Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინანდალი 49 წლით ”ამბრელა კონსალტინგის” ქოლგის ქვეშ გადადის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობამ წინანდლის რეზიდენციის გრძელვადიან იჯარაში გაცემით კულტურული და ისტორიული ძეგლების კერძო ინვესტორისათვის გადაცემის პრეცედენტი შექმნა.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გასული კვირის მთავარი სკანდალი გახლდათ. გარდა იმისა, რომ მთავრობის არგუმენტები ამ ტიპის მუზეუმებისა და კულტურული ძეგლების გასხვისების ან გრძელვადიანი იჯარით გაცემის სასარგებლოდ არცთუ დამაჯერებელი იყო, ამ პროცესში საინტერესოა თავად კონკურსის ჩატარების მეთოდი - ბოლო დროს ტრადიციად ქცეული გაუმჭვირვალობა და გარიგების იურიდიული მართლზომიერება. ასევე უცნაურია ის ვადაც, რომლითაც ”სილკ როუდ ჯგუფის” შვილობილმა კომპანიამ წინანდლის რეზიდენცია უნდა აიღოს იჯარით - 49 წელი, რომლის განმავლობაშიც ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლე და ბაღი ”ამბრელა კონსალტინგის” ქოლგის ქვეშ უნდა იყოს. ოპონენტები ფიქრობენ, რომ, საბოლოოდ, სახელმწიფო სახლ-მუზეუმს, უნიკალურ ენოთეკასა და იშვიათ ექსპონატებს ვეღარ დაიბრუნებს.

გასული კვირის ”წინანდლის სკანდალმა” ის საკანონმდებლო ხარვეზებიც გამოავლინა, რომელიც ზოგადად მუზეუმების რეგულირებაში არსებობს. ამ ხარვეზებმა საშუალება მისცა ეკონომიკის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს ტენდერი იმგვარად ჩაეტარებინათ, რომ იურიდიულად შესადავებელი ბევრი არც არაფერი ყოფილიყო. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ლევან მოსახლიშვილის განმარტებით, არც წინანდლის სასახლეს, არც ბაღს და არც უძველეს ექსპონატებს, ისევე როგორც ბევრ სხვა ამ ტიპის დაწესებულებას, საქართველოში ოფიციალურად მუზეუმის სტატუსი არა აქვს:

[ლევან მოსახლიშვილის ხმა] ”ამ შემთხვევაში კანონი არ ირღვევა, იმიტომ რომ მუზეუმების უმრავლესობას საქართველოში, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო მუზეუმი, არა აქვს იურიდიული სტატუსი, ანუ ისინი მუზეუმებად არ ითვლებიან. შესაბამისად, მთლიანად ამ პროცესს თუ განვიხილავთ, ეს კანონდარღვევით არ ხორციელდება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ერთი - საკანონმდებლო ხარვეზი არსებობს ამ ნაწილში, მეორე ის, რომ ექსპონატები, რაც კი ამ სახლ-მუზეუმში იმყოფება, მთლიანად, ძალიან დაბალ ფასად არის შეფასებული და საბუღალტრო აღრიცხვას არის დაქვემდებარებული. ესეც პრობლემას წარმოადგენს - იმდენად, რამდენადაც 24 ათას ლარად არის ეს ყველაფერი შეფასებული.”(სტილი დაცულია)
ანუ წინანდლის სახლ-მუზეუმი ოფიციალურად სახლ-მუზეუმი არ არის, ხოლო შენობა-ნაგებობები და ექსპონატები ისეთსავე ჩვეულებრივ საბუღალტრო აღრიცხვას ექვემდებარებიან, როგორსაც სხვა ნებისმიერი დაწესებულების უძრავ-მოძრავი ქონება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, ალექსანდრე ჭავჭავაძის ცნობილ და უძველეს როიალს კარგა ხანია გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მას თამამად შეიძლება მივუყენოთ ცვეთისა და ამორტიზაციის კოეფიციენტი. შესაბამისად, მისი საბალანსო ღირებულება, ყველაზე იაფფასიან ახალ როიალთან შედარებით, გაცილებით ნაკლები უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სრულიად მარტივად შეიძლება იმ ფასის, ანუ 24 ათასი ლარის, გამართლება, რომლითაც ეკონომიკის სამინისტრომ შეაფასა წინანდლის რეზიდენცია, თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით.

ამ პროცესში საინტერესოა თავად ინვესტორის, ანუ მოიჯარის, ინტერესი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მუზეუმებისა და კულტურული ძეგლების კომერციული მომხიბვლელობა ნულის ტოლია და ისინი, დამთვალიერებელთა რაოდენობის მიუხედავად, თითქმის არასდროს რენტაბელურები არ არიან. ამის გამო იმთავითვე გამოითქვა ოპონენტთა ვარაუდი, რომ წინანდლის რეზიდენცია ”სილქ როუდ ჯგუფს”, უბრალოდ, ”შეაჩეჩეს”. ამასთან, ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეს მუზეუმის სტატუსი არა აქვს, მაგრამ ის ოფიციალურად უძრავი ძეგლია, ხოლო ექსპონატები არის მოძრავი ძეგლები. ამდენად, მათი ან გადაკეთება, ან შეცვლა დაუშვებელია. იგივე ეხება პარკს. შესაბამისად, ინვესტორს ამ ნაწილში რაიმე ცვლილების განხორციელება წესით ეკრძალება. მას მხოლოდ სასტუმროების ნაწილში, ანუ სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე, შეუძლია მოახდინოს ინვესტირება და მისი კომერციული მიზნებით გამოყენება. ლევან მოსახლიშვილი ფიქრობს, რომ გაცილებით მარტივი და გამართლებული იქნებოდა სწორედ ამ ნაწილის გაცემა არენდით და არა ისტორიული სასახლის ”ხურდაში მიყოლება”:

[ლევან მოსახლიშვილის ხმა] ”ჩემი აზრით, უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს ნაწილი გამოეყოთ ცალკე და მასზე გაეკეთებინათ იჯარა, თუნდაც 49 წლით, ხოლო დანარჩენ ნაწილზე - არა. მუზეუმის სტატუსის არქონა კიდევ ერთ საფრთხეს უქმნის, რადგან ეს შეიძლება გახდეს ჩაკეტილი ტიპის დაწესებულება, რომელიც მხოლოდ იმ პრივილეგირებული ხალხისთვის იქნება, რომელიც იმ სასტუმროში ჩავა დასასვენებლად თუ სხვა მიზნით.” (სტილი დაცულია)

კითხვები ამ პროცესთან დაკავშირებით გასულ კვირას უამრავი იყო და, ვშიშობ, კიდევ ბევრი იქნება. თუმცა მთავრობა, ტრადიციულად, ურყევი იყო თავის გადაწყვეტილებაში - მან ერთპრეტენდენტიანი კონკურსიც ჩაატარა და ის ერთადერთი გამარჯვებულიც გამოავლინა, რომელიც წინანდალს, სავარაუდოდ, მინიმუმ 49 წლით ჩაიბარებს.
XS
SM
MD
LG