Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ კობერიძე – 80


27 დეკემბერს საქართველოს სახალხო არტისტს ოთარ კობერიძეს

80 წელი შეუსრულდება. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება – ოთარ კობერიძეს ყველა თაობის ქართველი იცნობს. მართალია, ჩვენს ტელეარხებზე სულ უფრო იშვიათად უჩვენებენ ფილმებს მისი მონაწილეობით, მართალია, მსახიობი სცენას ჩამოშორდა და რეჟისორის როლშიც აღარ გვევლინება, ასაკის მიუხედავად, იგი მხნეობას ინარჩუნებს და აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი ათლეტური გარეგნობა, ძლიერი ხმა და ტემპერამენტი - ყველაფერი ის, რამაც ოთარ კობერიძე ქართული კინოს ვარსკვლავი გახადა - კვლავაც აოცებს მსახიობის თაყვანისმცემლებს. ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” შევეცდებით გავერკვეთ ოთარ კობერიძის პოპულარობის საიდუმლოებაში. იუბილარის შემოქმედებით ბიოგრაფიას შეგახსენებთ.

[მუსიკა “ბაში-აჩუკი”]

ეკრანზე ოთარ კობერიძე პირველად 1941 წელს გამოჩნდა – ბესარაბიელი პარტიზანის როლი შეასრულა ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში “შავი მთები”. კინოსტუდიის სკოლაში დაიწყო სწავლა, მაგრამ ომმა მოუსწრო – 1943 წელს ფრონტზე წავიდა. ომიდან დაბრუნების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო სწავლა. მოგვიანებით ჯერ სოხუმის, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო მუშაობა, თუმცა მის თეატრალურ კარიერას კინომ შეუშალა ხელი – უფრო სწორად, “ბაში- აჩუკმა”. მეტიც, 1956 წელს ლეო ესაკიას ფილმის, მართლაც რომ, არნახულმა წარმატებამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა ოთარ კობერიძეს, როგორც კინომსახიობსაც. “ბაში-აჩუკის” შემდეგ მან 70-მდე როლი განასახიერა კინოში, მაგრამ მაყურებელმა იგი, ფაქტობრივად, ბაში-აჩუკთან გააიგივა და უჭირდა კიდეც მსახიობის აღქმა სხვა როლებში.

მიზეზი მარტივია: “ბაში-აჩუკი” – საზოგადოების დაკვეთა იყო. ხალხი ამ წლებში ახალ ცვლილებებს ელოდა, აღფრთოვანებული იყო ჟერარ ფილიპის “ფანფან-ტიტათი” და ქართულ სათავგადასავლო ბესტსელერზე ოცნებობდა. შეიცვალა დრო და შეიცვალა კინოც - სტალინის ეპოქის ჰეროიკულ-რომანტიკული სტილი ასევე რომანტიკულ, მაგრამ “ადამიანურ სტილში” გადაიზარდა. დადებით გმირზე, რაინდზე, თავისუფალ მხედარზე მოთხოვნილება კვლავაც დიდი იყო, ოღონდ ერთი განსხვავებით; მაყურებელს აღარ სურდა დათრგუნულად ეგრძნო თავი დადებითი გმირის ეკრანზე ხილვის დროს. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სწრაფად გავიდა გამოგონილი სტახანოველების მოდაც. ქართულ კინოში აშკარა იყო ეროვნული ლიტერატურის ტრადიციების აღორძინება და საქართველოს ისტორიის მიმართ ინტერესი.

ყველაფერმა ამან ბუნებრივად მოიყარა თავი ლეო ესაკიას “ბაში-აჩუკში” და ორი წლის შემდეგ გადაღებულ “მამლუქში”, რომელშიც ოთარ კობერიძემ მაჰმუდის როლი შეასრულა. ამ ეკრანული გმირების პოპულარობას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ოთარ კობერიძეს სათავგადასავლო ფილმებში დუბლიორი არ დასჭირვებია - იგი ხომ კარგი მხედარი, მოჭიდავე, მოკრივე, მოცურავე, მოფარიკავე იყო. მაგრამ მას სურდა დაემტკიცებინა, რომ არა მარტო სპორტსმენი, მომხიბლავი ათლეტი, ქალების კერპი, არამედ კარგი მსახიობიც იყო. ბედმა ამაშიც გაუმართლა – იმხანად ქართულ კინოში ახალგაზრდა თაობა მოვიდა, რომელსაც სწორედ ახალგაზრდა მსახიობებთან სურდა მუშაობა.

თენგიზ აბულაძის ფილმი “სხვისი შვილები” ქართული “ახალი ტალღის” ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განაცხადად ითვლება. აბულაძე რისკზე წავიდა და სუსტი ნებისყოფის მემანქანის, დათას, როლი ოთარ კობერიძეს შესთავაზა. საშიშროება იყო, რომ მაყურებელს არ მიეღო თავისი “ბაში-აჩუკი” ასეთ როლში. მით უმეტეს, რომ პუბლიკა მიჩვეული იყო: თუკი საბჭოთა კინოში გმირი მუშაა, იგი სპეტაკი და მორალურად მტკიცე უნდა იყოს – ოჯახშიც და სამუშაოზეც. “სხვის შვილებში” ყველაფერი პირიქითაა – საბჭოთა მშრომელი საშინელ დანაშაულს სჩადის – თავის ორ შვილს უცხო ქალს უტოვებს.

[მუსიკა. “სხვისი შვილები”]

თენგიზ აბულაძე რისკზე წავიდა, მაგრამ სწორად გათვალა კიდეც. მან იცოდა, რომ მხოლოდ ოთარ კობერიძეს აპატიებდა სტალინის ეპოქაში გაზრდილი “მორალისტი” საბჭოთა მორალისთვის მიუღებელ საქციელს. ეფექტი თითქმის ისეთივე იყო, როგორც “მიფრინავენ წეროების” პრემიერაზე – ადამიანური სისუსტე ამორალურობად და, მით უმეტეს, კრიმინალად არავის აღუქვამს. ოთარ კობერიძემ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.

თუმცა მას ყოველთვის სურდა ეთამაშა ადამიანი, რომელსაც კოლეგებზე უკეთ იცნობდა. ეს სურვილიც შეუსრულდა. 1959 წელს ნიკოლოზ სანიშვილის ფილმის “შეწყვეტილი სიმღერის” გადაღებაზე სლოვაკიის იმ კუთხეში მოუწია ყოფნა, სადაც ომის დროს იბრძოდა. ამან საოცრად ბუნებრივი გახადა გურამ გელოვანის სახე, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ნამდვილად არ იყო მოკლებული სწორხაზოვნებასა და სქემატურობას. ამიტომაცაა, ალბათ, რომ “შეწყვეტილი სიმღერის” პოპულარული მელოდიის გაგონებაზე მაყურებელს, როგორც წესი, მთავარი როლების შემსრულებლები - ოთარ კობერიძე და ლია ელიავა - ახსენდებათ ხოლმე.

[მუსიკა “შეწყვეტილი სიმღერა”. ოთარ კობერიძის გმირის ხმა]

60-იან და 70-იან წლებში ოთარ კობერიძის პოპულარობა საქართველოს საზღვრებსაც გასცდა. მას წილად ხვდა ბედნიერება ეთანამშრომლა მსოფლიო კინოს ისეთ ოსტატებთან, როგორიცაა ჯუზეპე დე სანტისი, კლაუდია კარდინალე, ჯანკარლო ჯანინი, შონ ო,კონორი, პიტერ ფინჩი. მას გადასაღებად იწვევდნენ იტალიიდან, გერმანიიდან, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა სტუდიიდან. მაგრამ მსახიობი არც ამით დაკმაყოფილებულა; 80-იან წლებში მან რეჟისურაში სცადა ბედი – გადაიღო ფილმები “ელოდეთ მეკავშირეს”, “სიბრძნის კარავი”, “ვინ არის მეოთხე” და სხვ. 1993 წელს მოიწვიეს ესენის გრილოს თეატრში, სადაც სოფოკლეს “ოიდიპოს მეფეში” ტირეზიას როლი შეასრულა. მას დღესაც ეპატიჟებიან გადასაღებად ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. თუმცა ოთარ კობერიძის ყველაზე დიდ წარმატებად მაინც “ბაში-აჩუკი” რჩება. დრო გადის და არა და არ ძველდება ქართული კინოს ეს ბესტსელერი. “კეთილი მხედრის” მოთხოვნილება საქართველოში კვლავაც დიდია. ეს ლამაზი და კეთილი მხედარი დღეს უკვე 80 წლისაა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG