Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში უცხოეთის პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს შორის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი


გასულ კვირაში უცხოეთის პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს შორის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, გაზეთ "Washington Post"-ში დაიბეჭდა.

სტატია ჟურნალისტ დანა პრისტს ეკუთვნის და მისი სათაურია: "ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ტერორიზმში ეჭვმიტანილები საიდუმლო ციხეებში ჰყავს დაკავებული".

ჟურნალისტი წერს, რომ ციხეების საიდუმლო სისტემა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ოთხი წლის წინ დააარსა და რომ სხვადასხვა დროს ეს სისტემა რვა ქვეყანაში მოქმედებდა. კონკრეტულ ადგილებს შორის დასახელებულია: ტაილანდი, ავღანეთი და მცირე ზომის საპატიმრო კუბაზე, გუანტანამოს ციხეში. ჟურნალისტი აგრეთვე წერს, რომ სისტემა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე დემოკრატიულ ქვეყანაშიც მოქმედებდა.

დანა პრისტი წერს, რომ შეერთებულ შტატებში ასეთ ციხეებს ოფიციალურ საიდუმლო დოკუმენტებში "შავ ადგილებად" მოიხსენიებენ და რომ შტატების გარეთ - სხვადასხვა ქვეყანაში - მათი არსებობისა და კონკრეტული მდებარეობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი და უშიშროების სტრუქტურების მაღალჩინოსნები ფლობენ.

ჟურნალისტი იუწყება, რომ თითქმის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვინ არის დაკავებული ასეთ ციხეებში, დაკითხვის რა ფორმებს იყენებენ მათ მიმართ ან ვინ იღებს გადაწყვეტილებას მათი პატიმრობაში ყოფნის ვადების შესახებ.

ციხეების საიდუმლო სისტემა 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ, ქაოტურ და შეშფოთებით სავსე თვეებში, შეიმუშავეს, როდესაც შეერთებული შტატები მეორე თავდასხმის მოლოდინში იყო, – ამბობს ჟურნალისტი და განაგრძობს, მას შემდეგ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ბევრჯერ იმსჯელეს ამ სისტემის ლეგალურობის, მორალურობისა და პრაქტიკულობის შესახებო.

ჟურნალისტი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მომუშავე რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ციხეების ამგვარი სისტემის დაარსებას საფუძვლად ედო სურვილი, შეერთებულ შტატებში მოქმედი შეზღუდვების გვერდის ავლით, ეჭვმიტანილები იზოლირებულ გარემოში, განუსაზღვრელი ვადით ჰყოლოდათ დაპატიმრებული.

დანა პრისტი აღნიშნავს, რომ როგორც შეერთებულ შტატებს, ისე ზოგიერთ ქვეყანას, სადაც ასეთი ციხე მოქმედებდა, ხელი მოწერილი აქვთ წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ შემუშავებული გაეროს კონვენციისთვის. მაგრამ, განაგრძობს ჟურნალისტი, საიდუმლო ციხეებში დაკითხვების დროს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ნებართვას იძლევა, გამოყენებულ იქნეს ე.წ. "გაფართოებული" მეთოდები. ამ მეთოდებიდან ბევრს გაეროს კონვენცია და შეერთებული შტატების სამხედრო კანონმდებლობა კრძალავს. მაგალითად, ასეთი ტექნიკაა ე.წ. "waterboarding"-ი, რომლის დროსაც პატიმარს დახრჩობის შთაბეჭდილება ექმნება.

სტატია იუწყება, რომ საიდუმლო ციხეების სისტემაში 100-ზე მეტი პატიმარია, რომლებიც, თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფა. დაახლოებით 30 პატიმარი ტერორიზმში მონაწილე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება და მათ განსაკუთრებით გასაიდუმლოებულ და აბსოლუტურად იზოლირებულ გარემოში ამყოფებენ. ისინი თითქმის მთელ დროს სიბნელეში ატარებენ და მათ არანაირი უფლებები არ გააჩნიათ. დანარჩენი 70 დაკავებული კი ნაკლებად მნიშვნელოვნად ითვლება.

2 ნოემბერს გაზეთ "Washington Post"-ში დაბეჭდილ ამ სტატიას დასავლეთის პრესაში ინტენსიური გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ ორ სტატიას გამოვყოფთ. 3 ნოემბერს გაზეთ "New York Times"-ში ჟურნალისტი ბობ ჰერბერტი მოკლე ანალიტიკურ ტექსტს აქვეყნებს და ამ საკითხს საკმაოდ მწვავე შეფასებას აძლევს. სტატია ასე იწყება: "სიმართლე, როცა იქნება, მაინც გაირკვევა და ისტორიკოსებიც იტყვიან თავიანთ სათქმელს. ამერიკელები სარკეში ჩაიხედავენ და შერცხვებათ." ჰერბერტი "ჭასჰინგტონ Pოსტ"-ის სტატიაზე ამბობს, რომ ამ ტექსტმა შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის დანტეს შესაფერისი სიღრმე წარმოაჩინა. ციხეების საიდუმლო სისტემაში პატიმრების უვადო დაპატიმრებას "Nეწ Yორკ თიმეს"-ის ჟურნალისტი იმ ზღვარს უწოდებს, რომლის მიღმაც "დემოკრატია ტირანიაში გადადის". იგი წერს, რომ ამ სისტემაში დაკავებული პირების ნაწილი, უდავოდ, მკვლელები არიან, რომლებიც, საშუალება რომ მიეცეთ, დიდ ზიანს მოიტანენ. მაგრამ, განაგრძობს ჟურნალისტი, იქ ისეთებიც არიან, ვისი ტერორიზმში მონაწილეობაც ნაკლებად დასტურდებაო.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების სისტემა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ აღმაშფოთებელი ქმედებებისა, რომელთაც ბუშის ადმინისტრაცია ე.წ. "ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ომში" ახორციელებსო, წერს "New York Times"-ის ჟურნალისტი და ამგვარ ქმედებათა მაგალითად შტატების მხრიდან ეგვიპტეში, იორდანიასა და სირიაში წამების პრაქტიკის დაშვება, გუანტანამოს ბაზაზე, ავღანეთსა და ერაყში ათასობით პირის თითქმის ყოველგვარი უფლების გარეშე დაკავება და ამერიკელი სამხედროების მიერ დაკავებულთა წამების ფაქტები მოჰყავს.

ბობ ჰერბერტი სტატიას ასე ამთავრებს: "ჩვენ უფრო მეტ ცუდ ამბავს შევიტყობთ – მკვლელობის, წამების და ცუდად მოპყრობის ამბებს. ამ ყველაფერს ისე შევხედავთ, როგორც ადამიანები უბედურ შემთხვევებს ადევნებენ ხოლმე თვალს. შემდეგ კი ვიკითხავთ: ნეტავ, რანაირად მოხდა ყოველივე ეს?"

4 ნოემბრის "Independent"-ში ჟურნალისტი სტიფენ ქასლი ბრიუსელიდან აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით "ევროკავშირი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გულაგს გამოიკვლევს". ქასლის თქმით, რუმინეთი და პოლონეთი ევროპის ის ქვეყნებია, სადაც ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ყველაზე დიდი ალბათობით ვარაუდობს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების აღმოჩენას. ჟურნალისტი აღნიშნავს: პოლონეთს, როგორც ევროპის კავშირის წევრ ქვეყანას, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაზე აქვს ხელი მოწერილი, ამ პირობების დარღვევამ კი შეიძლება იმის თეორიული შანსი შექმნას, რომ პოლონეთს ევროკავშირის შიგნით ხმის უფლება ჩამოერთვასო. რუმინეთი, – განაგრძობს ჟურნალისტი, – უფრო რთული პრობლემის წინაშე დგას, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიაზე საიდუმლო ციხის არსებობამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაო.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ამ კვირაში უცხოეთის პრესაში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატიის შეჯამება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG