Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“გუგულის ბუდე” და საბჭოთა ფსიქიატრია


30 წლის წინ მსოფლიო ეკრანებზე შედგა პრემიერა

ფილმისა “ვიღაცამ გუგულის ბუდეზე გადაიფრინა”, რომელმაც მის ავტორს, ჩეხოსლოვაკიელ ემიგრანტს მილოშ ფორმანს, ამერიკული “ოსკარი” და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა. თუმცა - რატომ მხოლოდ კრიტიკოსების? კენ კიზის რომანის ამ ეკრანიზაციას ხალხით სავსე დარბაზებში უჩვენებდნენ საფრანგეთსა და იაპონიაში, ავსტრალიასა და ფილიპინებზე. დიდი წარმატებით შედგა სურათის პრემიერა ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებშიც. ჯეკ ნიკოლსონის გმირის, მეკმარფის, ამბოხება იხილეს ყველგან, საბჭოთა კავშირისა და ჩეხოსლოვაკიის გარდა. პრაღამ არ დაუშვა “ქვეყნიდან გაქცეული” რეჟისორის ფილმის ჩვენება, მოსკოვმა კი სხვადასხვა ქვეყნის კინომოყვარულთა “ცრემლის არ დაიჯერა” მხოლოდ იმიტომ, რომ მილოშ ფორმანის ფილმმა კომუნისტური ხელისუფლებისთვის არცთუ ისე სასიამოვნო ასოციაციები აღძრა. საბჭოთა ფსიქიატრია და მილოშ ფორმანის კინოშედევრი... ესაა დღეს თემა ჩვენი ყოველკვირეული პროგრამისა “ოქროს საუკუნე”.

[საბჭოთა აღლუმის ხმა]

მილოშ ფორმანის ფილმი “ვიღაცამ გუგულის ბუდეზე გადაიფრინა” მსოფლიო ეკრანებზე სწორედ მაშინ გამოვიდა, როცა საბჭოთა კავშირში, აი, ასეთი აღლუმები ეწყობოდა – 1 მაისს და 7 ნოემბერს. თავად მილოშ ფორმანმა, რომელმაც ჩეხოსლოვაკია 1968 წელს პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლის შემდეგ დატოვა, საბჭოთა აღლუმებს ერთ-ერთ ინტერვიუში “კომუნისტური შიზოფრენია” უწოდა.

შიზოფრენია – ფსიქიკური დაავადებაა. შიზოფრენიით დაავადებულებს საბჭოთა ფსიქიატრიულ კლინიკებშიც მკურნალობდნენ... დაახლოებით ისე, როგორც მილოშ ფორმანის ფილმში. შიზოფრენია – აღლუმზე, პირდაპირ წითელ მოედანზე, და შიზოფრენიის დიაგნოზი ყველას, ვინც არ მოინდომებს იცხოვროს ისე, როგორც ორგანიზებული ბრბო ცხოვრობს... დაახლოებით ასე ახასიათებს ფსიქიატრი გიორგი ბერულავა ეპოქას, როცა საბჭოთა იდეოლოგებმა მილოშ ფორმანის ფილმს ჩვენი ეკრანებისკენ გზა გადაუკეტეს:

[გიორგი ბერულავას ხმა] “მგლური ინსტინქტები და კანონები მოქმედებს. ესაა კარგად ორგანიზებული, კარგად დავარცხნილი მამაკაცებისა და მკაცრად საბჭოურ სტილში ჩაცმული ქალბატონების ორგანიზებული პიროვნება... ყველამ გამოიარა ამ სივრცეში ეს დრო - დრო, როცა მკვეთრად განსაზღვრული იყო ნორმები სახელმწიფო გაბატონებული იდეოლოგიის მიერ, რაც ირეკლებოდა ფსიქიატრიაზე."

თუმცა გიორგი ბერულავა იმასაც იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირის ქალაქებში მილოშ ფორმანის ფილმის ეგრეთ წოდებულ “დახურულ ჩვენებებს” ლამის რევოლუცია მოჰყვა. 1976 წელს, მაგალითად, თბილისში კინოს სახლის დირექცია იძულებული იყო “ცხენოსანი მილიციით” გაემაგრებინა თავისი დარბაზი ფორმანის სურათის ჩვენების დროს. თბილისში ხმა გავრცელდა: “დისიდენტმა ჩეხმა, რომელმაც 60-იან წლებში ჩეხოსლოვაკიური კინოს აღორძინებას შეუწყო ხელი, ჰოლივუდში გადაიღო ფილმი საბჭოთა დისიდენტებზეო”... ამავე დროს, საბჭოთა კრიტიკა აღნიშნავდა, რომ მილოშ ფორმანმა “ამერიკული საგიჟეთი” ამხილა თავის ფილმში. თუმცა ეს კრიტიკოსები მაინც ვერ იძლეოდნენ პასუხს უბრალო მაყურებლის შეკითხვაზე: თუ “ვიღაცამ გუგულის ბუდეზე გადაიფრინა ”, მართლაც, კაპიტალისტურ სისტემას“ამხელს”, რატომ არ უჩვენებენ ფილმს საბჭოთა ეკრანებზე? ფსიქიატრ გიორგი ბერულავას აზრით, სისტემა, რომელშიც ორმაგი სტანდარტები იყო დამკვიდრებული ყველგან, - მათ შორის, ფსიქიატრიაშიც, - არ დაუშვებდა ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას:

[გიორგი ბერულავას ხმა] “ჩვენი კოლეგა, ფსიქიატრი სიმონ გლუზმანი, რომელიც დათანხმდა იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე და 4 წელიწადი ეს ჯოჯოხეთი გაიარა... რატომ? იმიტომ, რომ მან ხმა აიმაღლა. იყვნენ ათასები და ათი ათასები, რომლებიც ემორჩილებოდნენ სისტემას, მაგრამ ზუსტად ამისთანა სისტემას სწორედ სიმონ გლუზმანის მსგავსი ადამიანები უთხრიან ძირს... საზოგადოება, რომელშიც ორმაგი მორალის სტანდარტებია, რომელშიც არის სამზარეულოს ბუნტი და, ამავე დროს, მიტინგური სოლიდარობა, ის, თავისდათავად, ფსიქიკურად დაავადებულია.”

[მუსიკა “ვიღაცამ გუგულის ბუდეზე გადაიფრინა ”]

ესაა მუსიკა მილოშ ფორმანის ფილმიდან “ვიღაცამ გუგულის ბუდეზე გადაიფრინა ”, რომლის მოსმენის საშუალება საბჭოთა მაყურებელს მხოლოდ 80-იანი წლების მიწურულს მიეცა, როცა ფორმანის ფილმი ფართო ეკრანებზე გამოვიდა. თუმცა მანამდე ვიდეოკასეტა, სურათის ჩანაწერით, უკვე ხელიდან ხელში გადადიოდა. გიორგი ბერულავას თქმით, ფორმანის ფილმის გავრცელება საბჭოთა “ვიდეობაზარზე” დაემთხვა საბჭოთა ფსიქიატრთა გარიცხვას მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციიდან:

[გიორგი ბერულავას ხმა] “ არანაირი ნორმისაგან განსხვავებული საქციელი, ქცევის სხვადასხვა ტიპი, განსხვავებულობა რელიგიურ თუ გაბატონებულ მორალურ კატეგორიებთან არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფსიქიატრიული დიაგნოზის დასასმელად – ესაა ძირითადი პრინციპი, რომელიც გააჩნია მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციას, რომლის წევრები გავხდით ჩვენ, ქართველი ფსიქიატრები, 1996 წელს, გავხდით იმ სამარცხვინო ფაქტის შემდეგ, როდესაც 1983 წელს საბჭოთა ფსიქიატრთა საზოგადოება გარიცხეს ამ ორგანიზაციიდან, რადგან დამტკიცდა იქ ფსიქიატრიის ბოროტად გამოყენება პოლიტიკური მიზნებით და არამარტო პოლიტიკური მიზნებით.”(სტილი დაცულია)

გიორგი ბერულავა გვეთანხმება, რომ ფილმი “ვიღაცამ გუგულის ბუდეზე გადაიფრინა”, რა თქმა უნდა, არაა მხოლოდ ფსიქიატრიაზე, თუმცა 70-იანი წლების საბჭოთა კავშირში სურათის აკრძალვის მიზეზი მაინც, პირველ რიგში, სწორედ ფსიქიატრიის ბოროტი გამოყენება და სულით დაავადებულთა მკურნალობის ის მეთოდი უნდა ყოფილიყო, რომელიც ფილმშია წარმოჩენილი.. მით უმეტეს, რომ ყველაფერი ეს ეკრანზე კომუნისტური იდეოლოგიის პრინციპულმა მოწინააღმდეგემ მილოშ ფორმანმა ასახა. გიორგი ბერულავა სულით დაავადებულთა მკურნალობის ამ ფორმებზე გვესაუბრება:

[გიორგი ბერულავას ხმა] “მეგადოზები...საუბარია, რა თქმა უნდა, გადამეტებულ გამოყენებაზე ელექტროშოკური თერაპიისა...საქართველოში რუსეთიდან ან უკრაინიდან ჩამოსული პაციენტების გამონათქვამი ჩვენ გვახსოვს – ესაა კურორტიო. ჩვენთან მეგადოზების მიმართ მიდრეკილება გაცილებით უფრო ნაკლები იყო, ელექტროშოკის გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირებული იყო... დღეს საქართველოში ელექტროშოკურ-კომატოზური თერაპია არ ხორციელდება... შემიძლია ვთქვა, რომ ფრანგული ფსიქიატრიის, ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ფსიქიატრიის ტრადიციით, ელექტროშოკური თერაპიის გარეშე ფსიქიატრია არ არსებობს.”

ასე რომ, მილოშ ფორმანს პოლიტიკური დრამა არ გადაუღია, როგორც ამას საბჭოთა დისიდენტები ამტკიცებდნენ. “ვიღაცამ გუგულის ბუდეზე გადაიფრინა”, ერთი მხრივ, ამკვიდრებს კლასიკური ჰოლივუდის ძველთაძველ თემას – ადამიანის ამბოხებას საკუთარი ღირსების დასაცავად, მეორე მხრივ კი, ამდიდრებს ამერიკულ კინოს ევროპული კულტურის ტრადიციებით. ფორმანი არ ცდილობს იმის მტკიცებას, რომ “მთელი მსოფლიო შეიშალა” (ასეთი ფილმები ჰოლივუდში ფორმანამდეც გადაუღიათ). ფორმანისთვის უფრო მნიშვნელოვანია დაგვარწმუნოს, რომ საზოგადოება, რომელიც კონფორმიზმის ჭაობში ჩაეფლო, სულიერად დაავადებულიცაა და საშიშიც; საზოგადოება, სადაც ადამიანის ინდივიდუალობა არაფრად ფასობს, შიგნიდან ლპება და იხრწნება.

[გიორგი ბერულავას ხმა] “არის ჩვენი წინაპარი ფსიქიატრების გამონათქვამი, რომ ფსიქიკურად აშლილი არის არშემდგარი წმინდანი ან დიდი მოაზროვნე... ეს, მეორე მხრივ, არ ნიშნავს, რომ სულით ავადმყოფობის ყველა შემთხვევა რაღაცით განსაკუთრებულია. ეს ტერმინი, რომელიც ჩვენ ხშირად გვესმის და რომელიც დამკვიდრდა ჩვენს საზოგადოებაში – “სიგიჟე”, “გიჟი”... რაოდენ გაღარიბდა ჩვენი აღქმა ფსიქიკური პრობლემების...ჩვენი ენაც. ჩვენ დავივიწყეთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა: “შეშლილი”, “ბნედიანი”, “სასოწარკვეთილი”, “მხიარული”.(სტილი დაცულია)

“ვიღაცამ გუგულის ბუდეზე გადაიფრინა” მსხვერპლით მთავრდება – მეკმარფი იღუპება, მის საქმეს კი “ბუნების შვილი”, ინდიელი აგვირგვინებს: იგი გააზრებულად გაემიჯნა იმ ცივილიზაციას, რომელმაც ჩაკლა ჩვენში ყველაფერი ბუნებრივი და მანქანებად გვაქცია. ამიტომაცაა, რომ ქართველი ფსიქიატრი გიორგი ბერულავა მილოშ ფორმანის ფილმის ფინალს აღიქვამს როგორც “ჯოჯოხეთიდან გაძევებას”, უფრო სწორად, გაქცევას ჯოჯოხეთიდან:

[გიორგი ბერულავას ხმა] “როდესაც მე მესმის, რომ კოლოსალური სტრესი გადავიტანეთ... ყველაზე დიდი სტრესი ადამიანის ცხოვრებაში ეს არის დაბადება... როდესაც სამოთხიდან გამოგაძევებენ – რეალური სამოთხიდან, რომელიც არსებობს და რომელიც განცდილი გქონდა იმ ცხრა თვის განმავლობაში, ამაზე დიდი სტრესი არ არსებობს.” (სტილი დაცულია)

[მუსიკა ფილმიდან “ვიღაცამ გუგულის ბუდეზე გადაიფრინა”]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG