული რეფორმები მათ ბევრად უფრო განავითარეს, ვიდრე ეს თავად ტეტჩერის მთავრობის დროს მოხერხდა.”

ამ მოსაზრებას იზიარებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ჯორჯ უელტონიც. მისი აზრით, ტეტჩერის პოლიტიკის გავლენა დღეს მთელს დასავლეთ ევროპაზეა შესამჩნევი:

[უელტონის ხმა] “მარგარეტ ტეტჩერმა ეკონომიკის ორგანიზების წესი მნიშვნელოვნად შეცვალა. გრძელი და ძალიან მწვავე ბრძოლის შემდეგ, მან პროფესიული კავშირები დაშალა – ამის შედეგად, ბრიტანეთში აღარ არსებობს ქვანახშირის მოპოვების ინდუსტრია. თუმცა დღევანდელი პერსპექტივიდან, შეიძლება ითქვას, რომ ტეტჩერის პოლიტიკას მთელი დასავლეთი ევროპა მისდევს. ტეტჩერმა ბრიტანეთი ისეთი ფორმით შეცვალა, რომლის მეტ-ნაკლებ დანერგვასაც ახლა მთელი ევროპა ცდილობს.”

ბრიტანეთში გატარებული რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გარდა, მარგარეტ ტეტჩერს ბევრი ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის საქმეში ერთ-ერთ მთავარ როლს აკუთვნებს. ამას ერთმნიშვნელოვნად ეთანხმება პიტერ სნოუდაუნი:

[სნოუდაუნის ხმა] “ეს 80-იანი წლები იყო, – პერიოდი, როდესაც ცივი ომი კიდევ უფრო "გაცივების" ფაზაში შედიოდა, – თავისი ვარსკვლავთა ომებით და სხვა ასპექტებით. რეიგანის მთავრობა ატომურ ენერგეტიკაზე მუშაობდა. და ამ დროს საბჭოთა კავშირში ბატონი გორბაჩოვი მოვიდა და დასავლეთთან უფრო ღია ურთიერთობის დამყარება ისურვა. ტეტჩერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეიგანის ადმინისტრაციასა და გორბაჩოვის მთავრობას შორის ურთიერთობის დამყარებაში – ამან კი, საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი.”

თუმცა, თაყვანისმცემლების გარდა, მარგარეტ ტეტჩერს და მის პოლიტიკას, რომელსაც ხშირად "ტეტჩერიზმსაც" უწოდებენ, ბრიტანეთშიც და მსოფლიოშიც ბევრი ოპონენტი ჰყავს. მათ მიაჩნიათ, რომ "რკინის ლედის" თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, გადასახადების შემცირებისა და პრივატიზაციის პოლიტიკას უმუშევრობა და სამუშაო ადგილებზე ექსპლუატაციის ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა. ამ თვალსაზრისს ჯორჯ უელტონი ასე ხსნის:

[უელტონის ხმა] “ბრიტანეთი, მართლაც, ევროპის ერთ დიდ "ქარხნად" იქცა, იმიტომ რომ ბრიტანეთში ბევრად სუსტი იყო სამუშაო უფლებების დაცვა. მაგალითად, თუ რომელიმე იაპონურ კომპანიას ქარხნის ევროპაში დაარსება და მანქანების ევროპის ბაზარზე გაყიდვა უნდოდა, ამის გასაკეთებლად ბრიტანეთი საუკეთესო ადგილი იყო. მარგარეტ ტეტჩერის დროს ქვეყანაში არ მოქმედებდა მინიმალური ხელფასის ცნება; ბიზნესის მფლობელებს შეეძლოთ მუშებისთვის მცირე თანხა გადაეხადათ – თუ ამას თავად მუშები დასთანხმდებოდნენ. არ იყო საჭირო სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ადამიანების გარკვეული პერიოდით ადრე გაფრთხილება; მოკლედ, ბრიტანეთში არ მოქმედებდა სოციალური დაცვის ის მექანიზმები, რომლებიც, მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიაში არსებობდა.”

ცხადია, რომ მარგარეტ ტეტჩერის მთავრობის გავლენა მხოლოდ ეკონომიკის სფეროს ძირეულ რეფორმირებაში არ გამოხატულა. "რკინის ლედის" ხელისუფლებაში ყოფნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ბრიტანეთის პოლიტიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრება. თვითონ ტეტჩერს ბევრი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მეტად იდეოლოგიზირებულ მმართველად აღიქვამს – და ეს არც არის გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ ტეტჩერის გამორჩეულ ორატორულ მონაცემებს და რადიკალურ გამონათქვამებს.

"საზოგადოება არ არსებობს; არსებობენ ინდივიდები, მამაკაცები და ქალები, და არსებობენ ოჯახები" – ეს, ალბათ, მარგარეტ ტეტჩერის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური და ყველაზე სკანდალური გამონათქვამია. პიტერ სნოუდაუნი ამ სიტყვებს ასე ხსნის:

[სნოუდაუნის ხმა] “ეს ფრაზა მან სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა და მას შემდეგ ამ გამონათქვამს ძალიან ხშირად აძლევენ ხოლმე არასწორ ინტერპრეტაციას, ვინაიდან კონტექსტიდან ამოვარდნილი ფორმით განიხილავენ. ვფიქრობ, მას ის ჰქონდა მხედველობაში, რომ საზოგადოება, როგორც ასეთი, ინდივიდებისგან შედგება. მას ინდივიდუალიზმის სწამდა – სჯეროდა, რომ ცალკეულმა ადამიანმა თავად უნდა გაიკვალოს გზა ცხოვრებაში. თავისი პოლიტიკით ის სწორედ ამის ხელშეწყობას ცდილობდა. ტეტჩერი მეთოდისტების ოჯახიდან იყო, მეთოდისტებისა, რომელთაც მტკიცედ სწამთ, რომ ინდივიდი საკუთარ ბედს თვითონ ქმნის.”

თუმცა ჯორჯ უელტონი ოდნავ განსხვავებულად ფიქრობს:

[უელტონის ხმა] “ტეტჩერმა თავის ცნობილ გამოსვლაში მართლა თქვა, "საზოგადოება არ არსებობს; არსებობს იმ ადამიანთა ჯგუფები, ვინც თანაცხოვრებას ირჩევსო". მას შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს დაასაბუთოს, რომ ტეტჩერს ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უგულისხმია. ჩემი აზრით, ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით, იგი მართლა ასე ფიქრობდა. მას მართლა სჯეროდა, რომ საზოგადოება არ არსებობს – ან, ყოველ შემთხვევაში, სჯეროდა, რომ ხალხში სოციალური ერთობის განცდის გამოწვევა მთავრობის საქმე არ არის.”

ოპონენტებს მარგარეტ ტეტჩერისთვის ყველაზე მეტად, ალბათ, სწორედ სოციალური ერთობის და სოციალური თანაგრძნობის ცნებათა უგულებელყოფის პატიება უჭირთ. თუმცა დღეს მისი ოპონენტებიც და თაყვანისმცემლებიც თანხმდებიან – თანამედროვე მსოფლიოზე "რკინის ლედის" გავლენა განუზომელია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG