Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშანგი ჩხეიძის “ჰამლეტი” – 80


კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლ “ჰამლეტის”

პრემიერიდან 80 წელი გავიდა. ქართულ თეატრებში არაერთხელ დაუდგამთ შექსპირის ეს ტრაგედია, მაგრამ თეატრის ისტორიკოსები სწორედ მარჯანიშვილის “ჰამლეტს” მიიჩნევენ საუკეთესოდ. 2005 წლის საქართველოში ცოცხალი აღარავინაა, ვისაც მარჯანიშვილის “ჰამლეტი” თეატრში უნახავს, მაგრამ ლეგენდა შექსპირის ტრაგედიის საუკეთესო ინტერპრეტაციაზე თაობიდან თაობაში გადადის. ამ ლეგენდის გმირი ჰამლეტის როლის შემსრულებელი უშანგი ჩხეიძეა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” გაგახსენებთ უშანგი ჩხეიძის როლს ქართული თეატრის და, ზოგადად, მეოცე საუკუნის ქართული კულტურის ისტორიაში.

“დროთა კავშირი დაირღვა და წყეულმა ბედმა მე რად მარგუნა მისი შეკვრა.”

თეატრის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ჰამლეტის სწორედ ამ სიტყვებზე აიგო კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლის კონცეფცია. ისინი, ვისაც 1925 წელს დადგმული სპექტაკლი არ უნახავს, ძირითადად ეყრდნობიან კოტე მარჯანიშვილისა და უშანგი ჩხეიძის მოგონებებს, ფოტომასალას და, რა თქმა უნდა, აუდიოარქივს, რომელიც უხარისხოა, მაგრამ მაინც იძლევა წარმოდგენას წარმოდგენის სტილისტიკაზე.

დავუჯეროთ თეატრის ისტორიკოსებს და ახლა ჩვენ დავსვათ კითხვა, რომელსაც აქამდე, გასაგები მიზეზების გამო, გაურბოდნენ თეატრის სპეციალისტები... რატომ გაამძაფრა მარჯანიშვილმა დროთა დარღვეული კავშირის თემა 1925 წელს დადგმულ სპექტაკლში?. დღეს, როცა საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, თუ რა ხდებოდა საქართველოში გასაბჭოებიდან 3 წლის შემდეგ, ეს კითხვა რიტორიკულად ჟღერს. მაგრამ დროა, ალბათ, კოტე მარჯანიშვილსა და უშანგი ჩხეიძეს გმირობა დავუფასოთ და ვაღიაროთ, რომ “ჰამლეტი” არა მარტო მხატვრული თვალსაზრისით იყო მოვლენა ქართული თეატრის ისტორიაში, არამედ გარკვეული წინასწარმეტყველებაც – წარმოდგენა დროთა კავშირის, ე.ი. ფასეულობების ერთიანი სისტემის, დარღვევაზე, ილუზიების მსხვრევასა და ინტელიგენტზე, რომელიც ყოველთვის უმცირესობაში რჩება. დაახლოებით ასე განმარტავს წარმოდგენას თავად მარჯანიშვილი:

[კოტე მარჯანიშვილი] “დღემდე ვერ შეთანხმებულან მკვლევარნი ჰამლეტის ბუნებისა და რაობის განმარტების საქმეში. ზოგი ჰამლეტს მიიჩნევს სიგიჟისგან გადახრილ ტიპად... უშანგი ჩხეიძის შესრულებაში ჰამლეტი არათუ ნორმალური ადამიანია, არამედ მასში თანამედროვე ინტელიგენტის სიმბოლიკას ვხედავთ.”

1925 წელს სიურრეალისტები პარიზში პირველი გამოფენისთვის ემზადებოდნენ. ბერლინში დიდი წარმატებით უჩვენებდნენ “დოქტორ კალიგარის კაბინეტს”... კულტურის მოღვაწეებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ სულიერი და საზოგადოებრივი ცხოვრების მართვის ცენტრალიზაცია, როცა “სხვაგვარად მოაზროვნე” საზოგადოების მტრად ცხადდება, ერთი ნაბიჯია დიქტატურის დამყარებამდე. მით უფრო მნიშვნელოვნად ჟღერს “ჰამლეტის” როლის შემსრულებლის, უშანგი ჩხეიძის, ეს სიტყვები:

[უშანგი ჩხეიძე] “იგი იყო განწირული დასაღუპად, რადგან მოქცეული იყო მის საწინააღმდეგოდ განწყობილ გარემოცვაში... ის აუჯანყდა თავის საზოგადოებას, მაგრამ ეს მაღალი, კეთილშობილი იდეებით გატაცებული ადამიანი დამარცხდა უთანასწორო ბრძოლაში.”

უშანგი ჩხეიძის ოსტატობაზე და, თუ გნებავთ, მის ხასიათზეც ჩვენ დღეს სახელმწიფო რადიოარქივში დაცული ჩანაწერებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია “ვეფხვისა და მოყმის ბალადა”, რომელიც 1949 წელს ჩაიწერა. ამბობენ, რომ ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე მსახიობმა მოძებნა ჭუნირზე დაკვრის ოსტატი ფალიანი და პოემა მუსიკის ხმაზე დაამუშავა. რიტმის ცვლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სიტყვა და სიტყვის შინაარსი.

[უშანგი ჩხეიძის ხმა]

ეს – 1949 წელია, როცა მსახიობი ცდილობს ტემბრის გარდატეხითა და ინტონაციის ცვლით მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე. ეს ჩანაწერი გაკეთებულია იმ დროს, როცა მარჯანიშვილი ცოცხალი აღარაა და როცა დამარცხებულია უშანგი ჩხეიძის ჰამლეტი, როცა “დროთა კავშირი დარღვეულია”.

1925 წელს, როცა უშანგი ჩხეიძე შექსპირის ტექსტს შეეჭიდა, ასეთი “მუსიკალური კოდების” აუცილებლობა ჯერ არ არსებობდა... მარჯანიშვილსა და ჩხეიძეს პირდაპირ შეეძლოთ გამოეხატათ პოზიცია და გაემართლებინათ არა მარტო შექსპირის ტრაგედიის გმირი, არამედ საკუთარი თავიც. ეს ყველაფერი ჩანს კიდეც კოტე მარჯანიშვილის ჩანაწერებში:

[კოტე მარჯანიშვილი] “ჰამლეტის უკან დახევა ნებისყოფის სისუსტეს კი არ უნდა მივაწეროთ, როგორც ამას ჰამლეტის მრავალი კრიტიკოსი გვიხსნის, არამედ ეს იმის ნებისყოფის სიმტკიცეს მოასწავებს. ჰამლეტი ისეთი ადამიანი როდია, უბრალოდ, ჯავრი იყაროს.”

ჰამლეტის მერყეობას, როგორც ინტელიგენტი ადამიანის თვისებას, აღიარებს უშანგი ჩხეიძეც. მსახიობი ამბობდა, რომ ჰამლეტის პირველსავე მონოლოგში ცდილობდა გაემართლებინა თავისი პერსონაჟი შექმნილი ვითარებით:

[უშანგი ჩხეიძე] “ამ მონოლოგის ლეიტმოტივი იყო: “თითქოს ქვეყანა იყოს ბაღი გაუმარგლავი, რაშიაც ხარობს მხოლოდ ღვარძლი, ცუდი ბალახი...” ჰამლეტის ნაწილობრივი მერყეობა გამოწვეული იყო იმით, რომ ეს უაღრესად კეთილშობილი ადამიანი არ იყო საერთოდ მოწოდებული, შექმნილი შურისძიებისთვის, ეს თვისება მის ბუნებას არ ეგუებოდა.”

ადამიანის უფლება გააკეთოს არჩევანი ქვეყანაში, სადაც “ხარობს მხოლოდ ღვარძლი და ცუდი ბალახი”... ბოლშევიკური საქართველოს კულტურაში “ჰამლეტი” პირველი და უკანასკნელი სპექტაკლი იყო, რომელშიც ეს ითქვა... მამის მკვლელები, “ღმერთის მკვლელები” მართავენ ქვეყანას და ახალ ლოზუნგებს იგონებენ. “სტალინი – ეს არის ლენინი დღეს”... მარჯანიშვილის “ჰამლეტი” ჯერ კიდევ იდგმებოდა, როცა ქვეყანაში ასეთი ლოზუნგი გაავრცელეს.

“ჰამლეტის” პრემიერიდან რამდენიმე წელი გავა და სტალინი არა მარტო ხელისუფლების სათავეში მოვა, არამედ ენათმეცნიერის როლშიც მოგვევლინება. “ამბობენ, რომ ადამიანის ტვინში აზრი მის წარმოთქმამდე იბადება, – წერდა სტალინი, – რაც არასწორია. ენას მოწყვეტილი შიშველი აზრი არ შეიძლება არსებობდეს.” საინტერესოა, რომ ბელადის წიგნი სწორედ იმ წელს გამოქვეყნდა, როცა უშანგი ჩხეიძე “ვეფხვისა და მოყმის ლეგენდას” კითხულობდა რადიოში. კითხულობდა პაუზებით – თითქოს ეხმარებოდა მსმენელს აზრის დაბადებაში. აზრისა, რომლის წარმოთქმა იმხანად შეუძლებელი იყო.

ტოტალიტარიზმის იდეოლოგები ამტკიცებდნენ, რომ აზრი სიტყვის “თანასწორია”... თუკი “გაშიშვლებული აზრი” არ არსებობს, გამოდის, რომ ადამიანი გამჭვირვალეა, შიშველია, ამიტომ ადვილად ემორჩილება სოციალურ კონტროლს... მაგრამ ერთია მათი სურვილი და მეორეა – რეალობა... რეალობა კი ისაა, რომ მეოცე საუკუნის ქართულ საბჭოთა კულტურაში ვერავინ შეძლო აზრის ჩაკვლა... ვერც 80 წლის წინ, როცა ტრიუმფით დასრულდა მარჯანიშვილის “ჰამლეტის” პრემიერა და ვერც 1949 წელს, როცა უშანგი ჩხეიძე ამ სტრიქონებს კითხულობდა:

[უშანგი ჩხეიძის ხმა]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG