Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქართული ლირიკა” – გადარჩენის შანსი


“ვაჟა-ფშაველას თარგმანში მე გააზრებულად გადავუხვიე

დედანს” – სწერდა 70 წლის წინ ბორის პასტერნაკი იოსებ სტალინს. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების თარგმანი შევიდა პასტერნაკის “ქართულ ლირიკაში”, წიგნში, რომელიც სწორედ მაშინ გამოვიდა, როცა კრემლმა საბჭოთა მწერლებს შორის კონტრრევოლუციონერთა გამოვლენის კამპანია დაიწყო, როცა სტალინის მისამართზე გაგზავნილი ყველა ბარათი მკაცრ ცენზურას გადიოდა. ეს ბარათები და საბჭოთა მწერლების ახალი ნაწარმოებები “კონტრრევოლუციურ საქმიანობაში” შემჩნეულ მწერლებს თავის გადარჩენის შანსს აძლევდა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” გიამბობთ მწერალთა დევნის იმ ფორმებზე, რომელთა დამკვიდრება კრემლმა ზუსტად 70 წლის წინ დაიწყო.


“სამზარეულოს დისიდენტები” – ასე შეარქვეს 60-იან წლებში იმ რუს “ფიზიკოსებს და ლირიკოსებს”, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მიმართ პროტესტს ღიად არ გამოხატავდნენ. ისინი სამზარეულოში იკრიბებოდნენ, ჩაის სვამდნენ, “ფიზიკასა და ლირიკაზე” საუბრობდნენ – სიცოცხლის საზრისზე, ღმერთზე, პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლაზე, უსმენდნენ ბულატ ოკუჯავას, კითხულობდნენ ლექსებსა და მოთხრობებს, რომელთაც საბჭოთა ლიტერატურულ ჟურნალებში ვერასდროს დაბეჭდავდნენ.


[მუსიკა. ბულატ ოკუჯავა]

ასეთი “სამზარეულოები” 60-იანი და 70-იანი წლების მოსკოვური ბინების იერსახედაა მიჩნეული. თუმცა ისტორიაში ცარიელ ადგილას არაფერი ჩნდება. 60-იანი წლების ეგრეთ წოდებული “ხრუშჩოვკებისგან” განსხვავებით, 30-იანი წლების საბჭოთა სახლებში სამზარეულო უფრო ფართო იყო, ბინის კედლები უფრო სქელი... ყოველ შემთხვევაში, ასე იყო იმ სახლებში, რომლებშიც ცნობილი საბჭოთა მწერლები ცხოვრობდნენ. თავის დროზე ბოლშევიკური რევოლუციისადმი მიძღვნილი პოემების, რომანების, პიესების, ლექსების გამო, ხელისუფლებამ ეს ხალხი ორდენებით, მანქანებით, საუკეთესო ბინებით დააჯილდოვა. მაგრამ 70 წლის წინ, როცა ქვეყანაში კუდიანებზე ნადირობა დაიწყო, კაგებე დაინტერესდა, თუ რის შესახებ საუბრობს ეს ხალხი სამზარეულოებში.


1935 წლის 28 მაისს კაგებეს ლენინგრადის განყოფილების შეფმა ლუპეკინმა ენკავედეს - კერძოდ კი, ჟდანოვს - ვრცელი წერილი, ეგრეთ წოდებული “მოხსენებითი ბარათი”, გაუგზავნა. ეს პირველი საბჭოთა დოკუმენტია, რომელიც ამტკიცებს, რომ კრემლი ახლა უკვე ღიად მიმართავს მწერლების თვალთვალსა და მოსმენას.


მოხსენებით ბარათში უამრავი საბჭოთა მწერლის გვარი სახელდება. მწერლები, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ მოახლოებულ საშიშროებას. ზოგიერთი მწერალი, რომელსაც ლიტერატურულ ჟურნალებში აღარაფერს უბეჭდავენ, ხალხმრავალ ადგილებში ბედავს თავისი გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების კითხვას. რადგან ამ ნაწარმოებების შინარსს ჩვენ არ ვიცნობთ, ძნელია დღეს იმის თქმა, რამ გააღიზიანა კაგებე – თავად მწერლების ნაწარმოებებმა თუ მათი ქცევის მანერამ. საეჭვოა, რომელიმე საბჭოთა მწერალს იმხანად ანტიკომუნისტური ოპუსი შეექმნა. მიუხედავად ამისა, იმ მწერლებს, რომლებიც თავიანთ გამოუქვეყნებელ ნაწარმოებებს კითხულობენ, დოკუმენტის ავტორი “ნაციონალისტებს”, “შოვინისტებს”, “იმპერიალიზმის აგენტებს” უწოდებს.


[ტექსტი] “გაცნობებთ, რომ მწერლების - ტიხონოვის, კაზაკოვის, ზაბოლოცკის ბინებში მწერლები ხშირად იკრიბებიან და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების შესახებ მსჯელობენ... ლენინგრადელი პოეტი კორნილოვი ნაციონალისტია, რომელიც კულაკების იდეოლოგიას ქადაგებს... თავის ნაწარმოებებს იგი რესტორნებსა და ლუდხანებში კითხულობს. კორნილოვის ბოჰემური, ანტისაბჭოთა მრწამსი განსაკუთრებით წარმოჩნდა მის ერთ-ერთ უკანასკნელ ლექსში ‘არაყი’.”


ჟდანოვის მისამართით გაგზავნილ ამ საიდუმლო ბარათში, რომელსაც რუსეთის საზოგადოება პირველად 1994 წელს ჟურნალ “ზვეზდაში” გაეცნო, აგენტურა მითითებული არაა, თუმცა ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ საბჭოთა უშიშროებას უკვე ჰყავს თავისი ხალხი მწერალთა წრეებში.


[ტექსტი] “ახალგაზრდა მწერლების, კონტრრევოლუციური ჯგუფის აქტივისტების დაპატიმრების შემდეგ, მწერალმა სკონიმსკიმ კაზაკოვთან საუბარში აღნიშნა: “ჩემი აზრით, ახალგაზრდობის დაპატიმრებები ჯერ მხოლოდ იწყება, მალე ჩვენც დაგვიჭერენ, ძველი თაობის წარმომადგენლებს. ჩვენ ხომ “პოლიტიკურად მერყევ” ხალხად ვითვლებით”. კაზაკოვის კითხვაზე, “რა უნდა იყოს მაშინ გამოსავალი?”, სკომინსკიმ დასძინა, რომ, მისი აზრით, “აუცილებელია ყველანაირ საზოგადოებრივ საქმიანობაზე უარის თქმა, სახლში ჯდომა, შემოქმედებითი მოღვაწეობა და ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენაზე უარის თქმა.”


70 წლის წინ საბჭოთა მწერლები, რომლებიც, სხვათა შორის, მწერალთა კავშირიდან გარკვეულ გასამრჯელოს იღებდნენ, თავშესაფარს საკუთარ სახლებში ეძებენ. მათ ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ დევიზს “ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა” საბჭოთა უშიშროება “იმპერიალისტების მონაჩმახად” მიიჩნევს. მათ, როგორც ჩანს, გულიც კი არ უგრძნობთ, რა დაიწყება ქვეყანაში სულ რამდენიმე თვის შემდეგ.


თუმცა მწერალთა შორის 70 წლის წინათაც გამოჩნდნენ ისინი, ვისაც ინტუიცია არ ღალატობდა. ერთ-ერთი - ბორის პასტერნაკი აღმოჩნდა. 1935 წლის ოქტომბერში ლენინგრადში დააპატიმრეს ანა ახმატოვას მეუღლე და შვილი. ახმატოვამ და პასტერნაკმა სტალინს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც დაპატიმრებულების განთავისუფლებას სთხოვდნენ. მათმა თხოვნამ გაჭრა – სტალინმა ახმატოვას ოჯახის წევრები იმავე საღამოს გაათავისუფლა.


1935 წლის 5 დეკემბერს პასტერნაკი სტალინს კიდევ ერთ წერილს უგზავნის. თავდაპირველად მწერალი ბოდიშს უხდის ბელადს, რომ ახმატოვას ოჯახის წევრების განთავისუფლებას მაშინვე არ გამოეხმაურა. თუმცა წერილის ტექსტის გაცნობის შემდეგ ნათელი ხდება, რომ პასტერნაკს ახლა სულ სხვა რამ აწუხებს – იგი მოახლოებულ საფრთხეს გრძნობს.


[მუსიკა]


წერილში პასტერნაკი აღიარებს, რომ სტალინთან რაღაც იდუმალი გრძნობა აკავშირებს... რომ მას ურჩიეს, შეამოკლოს სტალინის მისამართით გაგზავნილი წერილი... პასტერნაკმა ეს დავალება შეასრულა, თუმცა, მისივე სიტყვებით, “ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ამ წერილის ავტორი იგი აღარ არის.” რას ნიშნავს ეს? რატომ დასჭირდა პასტერნაკს თავისივე წერილის “ისტორიის” აღიარება? იმიტომ ხომ არა, რომ მომავალ თაობებთან საბოდიშო არაფერი ჰქონოდა. დღეს ხომ არავინ იცის, კონკრეტულად რა შეამოკლებინეს მწერალს სტალინის მისამართით გაგზავნილ წერილში.


[პასტერნაკის წერილი] “ქართული ლირიკა” სუსტი და დამოუკიდებლობას მოკლებული ნაშრომია. ამ ნაწარმოების ღირსება მხოლოდ და მხოლოდ თავად ავტორები, შესანიშნავი ქართველი პოეტებია.”


1935 წლის 5 დეკემბერს “პრავდაში” დაიბეჭდა სტატია “ვლადიმერ მაიაკოვსკი”, რომელსაც საფუძვლად სტალინის რეზოლუცია დაედო. მაიაკოვსკის სტალინისეულ დახასიათებაში სიტყვა “ყველაზე ნიჭიერი” შეიცვალა სიტყვით “ნიჭიერი”. ამ ცვლილებას მაშინ მხოლოდ ლილი ბრიკმა მიაქცია ყურადღება. სტალინის მისამართით გაგზავნილ წერილში ბელადის რეზოლუციას მოულოდნელად პასტერნაკიც გამოეხმაურა - პასტერნაკი მადლობას უხდის სტალინს მაიაკოვსკის ასეთი შეფასებისთვის, თუმცა არ იმჩნევს, როგორ შეცვალა სტალინმა მაიაკოვსკის დახასიათება:


[პასტერნაკის წერილი] “თქვენმა ამ სიტყვებმა ღრმად ამომასუნთქა. ბოლო დროს, დასავლეთის გავლენით, ჩემს მოღვაწეობას აზვიადებდნენ, რამაც დამაავადა კიდეც. მიიჩნიეს, რომ ჩემში რაღაც სერიოზული მხატვრული ძალა ბუდობს. ახლა, როცა თქვენ პირველ ადგილზე მაიაკოვსკი დააყენეთ, ჩემ მიმართ ეს ეჭვი მოხსნილია და მე მეძლევა მშვიდად მუშაობის საშუალება იდუმალებით მოცულ გარემოში, რის გარეშეც მე სიცოცხლე არ მეყვარებოდა.

ამ იდუმალების სახელით, თქვენ მიმართ

მხურვალე სიყვარულითა და ერთგულებით

ბორის პასტერნაკი”


იმ მწერლების მსგავსად, რომლებიც 70 წლის წინ თავს აფარებდნენ სამზარეულოებს ან “იდუმალებით მოცულ გარემოს”, პასტერნაკი აქ თითქოს ფიცს დებს, რომ არც პოლიტიკაში ჩაერევა და არც ხმამაღლა გამოთქვამს თავის აზრებს. ფიცს დებს, რომ საკუთარ თავს “თავად დააპატიმრებს”, ოღონდ ბელადმა სიცოცხლე შეუნარჩუნოს... ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მწერალი “იდუმალების სახელით” იფიცავს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG