Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციისა და საზოგადოების რა მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული პენსიების შესახებ კანონში


საპენსიო სისტემაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით წარმოქმნილმა ვნებათაღელვამ ხელისუფლებას საკუთარ გეგმაში მცირეოდენი ცვლილებების შეტანა უკარნახა.

საპარლამენტო ოპოზიციისა და მასთან ერთად საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნა პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დანიშვნის თაობაზე არ შესრულდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამას გადაჭრით აცხადებენ. სად არის უკანდახევა, ოპოზიციის რა მოთხოვნებს გაითვალისწინებს უმრავლესობა პენსიების შესახებ კანონის მიღებისას?


კანონპროექტი სახელმწიფო პენსიების შესახებ იდეალური არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე სახელმწიფოს უკეთესის შემუშავება არ შეუძლია - ასეთია ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხი პენსიონერთა საპროტესტო აქციაზე, რომელიც პარლამენტის შენობის წინ ბოლო დღეებში იმართებოდა. პენსიონერთა გამოსვლების ორგანიზატორებმა ტაიმ - აუტი აიღეს. კანონპროექტის მეორე მოსმენაზე ( რაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოხდება) ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი” კენჭისყრაზე თავისი ალტერნატიული წინადადებების დაყენებას მოითხოვს. მთავარი იქნება წინადადება სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიების დანიშვნის თაობაზე და თუ პარლამენტი მას ჩააგდებს, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური და ”დემოკრატიული ფრონტის” სხვა წარმომადგენლები პენსიონერებს ისევ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. უმრავლესობაში არსებული განწყობილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ოპოზიციას ქუჩის აქციების განახლება აუცილებლად მოუწევს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის მიღებისას ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული:


[ელენე თევდორაძის ხმა] ”რაზედაც ისინი ატარებდნენ აქციებს, ეს მოთხოვნა ვერ იქნება გათვალისწინებული, - ვგულისხმობ სტაჟის მიხედვით პენსიის დანიშვნას. ამის საშუალება სახელმწიფოს არა აქვს. ის, რაც კეთდება, არის იმის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს. ”


რას აღწევს და რას ვერ აღწევს ოპოზიცია პენსიონერების ქუჩაში გამოყვანით? ამ შეკითხვით კობა დავითაშვილსაც მივმართეთ.


]კობა დავითაშვილის ხმა] ” საშუალება ექნებათ ქალებს თვითონ გადაწყვიტონ, 60 წლის ასაკში გავიდნენ პენსიაზე თუ 61 ან 62 წლის ასაკში. დამსახურებაზე და სტაჟზე არ მოდიან; ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ კიდევ, არის ის, რომ უფლება მიეცეს პენსიონერს, იმუშაოს კერძო სექტორში და ხელფასთან ერთად მიიღოს პენსიაც. ”


უმრავლესობამ, შესაძლოა, გაითვალისწინოს კობა დავითაშვილის ახალი ინიციატივა იმის თაობაზე, რომ დათქვან, დღევანდელი მოთხოვნები იმ დროისთვის მაინც იქნეს მხედველობაში მიღებული, როცა საპენსიო რეფორმის განხორციელება დაიწყება, - თქვა ჩვენთან საუბრისას ელენე თევდორაძემ. მისივე თქმით, ის, რაც დღეს ხდება, შორს არის რეფორმისგან. რეფორმა ოდესმე, ალბათ, მოიტანს პენსიებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, მანამდე კი მოსალოდნელი სიახლეები ასეთია:


[ელენე თევდორაძის ხმა] ”წლის განმავლობაში პენსია 28 ლარიდან 38 ლარამდე გაიზრდება. სიახლე არის ის, რომ ომის ინვალიდები 60 ლარის ნაცვლად მიიღებენ 80 ლარს. მარჩენალდაკარგულებს ემატებათ 22 ლარი. იქნება ზღვარი და ვისაც განსაკუთრებით მაღალი პენსია ჰქონდა, აღარ ექნება ასეთი მაღალი. ”


უმრავლესობა, შესაძლოა, არ წავიდეს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის სახელფასო და საპენსიო დანამატების მოხსნაზე. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს მაღალმთიანი რეგიონების ჩამონათვალის გადახედვა. ამას გარდა, არის შესაძლებლობა, მოთხოვნილ იქნეს რეპრესირებულთა პენსიის ოდენობის გაზრდა.
XS
SM
MD
LG