Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

[მუსიკა. “სულიკო”, ნინო ქათამაძის შესრულებით]


[მუსიკა. “სულიკო”, ნინო ქათამაძის შესრულებით]

[მუსიკა. “სულიკო”, ლიანა ისაკაძე]

[“სულიკო”, მეჩონგურე ქალთა შესრულებით]

“სულიკოს” მთელი საქართველო მღეროდა და მთელი საქართველო მღერის. “მთელმა საქართველომ” თუ არა, ქართველთა უმრავლესობამ მაინც იცის, რომ სიმღერის ტექსტი აკაკი წერეთელს ეკუთვნის, მაგრამ, როგორც გაირკვა, საქართველოში თითო-ოროლა ადამიანმა თუ იცის, ვინ დაწერა მუსიკა “სულიკოსთვის”, ვინ არის ამ, ალბათ, ყველაზე პოპულარული ქართული სიმღერის ავტორი.

“ქართული ხალხური სიმღერა” – შეიძლება თქვათ თქვენ. ასე გვასწავლიდნენ სკოლაში, ამას ამბობენ რადიოთი, ტელევიზიით. იმ მომღერლებმაც კი, რომლებიც “სულიკოს” ასრულებენ, მისი ავტორი რომ ვარინკა წერეთელია, შეიტყვეს მხოლოდ ახლა, როცა სტუდია “მობილში” რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმის, “სადა ხარ, ჩემო სულიკოს”, გადაღება დასრულდა.


ვარინკა წერეთელი, იგივე ბარბარა მაჭავარიანი, სპირიდონ მაჭავარიანის ქალი იყო. სპირიდონ მაჭავარიანი გენერალი გახლდათ, ხოლო დედა ვარინკასი, გვიტია აგიაშვილი, - ერთ-ერთი პირველი მეცხრამეტე საუკუნის იმ განმანათლებელ ქალთაგან, რომლებიც სკოლებს ხსნიდნენ ღარიბი ბავშვებისთვის. ვარინკამაც დაიწყო სკოლების გახსნა, მღეროდა. მერე აკაკიმ მიაქცია ყურადღება. 17 წლისა გაჰყვა ცოლად პოეტის ნათესავს, ჭიათურის “მარგანეცის” თანამესაკუთრეს, სერგო წერეთელს. ადრე დაქვრივდა და მთელი ცხოვრება საზოგადოებრივ მოღვაწეობასა და ვაჟიშვილის აღზრდას მოანდომა.

1909 წელს ვარინკა წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილება გახსნა. სტალინიც კი შეიფარა მაშინ, როცა ახალგაზრდა რევოლუციონერს მეფის ხელისუფლება სდევნიდა. შესაძლებელია, სწორედ მაშინ, მეოცე საუკუნის პირველ წლებში, მოისმინა ბელადმა ვარინკა წერეთლის სიმღერა “სულიკო”, რომელიც ამ ქალბატონმა პირველად მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ზემო იმერეთში იმღერა.... მერე, 1937 წელს, ქართული კულტურის დეკადაზე მოსკოვში “სულიკო” მეჩონგურე ქალთა ანსამბლმა დაამღერა. ამის შემდეგ ვარინკა წერეთლის სიმღერა მთელმა საბჭოთა კავშირმა აიტაცა... ოღონდ მის ავტორს აღარავინ ახსენებდა.

[უტიოსოვი მღერის “სულიკოს”]

[ფილმის ხმა. ზედ ადევს “სულიკო”, რუსი მომღერლის შესრულებით] “ხალხური სიმღერა. ასე წარუდგინეს “სულიკო” მსოფლიოს 1937 წელს.”

ეს ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის, “სადა ხარ, ჩემო სულიკოს”, ავტორის, ლია ჯაყელის, ხმაა. ნახევარსაათიან სურათში ლია ჯაყელი თავისებურ ჟურნალისტურ გამოძიებას გვთავაზობს – ჩვენს თვალწინ იკვლევს დოკუმენტებს, ესაუბრება იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი მშობლების ნაამბობს იხსენებენ და ავტორთან ერთად ქართველი საზოგადო მოღვაწის, “სულიკოს” ავტორის, ვარინკა წერეთლის პორტრეტს ქმნიან.

[ელეონორა მაჭავარიანის ხმა] “ვარინკამ მისწერა ვასილ მაჭავარიანს, რომელიც მამაჩემია, ვარინკა ბაბუდა არის მისი მამიდა: “შემოწირულობა სასურველია გამოაგზავნოთ არა უგვიანეს 21 მაისისა განყოფილების წიგნის მაღაზიაში. განყოფილების თავმჯდომარე კნეინა ვარინკა წერეთელი აწერს ხელს.”

მაგრამ სტუდია “მობილის” ამ ახალ ფილმში მთავარი მაინც ის არ არის, რომ ყველაზე პოპულარულ ქართულ სიმღერას ავტორი უბრუნდება. ფილმის კონსულტანტი, საქართველოში ქალთა უფლებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი, ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ვარინკა წერეთლის ცხოვრება იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება იბრძოლოს ქალმა თავისი უფლებებისთვის, ამ შემთხვევაში - “საავტორო უფლებებისთვის”, როცა რეჟიმი ყველანაირად ცდილობს მის გაჩუმებას. ვარინკა წერეთელმა ხომ მაინც მოახერხა და საქმე აღძრა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც “სულიკოს” საავტორო უფლებების მითვისებას ცდილობდნენ. ქალბატონ ლელას ვკითხეთ, რატომ უმალავდა ხელისუფლება ხალხს ვარინკა წერეთლის სახელს.


[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] “ჯერ ერთი, ის, რომ იგი წერეთელი იყო, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არა ძირითადი. მე მაინც ვფიქრობ, შეიძლება იმიტომ, რომ ფემინისტი ვარ, მთავარი ისაა, რომ ქალი იყო (აკაკი წერეთელიც წერეთელი იყო, მაგრამ ისტორიის ხელი არ შეჰხებია). ეს იყო ლოგიკა კულტურის, რომელიც ძალიან ადვილად ივიწყებს და რეპრესიას ახდენს იმ ადამიანზე, რომელიც თვითონ არ იბრძვის, რომელიც, როგორც ავტორი, არ არის კულტურისთვის მიღებული...ქალი კი, როგორც მოღვაწე, არ არის ქართული კულტურისთვის მიღებული.”(სტილი დაცულია)

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ვარინკა წერეთელი იყო ძალიან აქტიური ადამიანი, ძალიან მაღალი თვითშეფასებით, კულტურისთვის და გარშემო მყოფი ადამიანებისთვის თავდადებული. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მისი მოღვაწეობა ემთხვევა მნიშვნელოვან ეტაპს ქართულ კულტურაში. ლელა გაფრინდაშვილი გვარწმუნებს, რომ ეს პერიოდი ცოტათი ჰგავს იმ ხანას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] “რაღაც ახალი შემოდის, კულტურა წინააღმდეგობას უწევს, რაღაცის მიღება ხდება, რაღაცის იგნორირება ხდება, ტრანსფორმაცია...ანალოგიური შემთხვევები არის თანამედროვე საქართველოშიც.”

ახალი ქართული ფილმის, “სადა ხარ, ჩემო სულიკოს”, ავტორები აპირებენ გააგრძელონ მუშაობა, როგორც ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, “კულტურისგან დავიწყებული ქალების” თემაზე. ქალბატონ ლელას თქმით, ვარინკა წერეთლის მსგავსი ადამიანი საქართველოს უახლეს ისტორიას ბევრი ჰყავს და თუკი საზოგადოებას განვითარება უნდა, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ იღვწოდა მისი განვითარებისთვის, როგორ ცდილობდა (და როგორ ცდილობს) პატრიარქალური კულტურა ამ ადამიანების გაჩუმებას:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] “ეს სოციალური ფილმია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თანამედროვე საქართველოში ყველაზე აუცილებელი დღეს სოციალური კინოა. თუ შენ არ გაინტერესებს სოციალური პრობლემები, ე.ი. არ გაინტერესებს, რომ რამე შეიცვალოს, შენ არა ხარ სკეპტიკოსი, რადგან მიმაჩნია, რომ სკეფსისი აუცილებელია.”(სტილი დაცულია)

[მუსიკა. “სულიკო”]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG