Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მტკნარი წყალი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების საფუძველი


საქართველოს დაბალმინერალიზებული მტკნარი სასმელი წყალი ეროვნული ეკონომიკის აღორძინების კონკურენტუნარიანი უპირატესობის მქონე ერთადერთი

ბუნებრივი რესურსია. ასე მიიჩნევს ქართველ მეცნიერთა ერთი ჯგუფი, რომელმაც ამ მიზნით უკვე ორი კვირაა დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ეკონომიკური აღმავლობისათვის“. მოძრაობამ მტკნარი წყლის კონცეფცია სპეციალურ ფორუმზე განსახილველად დღეს წარადგინა.

საქართველოს სასმელი წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების კონცეფცია საზოგადოების ფართო სამსჯავროზე პროექტის ავტორმა, საინჟინრო აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა, პაატა გიორგაძემ თავად წარადგინა. მისი და მეცნიერთა ჯგუფის გათვლებით, ამ პროექტის განხორციელებაზე პირდაპირაა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური აღმასვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, სახელმწიფოს შიდა და გარე ვალის დაფარვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც კი. ანუ მტკნარი წყალი ხდება საქართველო მსოფლიო ბაზარში ჩართვის მექანიზმი და ქვეყნის ეკონომიკის საყრდენი:


[პაატა გიორგაძის ხმა]“ 400 000 კაცი საქმდება, სამრეწველო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დასაქმებით, სადღაც, ჩვენი გათვლებით, 900–დან 1200 ლარამდე ანაზღაურებით. აქვე არის რეგიონალური განვითარების პრინციპები მიდგმული. თუ რიონისა და ცხენისწყლის ჭალებში ჩვენ თავს მოვუყრით მთელს საწარმოო სიმძლავრეებს, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება ძალიან დიდი საწარმოო გიგანტები გაშენდეს, მაგრამ ამ გზით ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეთ. რამეთუ ჩვენ გვრჩება რეგიონები, სადაც ფულის ერთეულს ვერ ცნობენ, როგორია ფული, ის არ იციან. იმ რეგიონებში უნდა დასაქმდეს ხალხი, იმ დაბებში უნდა დასაქმდეს ხალხი.“



პროექტის ავტორის პაატა გიორგაძის თქმით, საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების მიზნით გამოსაყენებელი მტკნარი სასმელი წყლის საექსპლუატაციო რაოდენობა საქართველოში წამში 301 კუბური მეტრია, აქედან ხანგრძლივი პერიოდით გათვალისწინებული საექსპლუატაციო რაოდენობა მხოლოდ 2, 5 კუბური მეტრია წამში. მაშინ, როცა მსოფლიოში მცხოვრები 6 მილიარდი ადამიანიდან 2 მილიარდი სასმელი წყლით სარგებლობის მაღალი დეფიციტის რეგიონებში ცხოვრობს, კონცეფციის თანახმად, საქართველოს აქვს პოტენციალი მტკნარი წყლის ერთ–ერთ ყველაზე მძლავრ ექსპორტიორად იქცეს.


[პაატა გიორგაძის ხმა] “ვუფორმებთ ხელშეკრულებას 15 წლის მანძილზე, 10 წლის მანძილზე, როგორც შევთანხმდებით, ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად, იმ წამყვან ქვეყნებთან. დანარჩენს ჩვენ არ ვეხებით. ჩვენ დაფასოებულ 1 ლიტრ წყალს ვაძლევთ ადგილზევე, ანაზღაურებას ვღებულობთ, საქმდება ჩვენი მუშახელი, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების მოცულობით. ჩვენ გასაღებაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ვუმზადებთ და ვაძლევთ.“ (სტილი დაცულია)


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კონცეფცია ჯერ არ გამხდარა სახელმწიფოს უშუალო დაინტერესების საგანი, პროექტის ავტორები გვარწმუნებენ, რომ დღესვე, სპეციალური ინფრასტრუქტურის განვითარებამდე, საქართველოს აქვს პოტენცია 50 მილიონი ტონა წყალი გაატაროს. ერთი ლიტრი წყლის ფიქსირებულ ღირებულებად პაატა გიორგაძე 30 ცენტს ასახელებს:


[პაატა გიორგაძის ხმა]“ 30 ცენტის პირობებში, ყოველწლიური შემოსავალი, პირველი ვარიანტით, სცენარი პირველი - 15 მილიარდი დოლარი. სამი მილიარდით ბიუჯეტი ივსება. მეორე სცენარის მიხედვით, 2008 წლისთვის ბიუჯეტი შეივსება 6 მილიარდი დოლარით.“(სტილი დაცულია)


ქვეყნის სოციალ–ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშემწყობ კონცეფციაზე „წყალი–ეროვნული სიმდიდრე“ მუშაობა მეცნიერთა ჯგუფმა 2004 წყლის თებერვალში დაასრულა. ჩატარებულია გრანდიოზული სამუშაოები, საქართველოს ოლქებში წყლის გამოყოფის საბალანსო სქემით დაწყებული, საქართველოს ტერიტორიული დარაიონების სპეციალური რუქებით დამთავრებული. კონცეფციას საინჟინრო და ეკონომიკური პროფილის მეცნიერები, უდავოდ, ანგარიშგასაწევ პროექტად მიიჩნევენ, რაც მისმა ერთ–ერთმა პირველმა საჯარო განხილვამაც ცხადყო. ჯერი ახლა მთავრობაზეა.
XS
SM
MD
LG