Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტ ლაარი - ”კარგად ვიცოდით, რომ რეფორმების გატარების გამო ძალიან მალე გაგვყრიდნენ”


24 წლის წინ ახლადდაქორწინებული ესტონელი სტუდენტი მეუღლესთან ერთად თაფლობის თვის გასატარებლად საქართველოში ჩამოვიდა.

მოგზაურობა სოხუმიდან დაიწყეს. სტუდენტები იყვნენ და ჯიბეც ცარიელი ჰქონდათ. ტარტუს უნივერსიტეტში ჩატარებულ ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვეს. დაწესებული პრიზი იყო თვითმფრინავის ბილეთი ნებისმიერ ადგილას ევროპაში, ან საბჭოთა კავშირის რომელიმე ქვეყანაში. მათ რატომღაც საქართველო აირჩიეს. ეს იყო 1982 წელს. ათი წლის შემდეგ 32 წლის, პროფესიით ისტორიკოსი მარტ ლაარი დამოუკიდებელი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი გახდა და დაიწყო ესტონეთის ეკონომიკის სვლა საბაზრო ეკონომიკისკენ. მისი პრემიერ-მინისტრობის პირველი ხანა ესტონეთში ორ წელიწადში დასრულდა. თუმცა, 1999 წელს მარტ ლაარი მეორედ ჩაუდგა სათავეში ესტონეთის მთავრობას, რომელსაც ესტონეთის ეკონომიკა კრიზისიდან უნდა გამოეყვანა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია შეუქცევად პროცესად ექცია. 2002 წლის დასაწყისში ლაარმა გადადგომის შესახებ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მიიჩნია, რომ სამთავრობო კოალიციაში წარმოქმნილი პოლიტიკური უთანხმოება ესტონეთის ევროკავშირში შესვლის პერსპექტივას ზიანს მოუტანდა. 2004 წელს ესტონეთი ევროკავშირის წევრი გახდა. დღეს არავინ დაობს, რომ სწორედ მარტ ლაარის ხელმძღვანელობით გატარებულმა რეფორმებმა განაპირობა ესტონეთის წარმატებული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. დღეს მარტ ლაარი ესტონეთის პარლამენტის წევრია.
18 იანვარს მარტ ლაარი სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძის მიწვევით თბილისში ჩავიდა. ვიზიტის დასაწყისშივე ის რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ეწვია. თავის დროზე ის თავადაც თანამშრომლობდა ”რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების” ესტონურ სამსახურთან. მარტ ლაართან ინტერვიუ ნინო გელაშვილმა ჩაწერა:

-
როგორც იცით, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრთა უმრავლესობა, პარლამენტის ბევრი წევრი ძალიან ახალგაზრდები არიან. ამბობენ, რომ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ქვეყნის მართვის სწავლა. თუკი თქვენს გამოცდილებას შევხედავთ, გამოდის, რომ ასაკი არაფერ შუაშია.

-
ზუსტად ეგრეა.

-
მაშ რა არის შუაში?

-
სინამდვილეში ასაკს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სრულიად საპირისპირო თვალსაზრისით. როდესაც ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაშია, მას სჭირდება ძალიან ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რადგან მათ არ აქვთ ის მავნე გამოცდილება, რაც ხანდაზმულებს, ისინი გაბედულად იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს არ ნიშნავს, რომ მათი გადაწყვეტილებები ყოველთვის პოპულარული იქნება, მაგრამ ისინი გააკეთებენ თავის საქმეს. როდესაც მე პირველად გავხდი პრემიერ-მინისტრი, 32-ის ვიყავი. სინამდვილეში მე არ ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრთა კაბინეტში: ჩვენი იუსტიციის მინისტრი 27 წლის იყო, საგარეო საქმეთა მინისტრი 26-ს, თავდაცვის მინისტრიც 27-ს იყო. ასე რომ, მე საკმაოდ ”ხნიერი” ვიყავი.

-
თქვენი ხასიათის უმთავრეს შტრიხად ექსპერტები ასახელებენ გადაწყვეტილებების მიღების უნარს. თქვენ გითქვამთ, რომ არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის კარგი იქნება. გამოდის, რომ ვიღაც წაგებულია და ვიღაც გამარჯვებული. შეგიძლიათ მითხრათ, ვინ შეიძლება ”გაწიროს” მთავრობამ და ვის მისცეს პრივილეგია რეფორმების განხორციელებისას?

-
არა მგონია მართებული იყოს დამარცხებულებზე და გამარჯვებულებზე ლაპარაკი. საქმე ის გახლავთ, რომ ხალხს არ უყვარს რეფორმები იმიტომ, რომ რეფორმების შედეგად მათი ცხოვრება ძალიან იცვლება და ცვლილება არ არის ყოველთვის სასურველი რამ. ამის მიუხედავად, როდესაც რეფორმებს ახორციელებ (განსაკუთრებით როცა საქმე ეკონომიკის განვითარებას ეხება), მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოგებული დარჩეს. როდესაც აღწევს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, ასეც ხდება. როდესაც აღმოფხვრი კორუფციას, ეს ავტომატურად უწყობს ხელს უფრო თანაბარ ეკონომიკურ განვითარებას.

