Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“აბდაუბდა” - მუსიკის ნაცვლად


დღეს გავიხსენებთ სტატიას,

რომლის გამოქვეყნებიდან ზუსტად 70 წელი გავიდა. 1936 წლის იანვარში გაზეთი “პრავდა” ბეჭდავს წერილს, სახელწოდებით “აბდაუბდა მუსიკის ნაცვლად”. კომპარტიის ცეკას და პირადად სტალინის დავალებით შედგენილი ეს დოკუმენტი საბჭოთა კულტურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ლაქად ითვლება. ამავე დროს, ეს იყო ძალიან გულახდილი სტატია, რომელშიც კარგად წარმოჩნდება მუსიკალური ხელოვნებისადმი კომუნისტი იდეოლოგების დამოკიდებულება. დღეს ამ სტატიამ შეიძლება ღიმილი აღძრას მუსიკის მოყვარულებში, თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცეში კვლავაც არაერთი ადამიანი მსჯელობს მუსიკაზე ისე, როგორც “აბდაუბდის” ავტორები აფასებენ დიმიტრი შოსტაკოვიჩის ოპერას “მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი”.

70 წელი გავიდა ამ ანონიმური სტატიის გამოქვეყნებიდან. 70 წელია უკვე მუსიკისმცოდნეები, კულტურის ისტორიკოსები ცდილობენ ჩასწვდნენ პატარა საგაზეთო წერილის შინაარსს, ცდილობენ გამოიცნონ, ვინაა ავტორი “პრავდაში” გამოქვეყნებული წერილისა, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა საბჭოთა და მსოფლიო კულტურის ბედი. 1936 წლის იანვარში რუსეთის ინტელიგენციას სიცილად არ ეყო კომპარტიის ორგანოში გამოქვეყნებული ეს, მართლაც, აბდაუბდა, მწერლები და კომპოზიტორები აღნიშნავდნენ, რომ წერილის ავტორს წარმოდგენა არა აქვს მუსიკაზე. უფრო მეტიც, არხანგელსკში, სადაც დიმიტრი შოსტაკოვიჩი ამ დროს კონცერტებს მართავდა, წერილის გამოქვეყნების შემდეგ ხალხმა მქუხარე ოვაციები მოუწყო კომპოზიტორს. შოსტაკოვიჩს მხარში ამოუდგნენ სტალინთან დაახლოებული ადამიანებიც – ნემიროვიჩ-დანჩენკო, მაქსიმ გორკი... ამბობენ, რომ სწორედ ასეთმა მხარდაჭერამ გადაარჩინა კომპოზიტორი გადასახლებას და დახვრეტას. თუმცა ამან ვერ გადაარჩინა შოსტაკოვიჩის ოპერა – “მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი”, იგივე “კატერინა იზმაილოვა”. “პრავდაში” გამოქვეყნებული წერილის შემდეგ შოსტაკოვიჩის ოპერა დიდი თეატრის რეპერტუარიდან მოხსნეს. მას შემდეგ კომპოზიტორს ოპერა აღარ დაუწერია. უფრო მეტიც, მან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო სტალინური კულტურის მოღვაწეებთან – წერდა მუსიკას მიხეილ ჭიაურელის ფილმებისთვის, კანტატებსა და ჰიმნებს, რამაც შოსტაკოვიჩს სიცოცხლე შეუნარჩუნა და თავისი გენიალური სიმფონიების დასრულების საშუალება მისცა.

[მუსიკა. “ლედი მაკბეტი”]

ლესკოვის ნაწარმოების საოპერო ენაზე ამეტყველებას დიმიტრი შოსტაკოვიჩი 1931 წელს შეუდგა. იმხანად იგი მხოლოდ 25 წლისა იყო, ჯერ კიდევ სხვა დროში ცხოვრობდა, ამიტომ თავს უფლება მისცა შეეცვალა აქცენტები ლესკოვის ნაწარმოებში. შოსტაკოვიჩმა, ფაქტობრივად, გაამართლა კატერინა იზმაილოვა, რომელიც, თუ გახსოვთ, ლესკოვის ნაწარმოებში თავისი ქმრის მკვლელი ხდება. ოპერით ყველა აღფრთოვანდა – თვით კულტურის ჩინოვნიკებიც კი. “ლედი მაკბეტი” ამსტერდამის, ლონდონის, ციურიხის საოპერო თეატრების რეპერტუარში ჩართეს. შოსტაკოვიჩზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. 1934 წელს “ლედი მაკბეტის” პრემიერა მოსკოვშიც შედგა.

ბოლოს და ბოლოს, დიმიტრი შოსტაკოვიჩის ოპერით სტალინიც დაინტერესდა და 1936 წლის 26 იანვარს “ლედი მაკბეტის” წარმოდგენას დაესწრო. სტალინს ჩვევა ჰქონდა ასეთი – თეატრში ვიზიტის დროს თავის ლოჟაში გამოიძახებდა ხოლმე სპექტაკლის რეჟისორს ან კომპოზიტორს და თავის შთაბეჭდილებებს უზიარებდა. მაგრამ “ლედი მაკბეტის” დასრულებისთანავე ბელადმა ისე დატოვა თეატრი, რომ შოსტაკოვიჩთან საუბარი არ მოუნდომებია. ორი დღის შემდეგ “პრავდის” პირველ გვერდზე, იქ, სადაც კრემლის დადგენილებები იბეჭდებოდა ხოლე, გაჩნდა სტატია, სახელწოდებით “აბდაუბდა მუსიკის ნაცვლად”:

[ტექსტი] “კომპოზიტორმა, როგორც ჩანს, მიზნად არ დაისახა, მოესმინა, რას ელის მუსიკისგან საბჭოთა აუდიტორია. მან თითქოს განგებ დაშიფრა თავისი მუსიკა, რათა მხოლოდ ესთეტი-ფორმალისტების გემოვნება დაეკმაყოფილებინა. იგი არ დაემორჩილა ჩვენი კულტურის მოთხოვნას განიდევნოს ველურობა საბჭოთა ყოფიდან.”

“ერთნაირად პირუტყვის სახითაა წარმოდგენილი ოპერაში ვაჭართა სამყაროც და უბრალო ხალხიც.”

“ყველაფერი პრიმიტიულია, ვულგარული. მუსიკა ყიყინებს, გრიალებს, ქოშინებს, იხრჩობა, რათა “ნატურალურად” გამოიხატოს სასიყვარულო სცენები. სცენის გაფორმებაში ცენტრალური ადგილი ეთმობა უზარმაზარ საწოლს და სწორედ საწოლზე წყდება აქ ყველა პრობლემა.”

ტექსტის დანარჩენი ფრაგმენტებით თავს არ შეგაწყენთ. ფაქტია, რომ ასეთმა “ანალიზმა” გადაწონა ყველაფერი ის, რაც აქამდე იყო ნათქვამი შოსტაკოვიჩის ოპერაზე: სამუილ სამოსუდის შეფასება, ამ ოპერამ ეპოქა შექმნაო; ტუხაჩევსკის აზრი, ეს მუსიკალური ტრაგედია პირველი საბჭოთა კლასიკური ოპერა იქნებაო; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუსიკისმცოდნეების აღფრთოვანება, მათი მტკიცება – ეს არის პირველი ოპერა, რომელშიც ცნობიერების ნაკადი მუსიკის ენაზე გამოიხატაო. როგორც ჩანს, ბელადი სწორედ ამ მოდერნისტულმა მუსიკამ გააღიზიანა. თუმცა სტალინისა და შოსტაკოვიჩის ბიოგრაფების აზრით, “ესთეტიკური მიუღებლობა” აქ არ იყო მთავარი. იმხანად ბელადმა აიღო ოჯახის განმტკიცებისა და გაძლიერების კურსი, აკრძალა აბორტები, საბჭოთა კავშირში დასრულდა ქორწინებისა და განქორწინების თავისუფლების ეპოქა...და სწორედ ამ დროს იდგმება ოპერა, რომლის გმირი ადვილად წყვეტს ამ პრობლემას – კლავს ქმარს, რომელიც არ უყვარს... სტალინი, რომელიც, მოგეხსენებათ, ეჭვიანი იყო და სხვისი წარმატება ყოველთვის არ უხაროდა, როგორც ჩანს, გაოცებას ვერ მალავდა – რა იყო აქ მოსაწონი, რატომ აღფრთოვანდა მსოფლიო ამ კაკაფონიით?

[მუსიკა]

საინტერესოა, რომ “ლედი მაკბეტი” თავდაპირველად შეერთებულ შტატებშიც უარყოფითად აღიქვეს. ამერიკელმა მუსიკისმცოდნეებმა შოსტაკოვიჩს “პორნოკომპოზიტორი” უწოდეს - სცენა, რომელშიც სერგეი კატერინას შეცდენას ცდილობს, რომელშიც ტრომბონები ორივე პერსონაჟის ვნებას გამოხატავენ, შეაფასეს, როგორც “პორნოფონია”... თუმცა მოგვიანებით შოსტაკოვიჩი იტყვის, რომ ეს სტატიებიც სტალინის დაკვეთილი იყო, - ამბობენ, რომ ბელადს შეერთებული შტატების მუსიკალურ წრეებშიც ჰყავდა თავისი აგენტები.

ფაქტია, რომ “პრავდაში” დაბეჭდილი სტატიის შემდეგ საბჭოთა კავშირში დაიწყო ფორმალიზმთან ბრძოლა “კულტურულ ფრონტზე”. 1936 წლიდან სიტყვები “ფორმალიზმი”, “ნატურალიზმი”, “მეიერჰოლდშინა” პარტიის ოფიციალური იდეოლოგების ბრალდება გახდა კრემლისთვის მიუღებელი ავტორების და მათი ნაწარმოებების წინააღმდეგ ბრძოლაში. საინტერესოა, რომ მოგვიანებით, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, “ოპორტუნიზმისა” და “ტროცკიზმის” ბრალდება საბჭოთა პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოიღეს, მაგრამ ყოფილ საბჭოთა კავშირში სიტყვებს “ნატურალიზმი” და “ფორმალიზმი”, “გარყვნილება” და “პორნოგრაფია” დღესაც ხშირად იყენებენ, როცა ხელოვნების ნაწარმოები პირდაპირ ან ირიბად ეწინააღმდეგება იდეოლოგიას - იდეოლოგიას, რომელსაც ხელისუფლება ამკვიდრებს... ანდა იდეოლოგიას, რომელსაც უმრავლესობა იზიარებს. დიმიტრი შოსტაკოვიჩს კი თავისი ოპერა უმრავლესობისთვის არ დაუწერია. ამიტომაც არ ძველდება ეს ნაწარმოები, ამიტომაც გაუძლო “კატერინა იზმაილოვამ” დროის გამოცდას.

[მუსიკა]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG