Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მთავარი მოვლენა, ალბათ, მაინც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი მოვლენა, ალბათ, მაინც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის გადაყენება გახლდათ და, შესაძლოა, საინტერესო იყოს,

როგორ გააშუქა პრესამ არა მხოლოდ ფაქტი, არამედ პროცესი, რომელსაც შედეგად საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეცვლა მოჰყვა. ჯერ კიდევ სამშაბათს, მაგალითად, გაზეთი “რეზონანსი” წერდა: “სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში განკითხვის დღეს უმზადებენ. დეპუტატები ზურაბიშვილს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მისმა უწყებამ პარლამენტი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. დეპუტატები ამაოდ ელიან ორ სარატიფიკაციო დოკუმენტს: ენების ქარტიას და ტრანსასაზღვრო კონვენციას. მათ შეფერხებას საგარეო უწყებას აბრალებენ.”

მეორე დილით, ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, გაზეთი “ახალი ვერსია” უკვე აუწყებდა მკითხველს, რომ “მინისტრი დამარცხდა“, თუმცა ის ოთხშაბათ საღამოს გადააყენეს. აი, რას წერდა “ახალი ვერსია”: “პარლამენტში ზურაბიშვილის გადაყენება გადაწყვიტეს. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მინისტრის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელ მასალებს დიდხანს აგროვებდნენ. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 15 ათას ევროს უხდის. არაოფიციალურ საუბრებში მინისტრის ოპონენტები ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ საფრანგეთის მიერ ზურაბიშვილისთვის ხელფასის გადახდა ნიშნავს, რომ ის ფრანგული ინტერესების გამტარებელი იქნება. მინისტრს ამ ფულიდან ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ შეუტანია, მაგრამ დღემდე ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა.”

ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილი აღარ იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. გაზეთი “ალია” ამ დღეს ახმაურებს კიდევ ერთ ფაქტს: “პარლამენტმა ჩააგდო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი გომიაშვილის კანდიდატურა ელჩის პოსტზე. შეერთებულმა შტატებმა კი საგანგებო ფინანსები გამოყო საიმისოდ, რომ საქართველომ ერთი ადამიანი აირჩიოს და მას ნორმალური დიპლომატიური განათლება მისცეს. ვაკანსიაც გაჩნდა ბოსტონის უნივერსიტეტში. სალომე ზურაბიშვილმა - არც მეტი, არც ნაკლები - ბოსტონში გომიაშვილი გაგზავნა, რომელსაც ამ დროისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადებებიც აქვს გაკეთებული.”

პარასკევს, როცა უკან იყო მოტოვებული იპოდრომოს სახელდახელო, მაგრამ ხალხმრავალი შეკრება ყოფილი მინისტრის მხარდასაჭერად, გაზეთი “24 საათი” სალომე ზურაბიშვილის შესაძლო მარცხთა შორის აღნიშნავდა საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ეუთოს მისიის მონიტორინგის შეწყვეტას, მაგრამ იქვე დასძენდა, როგორ დაავიწყდა ყველას აღენიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფრიადზე შეასრულა პარლამენტის ურთულესი დავალება – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოახერხა შეთანხმება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის (საქართველოსათვის მისაღები პირობებით!) თაობაზე.” “24 საათის” გაოცებას იწვევს ისიც, რომ ზურაბიშვილზე განაწყენებული სამი ელჩის წერილის ადრესატები ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე არიან.

აი, შაბათს კი, 22 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილი ტოვებს ქართული გაზეთების პირველ გვერდებს. ერთადერთი, “ალია” ეგებება მკითხველს ყოფილი მინისტრის ფოტოსურათით. იმავე “24 საათის” პირველი გვერდიდან გერმანიის ახალი კანცლერი ანგელა მერკელი იღიმება, თუმცა მესამეზე ისევ საქართველოს საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დაგხვდებათ. გაზეთი “ახალი თაობაც” არ დაეხსნა ზურაბიშვილის თემას და ფურცლები ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ავტორებსა თუ რესპონდენტებს დაუთმო. წერილში “სალომე ზურაბიშვილი – ხელისუფლებიდან წამოსული ოპოზიცია” ვკითხულობთ: “როგორ მოხდა, რომ ბურჯანაძესა და გაბაშვილს, რომლებსაც სწამთ, რომ სწორედ მათ გადააყენეს ზურაბიშვილი და ფიქრობენ, რომ სერიოზული გავლენა აქვთ საქართველოში, პირადი პოლიტიკური გუნდიც კი არ ჰყავთ და საფრანგეთის მოქალაქეს, ქართულად აქცენტით მოლაპარაკე ზურაბიშვილს ათასები უჭერენ მხარს? ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქარიზმა, რომელიც ზურაბიშვილს ბუნებრივად აღმოაჩნდა. დღეს ქაჯები დაბნეულები არიან, ვერ გაუგიათ, რატომ დაუჭირა საზოგადოებამ მხარი ზურაბიშვილს, როცა მთელი პარლამენტი და ძლიერი ტელეარხები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ მინისტრის დისკრედიტაციისათვის.” – შეგახსენებთ, ეს “ახალ თაობაში” წერია.

დავასრულოთ კი იმ გაზეთით, რომლითაც დავიწყეთ მიმოხილვა: “რეზონანსი” შაბათს ბეჭდავს წერილს “აშშ რუსეთს სამშვიდობოების სანაცვლოდ კომპენსაციას შესთავაზებს?” შეკითხვის პასუხად “რეზონანსი” წერს, რომ დეკემბერში ეუთოს ლიუბლიანას სამიტზე ამერიკელები საქართველოში კონფლიქტების მოგვარების გეგმას წარმოადგენენ. გაზეთი მკითხველს შეახსენებს ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯს, კერძოდ, კონფლიქტის ზონებში მოსახლეობის მოთხოვნილებათა შემსწავლელი მისიის დაფინანსებას. მისიის კონტინგენტს, შერჩევის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში ორთვიანი მუშაობა მოუწევს.
XS
SM
MD
LG