-
რაც შეეხება კორუფციას: ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ გძულთ პოპულისტური კამპანიები, - თქვენ ეს კორუფციასთან ბრძოლასთან მიმართებაში თქვით. როგორია ესტონეთის გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლაში?

-
მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ თავად არ იყო კორუმპირებული. სინამდვილეში ყველაფერი აქიდან იწყება. კორუფციას ვერ დაძლევ, თუკი ხალხი ხედავს, რომ ქვეყნის მმართველობა კორუმპირებულია. ასეთი ვითარება უიმედოა. რამდენიც გინდა, იმდენი კამპანია აწარმოე. უნდა იყო ძალიან პრინციპული კორუფციის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ შენს მთავრობაში. როცა თავად არ ხარ კორუმპირებული, არავის მისცემ ხელისუფლებაში საშუალებას იყოს კორუმპირებული.

-
რამდენად ”მოდებული” იყო კორუფცია ესტონეთის მთავრობაში და რამდენად იოლი იყო თქვენთვის კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება?

-
ეს იოლი იყო იმიტომ, რომ მე ყველა ძველი ჩინოვნიკი გავყარე. რასაკვირველია, ისინი ყველანი კორუმპირებულები იყვნენ.

-
და ახლები ყველანი ”კარგები” გამოდგნენ?

-
ყველა მათგანი არა, მაგრამ მთავრობის წევრები მე საკმაოდ კარგად შევარჩიე. უამრავი პრობლემა და უთანხმოება გვქონდა, მაგრამ ერთი რამ ყველასთვის თავიდანვე იყო ნათელი: შეცდომა მოსდის ყველას, განსაკუთრებით, როცა გადაწყვეტილებების მიღებისას გარკვეულ რისკებზე მიდიხარ, მაგრამ არის ერთი რამ - კორუფცია, რისი პატიებაც არ შეიძლება. როდესაც ეს ყველასთვის გახდება ნათელი, შემდეგ შეგიძლია შეუდგე სახელმწიფო მართვის რეფორმის განხორციელებას, რაც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს უამრავი ”ზედმეტი” ხალხის გაშვებას სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რაც დაგეხმარება იმაში, რომ სახელმწიფო მოსამსახურეს დაუნიშნო ნორმალური ხელფასები. აუცილებელია შექმნა ისეთი სახელმწიფო ორგანიზაცია, სადაც ადამიანს შეეძლება კარიერული წინსვლა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სამსახური იყოს აპოლიტიკური.

-
როდესაც თქვენ იყავით პრემიერ-მინისტრი, ნუთუ სრულებით არ დაეძებდით რომელ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნოდა ესა, თუ ის თანამშრომელი?

-
არა. მე შევეცადე შემექმნა მაქსიმალურად აპოლიტიკური ადმინისტრაცია და ჩემი ძალისხმევის შედეგი არის ის, რომ ჩემს დროს დანიშნული თანამშრომლები ისევ იქ მუშაობენ.

-
სვამდით თუ არა ციხეში ადამიანებს კორუმპირებულობის გამო?

-
ცოტასი თუ შევძელი. საქმე ის არის, რომ სასამართლოები გახდნენ ძალიან დემოკრატიულები და მე არ შემეძლო ამის გაკეთება. ეს თავისთავად კარგი იყო, რადგან როდესაც მე მოვედი მთავრობაში ძალიან რადიკალური ვიყავი და გავიძახოდი, რომ უამრავ ხალხს ჩავსვამდი ციხეში კორუმპირებულობის გამო. იმავდროულად ჩვენი რეფორმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სასამართლოს დამოუკიდებლობა. მე დამჭირდა საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, რომ ხალხის ციხეში ჩასმა პრემიერ-მინისტრის საქმე არ არის, არამედ ეს სასამართლოს საქმეა.

-
ალბათ, ახლა კმაყოფილი ხართ, რომ ასე მოხდა?

-
დიახ, კმაყოფილი ვარ.

-
შეიცვალეთ თუ არა პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადის შემდეგ, ვიდრე მეორედ მოხვიდოდით მთავრობის სათავეში?

-
რასაკვირველია, ადამიანები დროთა განმავლობაში იცვლებიან, ასაკი ემატებათ, მაგრამ ძალიან არ შევცვლილვარ.

-
ალბათ მეორედ იგივე პრემიერ-მინისტრი არ იყავით?

-
არა, მეტ-ნაკლებად ვიყავი. რასაკვირველია, უფრო გამოცდილი ვიყავი. როდესაც პირველად, 32 წლის ასაკში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მეშინოდა; მეორედ არჩევისას აღარ ვიყავი შეშინებული, უკვე ვიცოდი რას ნიშნავდა ეს.

-
რისი გეშინოდათ?

-
ყველაფრის. მაგალითად, მეშინოდა მდივნის, რადგან მანამდე არასდროს მემუშავა მდივანთან და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. თუმცა, ასეთი შიშებისთვის დრო აღარც მრჩებოდა, რადგან პირველი ექვსი თვის განმავლობაში ქვეყანაში მუდმივი კრიზისი იყო. მხოლოდ ცუდი, ან ძალიან ცუდი ამბები ხდებოდა.

-
რა გაძლევდათ ძალას მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებისას?

-
უპირველეს ყოვლისა ის, რომ ყველანი, ვინც ხელისუფლებაში მოვედით, ერთი თაობა ვიყავით - თაობა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ აქტიური დისიდენტები ვიყავით, მაგრამ უმრავლესობა ვმონაწილეობდით ამა თუ იმ მოძრაობაში. ჩვენ გულწრფელად გვსურდა ესტონეთის აყვავება და მისი დასავლეთში ინტეგრაცია. კარგად გვესმოდა, რომ რეფორმების გატარების გამო ძალიან მალე გაგვყრიდნენ, რადგან არც ერთი ქვეყნის მოსახლეობას არ ძალუძს ამდენი ცვლილების გადატანა. საკუთარ თავს კამიკაძეებს ვადარებდით. მიგვაჩნდა, რომ უნდა შეგვესრულებინა ჩვენი საქმე და დაგვეტოვებინა ხელისუფლება. ამიტომ ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელმეორედ არჩევა იყო: როგორც კი ქვეყანა კრიზისში შევიდა, ხალხს გაახსენდა, რომ არსებობდა ერთი ”გიჟი”, რომელმაც ქვეყანა ერთხელ უკვე გამოიყვანა კრიზისიდან და ჩემდა გასაკვირად ხელმეორედ ამირჩიეს.

-
რეფორმების წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი საიდუმლო არის მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების უნარის ქონა და სიმამაცე. კიდევ რა საიდუმლოებების გაზიარება შეგიძლიათ საქართველოსთვის? როგორ მიაღწია ესტონეთმა, ასეთმა პატარა ქვეყანამ წარმატებას და გახდა ევროკავშირის წევრი?

-
ორივე მიღწევა ერთმანეთთან დაკავშირებულია, რადგან თუკი არ ხარ წარმატებული, ევროკავშირში ვერ შეხვალ. იმ სამყაროში დამარცხებულები არ უყვართ. და კიდევ ერთი - ყოველთვის უნდა შეგეძლოთ ოცნება.

-
თქვენ ისტორიკოსი ბრძანდებით, რაც ნიშნავს, რომ წარმატებული ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად არ არის აუცილებელი ადამიანი იყოს ეკონომიკის ექსპერტი.

-
ის, რომ მე ეკონომისტი არ ვიყავი, ჩემს შემთხვევაში დამეხმარა კიდეც რეფორმების გატარებაში, რადგან რეფორმების უმრავლესობა ისეთი ”სიგიჟე” იყო, რომ ეკონომიკის ექსპერტები ქვეყნის შიგნით, თუ მის გარეთ სულ მეუბნებოდნენ ”არ გააკეთო ეს, რადგან ასეთი ნაბიჯი არავის გადაუდგამს, ეს სიგიჟეა და არ გაამართლებსო”. ჩემი რეფორმების უდიდესი ნაწილი მიუღებლად მიაჩნდათ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს.

-
მაინც რას ეფუძნებოდა თქვენი გადაწყვეტილებები?

-
საბაზრო ეკონომიკა სინამდვილეში ძალიან მარტივი რამ არის. ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ის ეფუძნება ქრისტიანული წარმოშობის არის (ან და, გნებავთ, გლეხური წარმოშობის): მაგალითად, არ შეიძლება დახარჯო იმაზე მეტი, ვიდრე გაგაჩნია, უნდა იყო წესიერი, რადგან საბაზრო ეკონომიკა წესიერებაზეა დამყარებული; აუცილებელია ინვესტირება (აი, როგორც სახარებისეულ იგავშია ტალანტების შესახებ). ამ პრინციპებში ძალიან ბევრი მარტივი ჭეშმარიტება დევს. ჩემი ისტორიკოსობა პირიქით - დამეხმარა კიდეც ეკონომიკური პროგრამის შედგენისას. ვინაიდან მე არ ვიცოდი, რომელი ნაბიჯი გაამართლებდა ეკონომიკური თვალსაზრისით, უნდა განმესაზღვრა რეფორმების სისწორე როგორც ისტორიკოსს. ამისათვის შევკრიბეთ მსოფლიო გამოცდილება.

შევეცადეთ დაგვედგინა რამ გაამართლა და რამ - არა. პრაქტიკული მტკიცებულება, საუკეთესო მტკიცებულებაა. ჩვენ შევეცადეთ მსოფლიო გამოცდილება ესტონეთის კონტექსტისთვის მოგვერგო. არც ერთ უცხოელ ექსპერტს არ შეუძლია თქვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება. ეს თავად უნდა გააკეთოთ.

ეს იყო ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი, რომელსაც ”რადიო თავისუფლების” თბილისის სტუდიაში ნინო გელაშვილი ესაუბრებოდა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG