Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმანი სწავლულები გმობენ ბავშვების ტერორისტებად გამოყენებას


თითქმის დღე არ გავა, ერაყიდან არ გავრცელდეს ცნობა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილ აფეთქებაზე. ყველა ეს ცნობა ადამიანურ ტრაგედიაზე და, ზოგადად, ერაყში არსებულ მძიმე ვითარებაზე გვაუწყებს.

მაგრამ მათ შორისაც კი გამოირჩეოდა სამშაბათს, 1 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია: ცნობა, რომ ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში თავი აიფეთქა ბავშვმა. შეიარაღებულ დაპირისპირებებში ბავშვების ჩართვაში ახალი, სამწუხაროდ, არაფერია, მაგრამ ის, რაც ქირქუქში მოხდა - ერაყის კონფლიქტში ბავშვის კამიკაძედ გამოყენების, როგორც ჩანს, პირველ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს.

რადიო “თავისუფლება” შეეცადა გაერკვია, როგორ აფასებენ მუსლიმანურ სამყაროში ამ “სიახლეს”. თუმცა, ჯერ თვით ქირქუქის ინციდენტის შესახებ.

თვითმკვლელი მოიერიშე 10-დან 13-ამდე წლის იყო, წელზე ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ქამარი შემოერტყა და აფეთქება მოაწყო იმ მომენტში, როცა გვერდით ჩაუარა ქირქუქის პოლიციის უფროსის მანქანამ. ამის შესახებ დასავლური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. ამავე წყაროების ცნობით, ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მსხვერპლი - პოლიციის უფროსი - დაიჭრა, დაიჭრა მანქანის მძღოლიც. აფეთქების პასუხისმგებლობა რომელიმე ორგანიზაციას არ უკისრია.

აფეთქებაზე რეაქციამ კი არ დააყოვნა - ეს არის შოკი, აღშფოთება ბევრ რეგიონში, ბევრ წრეში, მათს შორის მუსლიმან სწავლულებს შორის. ის, ვინც ბავშვს თავის აფეთქებას აიძულებს, მუსლიმანი არ არისო, ირწმუნება ტაჯიკეთის ისლამური ცენტრის მაღალი რანგის წარმომადგენელი, ხოდაივერდი ეგამბერდი.

[ეგამბერდის ხმა] “ეს არ არის ისლამური ქმედება, ისლამში დაუშვებელია თვითმკვლელობა. ეს არის ტერორისტული აქტი. შესაძლოა, რაღაცას დაჰპირდნენ ბავშვსა და მის მშობლებს, მაგრამ ეს ისლამისთვის მიუღებელია”. ამ პოზიციას იზიარებს ყირგიზი სწავლული, მუფტი მურატაალი ჰაჯი ჯუმანოვი. ბავშვის გამოყენება ასაფეთქებელ მოწყობილობად მძიმე ცოდვაა ისლამშიო, ამბობს ის. [ჯუმანოვის ხმა] “ჩვენი მოციქული ამბობდა იმათზე, ვინც ბავშვებს ბოროტი ზრახვით იყენებს: “ისინი ჩვენიანები არ არიანო”.

არადა, ბავშვების ბოროტი ზრახვით გამოყენება - მეომრებად, კამიკაძებად - საკმაოდ გავრცელებულია რამდენიმე რეგიონში, მათს შორის ახლო აღმოსავლეთში. 1980-88 წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, ირანელ ჯარისკაცებს შორის ბევრი მცირეწლოვანი იბრძოდა. მათ შორის მოჰამად ჰოსეინ ფაჰმიდე - 13 წლის ბიჭუნა, რომელმაც თავი აიფეთქა ერაყული ტანკის გასანადგურებლად და ირანში (როგორც ცნობილია, ისლამურ რესპუბლიკაში) დღემდე ომის ეროვნულ გმირადაა განდიდებული.

ბავშვების მსხვერპლზე უარს არც ახლა ამბობენ: ლაპარაკია მსოფლიოში კონფლიქტების 75 პროცენტზე. მათში 18 წლამდე ასაკის 300 000-მდე გოგო-ბიჭია ჩართული. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ბავშვების შეიარაღებულ ფორმირებაში გაწევრიანების მიზეზი არის ხოლმე სიღარიბე, დისკრიმინაცია. გაეროს ბავშვთა ფონდის, უნისეფის პრეს-მდივან დამიენ პერსონას თქმით კი, ბავშვების - ჩამოუყალიბებელი პიროვნებების - ომში “ჩათრევა” არ უძნელდებათ ამის მოსურნეებს. [დამიენ პერსონას ხმა] “ნამდვილად არა მგონია, რომ ბავშვებს განსაკუთრებით იზიდავდეს ასეთი რამ, თუ მათ “ტვინის რეცხვა” არ ჩაუტარეს, ან საგანგებოდ არ გაწვრთნეს. ვერ გეტყით, შეიძლება თუ არა ტენდენციაზე ლაპარაკი - ჯერ ნაადრევია ამის თქმა”.

დამიენ პერსონა ტენდენციის ამ ეტაპზე გამორიცხვით გამოეხმაურა ბავშვის მიერ ერაყში 1 ნოემბერს მოწყობილ ტერაქტს. [დამიენ პერსონას ხმა] “უნისეფი ძალიან შეშფოთებულია ამ ძალიან სამწუხარო მოვლენით. ვფიქრობ, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთმა მხარემ არ შეიძლება გამოიყენს ბავშვები ომთან დაკავშირებული რაიმე საქმისთვის, ბომბის ჩასადებად, თუ თავის ასაფეთქებლად”.

ეს მოთხოვნა ეფუძნება გაეროს კონვენციას ბავშვის უფლებების შესახებ, რომლის შესაბამისად, აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირთა ჩართვა შეიარაღებულ კონფლიქტებში. მაგრამ აშკარაა, რომ გაეროს კონვენცია ყველაზე ვერ ახდენს შთაბეჭდილებას: ერაყში სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში ბრიტანელ და ამერიკელ სამხედროებს 170 არასრულწლოვანი მებრძოლი ჰყავთ შეპყრობილი.
XS
SM
MD
LG