Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკითხზე განახლდება საქართველოსა და ”გაზპრომის” მოლაპარაკება


2005 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებასა და ”გაზპრომს” შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 2006 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი

აირის ფასი 110 აშშ დოლარი გახდა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკების მაგიდას კვლავ მიუსხდებიან მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ბოლომდე. მოლაპარაკების თემა სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასური და მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება იქნება. მე შევეცადე გამერკვია, “გაზპრომისა” და საქართველოს წარმომადგენლების შემდგომ მოლაპარკებებზე კვლავ იმსჯელებენ თუ არა გაზის გაზრდილი ტარიფის შესახებ.

როგორც ცნობილია, რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომმა” 2006 წლის აპრილამდე გადადო სომხეთისთვის ბუნებრივი აირის გაძვირება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკრაინამ საკმაოდ ხელსაყრელ პირობებზე შეძლო ”გაზპრომის” დაყოლიება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ხომ არ ეცდება საქართველოს ხელისუფლება კვლავ წამოსწიოს გაზის ტარიფის საკითხი?

ასეთ შესაძლებლობას უარყოფენ როგორც ქართველი ჩინოვნიკები, ასევე “გაზპრომი” წარმომადგენლები. საქართველოში “გაზპრომის” შვილობილი კომპანიის, ”გაზექსპორტის”, ხელმძღვანელი დავით მორჩილაძე თემას ამოწურულად მიიჩნევს:

[დავით მორჩილაძის ხმა] ”ყველაფერი დამთავრდა, მოეწერა ხელშეკრულებებს ხელი...”

ტარიფის საკითხი რომ ამოწურულია, ამაზე მეტყველებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებაც, რომელიც მან 2005 წლის ბოლო დღეებში გააკეთა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”კიდევ ერთხელ დაადასტურა “გაზპრომმა”, რომ რეგიონში გაზის ფასი იქნება უნივერსალური 110 დოლარი 1000 კუბმეტრზე და ეს საკითხები ჩვენ აღარ განგვიხილავს.”

უბრალოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთში გაზი მხოლოდ 1 აპრილიდან გაძვირდება. ეს “გაზპრომს” მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. მანამდე კი მოლაპარაკება მიმდინარეობს სომხეთში მდებარე როზდანის თბოელექტროსადგურის შეძენის თაობაზე. “გაზპრომი” არ ფარავს, რომ როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში გაზის ტრანსპორტირებისა და მოხმარების სისტემების შეძენითაა დაინტერესებული. საქმე ისაა, რომ 2007 წლის ბოლოსთვის უნდა დამთავრდეს ირან-სომხეთის გაზსადენის მშენებლობა და თუ ამ დროისთვის “გაზპრომის” ხელში იქნება ტრანსკავკასიური მილსადენი, იგი ევროპაში ირანული გაზის ექსპორტიორი გახდება. ეს გეგმები კარგადაა ცნობილი ენერგოუსაფრთხოების ნებისმიერი ექსპერტისთვის. შესაბამისად, არც ის არის ძნელად გასაგები, თუ რატომ ურჩევს ამერიკის შერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას ხელი აიღოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების განზრახვაზე.

არადა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტი ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულა გაზსადენის პრივატიზების საკითხის შესახებ. ”ყველაფრის გაყიდვის” პოლიტიკის მთავარ იდეოლოგს, სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძეს არ სურს გაზსადენის პრივატიზების გადაწყვეტილების მიღებისას რჩევებს დასავლეთს დაეკითხოს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ევროპელები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს “გაზპრომისთვის”, ეგენი უნდა გვიშლიდნენ “გაზპრომთან” ურთიერთობას? ევროპაც და ამერიკაც. ამერიკამ ჯერ მოუაროს ევროპას და მერე მოვიდეს ჩვენთან. რა, დაბალი ღობე ნახა?”(სტილი დაცულია)

მთავრობის ეკონომიკური გუნდის სხვა წარმომადგენლები კი, მათ შორის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძეც, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ინტერესების გათვალისწინების მომხრეა:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”არასოდეს არ თქვა “არასოდეს”. უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის, ინტერესი.”

მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ბოლომდე დაგეგმილ საქართველო-”გაზპრომის” მოლაპარაკებებზე, მაგისტრალური მილსადენის საკითხთან ერთად, მსჯელობა გაიმართება გაზის ტრანსპორტირების ტარიფისა და ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხებზეც.
XS
SM
MD
LG