Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ფასად მიიღებს საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს


20 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა "გაზპრომის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ რიაზანოვი. მისი ვიზიტის მთავარ მიზანს ქართულ მხარესთან გაზის

იმპორტირებისა და ტრანზიტის საფასურზე მოლაპარაკება წარმოადგენს. როგორც ცნობილია, რუსეთი აპირებს 2006 წლის 1 იანვრიდან საქართველოსთვის მიწოდებული 1000 კუბური მეტრი გაზის საფასური 65-დან 110 აშშ დოლარამდე გაზარდოს. ოფიციალური თბილისი თანახმაა აღნიშნული თანხა გადაიხადოს, ოღონდ კი მოსკოვმა კიდევ არ შეცვალოს გაზის საფასური, როგორც მოხდა უკრაინის შემთხვევაში.


ალექსანდრ რიაზანოვი თბილისში ჯერ კიდევ 14 დეკემბერს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მისი ვიზიტი “გაზპრომისა” და უკრაინის მოლაპარაკების გამო გადაიდო. როგორც ცნობილია, მოსკოვმა კიევს გაზის 50-დან 160 დოლარამდე გაძვირება შესთავაზა, ბოლო ეტაპზე კი გაზის საფასურის 230 დოლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ასეთი სცენარის ეშინია თბილისსაც, რომელიც დიდად არ შეწინააღმდეგებია მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ საფასურს. ეს ირკვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებიდანაც:


[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ” ’გაზპრომმა’ კიდევ ერთხელ დაადასტურა მოცულობა, რომელსაც საქართველო მიიღებს მომავალ წელს. “გაზპრომმა” ასევე განაცხადა, რომ რეგიონში ფასი იქნება უნივერსალური, 1000 კუბმეტრზე 110 დოლარი, და, შესაბამისად, ეს საკითხები ჩვენ აღარ განგვიხილავს.”


მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მხარეებმა გამოაცხადეს, რომ მსჯელობის მთავარი საგანი საქართველო-რუსეთის ერთობლივი საწარმოს შექმნისა და საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი გაზის ტრანზიტის საფასური იყო. ოფიციალური თბილისი რუსეთიდან სომხეთში მიმავალ ყოველ 100 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 30 აშშ დოლარს ითხოვს ნაცვლად უწინდელი 6-ისა. ალექსანდრ რიაზანოვის კომენტარი:


[ალექსანდრ რიაზანოვის ხმა] ”სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის ფასი - ჩვენი აზრით, ეს ხელშეკრულება არ შეესაბამება საბაზრო ურთიერთობებს ევროპაში, მთელ მსოფლიოში და რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო სწორია და გონივრული, გადახდა მოხდეს ტარიფის მიხედვით - ფულით და არა გაზის 10 პროცენტით, რომელიც ამ მილით სომხეთს მიეწოდება. ჩვენ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებას.”


კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მეორე საკითხთან დაკავშირებითაც, რომელიც უფრო მეტად აინტერესებს რუსეთის მხარეს. ესაა საქართველოს ქვეყნისშიდა გაზის ინფრასტრუქტურის საკითხი და სომხეთში მიმავალი გაზსადენის ექსპლუატაციის თემა.


ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტისას გადაწყდა, რომ, თანაბარი წილობრივი მონაწილეობით, შეიქმნას ერთობლივი კომპანია, სახელწოდებით ”საქრუსგაზპრომი”.


როგორც ადრე ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, ერთობლივი საწარმო საქართველოში დაფუძნდება და მის ფუნქციებში შევა მაგისტრალური გაზსადენის მდგომარეობის კონტროლი. ამასთან, თავად გაზსადენი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.


ქართული მხარე დაინტერესებულია, რომ ახალი საწარმოს ერთ-ერთი ძირითადი სფერო რაიონებში გაზის ინფრასტრუქტურის განვითარება გახდეს.

20 დეკემბერს თბილისში გამართული მოლაპარაკებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებს 2006 წლის პირველი კვარტალის ბოლომდე გადაწყვეტენ.
XS
SM
MD
LG