Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოპულარიზების აქცია წამოიწყო


საქართველოს სახალხო დამცველმა, ”ეუთოს” მხარდაჭერით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოპულარიზების აქცია წამოიწყო. მისი მიზანი საჯარო დაწესებულებებში

მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე საინფორმაციო პლაკატების გაკვრაა. პლაკატები გადასახადის გადამხდელებს და საჯარო მოხელეებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებს შეახსენებს, რომლებიც ინფორმაციის საჯაროობის პრინციპებს განსაზღვრავს. მინდა ამ აქციისა და საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული ვითარების შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ ნახევარი წლის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით ”საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ”, ლაპარაკია სახელმწიფო დაწესებულებებში მოქალაქეებთან ურთიერთობის ორიგინალურ წესზე, ეგრეთ წოდებულ მოქალაქეთა განცხადებების ყუთზე. ყუთის დანიშნულებას თბილისის მერიისა და საკრებულოს აპარატი ასე განმარტავდა:

”კორესპონდენციისთვის განკუთვნილი ყუთის განთავსება გამოწვეულია იმით, რომ განახლებულ საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით ინდექსაციის შეცვლამ სარეგისტრაციო სისტემის კომპიუტერული პროგრამის კორექტირება მოითხოვა.”

იმისათვის, რომ ყველაფერი ეს ადგილზე მენახა, თბილისის მერიას მივადექი, მაგრამ იქ მოქალაქეთა განცხადებების ყუთი ვერ ვიპოვე, დაცვის თანამშრომლებმა კი მოქალაქეთა მისაღები ოთახისკენ მიმითითეს.

[მერიის მოხელის ხმა] ”რა გნებავთ? - მოქალაქეთა წერილების მიღება როგორ ხდება? - წერს მოქალაქე წერილს, ვატარებთ კომპიუტერში და იქვე ვანიჭებთ ნომერს....”

აი, ასეთი პასუხი მივიღე მერიის მოქალაქეთა მისაღებში, სადაც საჯარო ინფორმაციის გაცემაც ანალოგიური წესით ხდება. მიუხედავად ამისა, იქ მაინც მივიდა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და პლაკატებიც გააკრა, რომლებიც მოქალაქეებსა და საჯარო მოხელეებს ინფორმაციის საჯაროობის წესებს შეახსენებს.

[სოზარ სუბარის ხმა] ”პირველ რიგში, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ალბათ, სწორედ ეს არის იმიტომ რომ როცა არის ტელეფონი და მოქალაქეები მას პირდაპირ კითხულობენ, იქ რომ ეტყვიან ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ვერმოგცემთ და... მიუბრუნდებიან და ეტყვიან აი აგერ კედელზე გიწერიათ. წინაღმდეგ შემტხვევაში ვიჩივლებ და მოგეთხოვებათ პასუხი. ნებისმიერ საჯარო მოხელეს უნდა ეშინოდეს, მის თავზე დამოკლეს მახვილივით უნდა ეკიდოს რომ თუ არ იქნება ის მოსახლეობის მსახური, მაშინ მას დაემუქრება გარკვეული ჯარიმა, გარკვეული სანქცია.” (სტილი დაცულია)

სოზარ სუბარის განცხადებით, 1000 პლაკატი, რომელზეც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
ნორმების გარდა, სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერიცაა აღნიშნული,
თითქმის ყველა საჯარო დაწესებულებაში გაიკვრება. საქართველოს სახელმწიფო უწყებებში
ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ამგვარ ბრძოლას ნაკლებ
ეფექტურად მიიჩნევს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა დოლიძე:

[ანა დოლიძის ხმა] ”საჯარო მოხელეებმა ან არ იციან დებულებები, შესაბამისად მათ ჭირდებათ ამის სწავლება, ან არ აქვთ შეგრძნება რომ მათ ეს ვალდებულება უნდა შეასრულონ, ამას კიდევ გრძელვადიანი და თანმიმდევრული მიდგომა სჭირდება ვიდრე ეპიზოდური აქცია, რომლის მიზანი შეიძლება იყოს შეხსენება საჯარო მოხელეებისთვის თუ მოქალაქეებისთვის, რომ ასეთი ნორმები და ასეთი ინსტიტუტი საქართველოში არსებობს.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ საჯარო ინფორმაციას; ასევე, მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია გასცეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა.
XS
SM
MD
LG