Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში ქართულმა პრესამ იოლად გამოიცვალა მთავარი თემა: თუ მანამდე


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში ქართულმა პრესამ იოლად გამოიცვალა მთავარი თემა: თუ მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენება იპყრობდა ბეჭდური მედიის ყურადღების დიდ ნაწილს,

ახლა მისი ადგილი ისევ გადაყენებამ, უფრო ზუსტად, გადაადგილებამ დაიკავა. ვგულისხმობთ თბილისის ხელისუფლების განზრახვას, ადგილი შეუცვალოს დავით აღმაშენებლის ძეგლს. ამდენად, გასული კვირის გაზეთებიდან, შევეცდებით, სხვა თემები და პრობლემები “ამოვწიოთ”.

საქართველოში უმუშევართა რაოდენობის ზრდას ეძღვნება “ახალი ვერსიის” პუბლიკაცია. მოვლენის ერთ-ერთ მიზეზად გაზეთი ცოდნისა და დასაქმებისათვის აუცილებელი მოთხოვნების შეუსაბამობას მიიჩნევს. უმუშევრობის დონე, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მაღალია, წერს გაზეთი. ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულთა 53% სოფლის მეურნეობაზე მოდის, სადაც ლომის წილი თვითდასაქმებულია. დასაქმების მეორე ძირითადი დარგია ვაჭრობა. აქ მთელი დასაქმების 10-11 პროცენტია თავმოყრილი. ამას მოჰყვება განათლება, 8%-ით, მაგრამ განათლების სფერო ცნობილია თავისი დაბალი შემოსავლებით და ის კონკურენტ დარგად არ მიიჩნევა.

არღვევს თუ არა გადაცემა “პატრული” ადამიანის უფლებებს? – იკითხა გაზეთმა “რეზონანსმა” გასულ ხუთშაბათს. სტატიიდან ირკვევა, რომ უფლებადამცავ არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილი გადაცემას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას აბრალებს. ვიდრე სასამართლო კონკრეტული პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს, მისი დამნაშავედ შერაცხვა და პირდაპირი ეთერით ჩვენება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევაა. სხვა ქვეყნებში ასეთ დროს ეჭვმიტანილებს სახე ისე აქვთ დაფარული, რომ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია. უფლებადამცავი თეა თუთბერიძე ამტკიცებს, რომ ხშირია ფაქტები, როცა “პატრულის” თანამშრომლები სახეში ურტყამენ დაკავებულებს. გაზეთში ვკითხულობთ, რომ უფლებადამცავთა პოზიციას მთლიანად იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველიც. სოზარ სუბარის აზრით, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა არასრულწლოვანებთან დაკავშირებით. ხშირად აჩვენებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის დაკავებულებსაც, რაც საერთოდ გაუგებარია.”

გაზეთი “ახალი თაობა” შეგვახსენებს, რომ არმიის განვითარების ფონდმა დახარჯა 20 მილიონ 700 ათასი ლარი და მოჰყავს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვები, წარმოთქმული ფონდის საფინანსო წყაროთა შესახებ: “ამ ინფორმაციას ვერასოდეს გავამხელ, ვერც პარალამენტში და ვერც ვერსად, რადგან ესაა იმ ადამიანების მოთხოვნა, ვინც ამ შემოწირულობებს აკეთებს. ესენი არიან ქართველები, მათი ბიზნესი, ძირითადად, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა და ხშირად ასეთი ქველმოქმედება, შესაძლოა, მათ პირად უსაფრთხოებასთანაც იყოს დაკავშირებული,” – ვკითხულობთ “ახალ თაობაში”.

შევეხოთ 29 ოქტომბრის, შაბათის, პრესასაც. გაზეთი “ალია” მიმოიხილავს 12 ძირითად პრეტენზიას, რომელიც საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციას გაუჩნდა ახალი საგადასახადო კოდექსის მიმართ. ზოგ მათგანს ახლაც ჩამოვთვლით: ბიზნესმენებს სურთ, გამარტივდეს დავის პროცედურა მათთვის ზედმეტი გადასახადის დარიცხვისას; მოწესრიგდეს ქონების გადასახადის გაანგარიშება; ზედმეტად გადახდილი ფული დაურიგდეთ 1 თვეში, დღევანდელი 6 თვის ნაცვლად; დაიხვეწოს საგადასახადო შემოწმების წესები; კომერციული ბანკები უფასოდ არ მოემსახურონ სახელმწიფო ბიუჯეტის ინტერესებს; ყველა გადასახადის გადახდა არ მოითხოვოს სახელმწიფომ ერთსა და იმავე დროს - ყოველი თვის 15 რიცხვში. შემცირდეს აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე. ეს ბიზნესმენთა შენიშვნების მოკლე ჩამონათვალია. სრულად და კომენტარებთან ერთად წერილს შაბათის “ალიაში” წაიკითხავთ.

29 ოქტომბრის “24 საათი” კი ახალი საპარლამენტო ფრაქციის, “დემოკრატიული ფრონტის”, მიღებაზე წერს, რომელიც ფრაქციამ წინადღეს გამართა. მიღებაზე ოპოზიციონერებს პარლამენტის თავმჯდომარეც ეწვია. გაზეთი ბეჭდავს ფრაქციის სამოქმედო პრინციპს, რომელიც მისმა თვამჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა გამოაცხადა: “ჩვენ ვიქნებით ძალიან კონსტრუქციულები და ძალიან რადიკალურები”. კონსტრუქციულები ისინი იქნებიან დემოკრატიის იდეალების მიმართ, ხოლო ძალიან კრიტიკულები და რადიკალურები ყველაფერი იმის მიმართ, რასაც დემოკრატიიდან გადახვევა ჰქვია.” რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის ჩამოყალიბებას, ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია, - წერს “24 საათი”.
XS
SM
MD
LG