Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამოსული ქართული გაზეთების ფურცლებზე აქტუალობას კვლავაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან


დღეს გამოსული ქართული გაზეთების ფურცლებზე აქტუალობას კვლავაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის საკითხი ინარჩუნებს.

ბეჭდვითი მედია მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებას ცდილობს - დაიძაბება თუ არა ვითარება კონფლიქტის ზონაში? გესაუბრებით დღევანდელ ქართულ გაზეთებში გამოქვეყნებულ ზოგიერთ პუბლიკაციაზე.

გაზეთი ”მთელი კვირა” მკითხველს შეახსენებს, რომ 15 თებერვალს საქართველოს პარლამენტი რუსი სამხედროების გაყვანის პროცესის დასაწყებად ახალ დადგენილებას მიიღებს. ამგვარი განცხადება პარლამენტის ბიუროს დახურული სხდომის შემდეგ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებმა გააკეთეს. ”მთელი კვირის” ცნობით, დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ 15 თებერვალს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში რუსი სამხედროების გაყვანის მკვეთრად გაწერილი გეგმა ჩაიწეროს. გაზეთი შეგვახსენებს იმასაც, რომ ოპოზიცია მთავრობის პოზიციას ბოლომდე არ იზიარებს. ოპოზიციური ფლანგის ბევრი წარმომადგენელი ხელისუფლებას რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანასთან დაკავშირებით გარკვეულ ყოყმანს ატყობს და ამ ყოყმანის წინააღმდეგია.

რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ შეხედულებებს გამოხატავს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელთან ინტერვიუსაც ასევე გაზეთი ”მთელი კვირა” ბეჭდავს. ციტატა ინტერვიუდან: ”რუსი სამშვიდობოების გაყვანა არის ამოცანა, მაგრამ ეს არ არის მიზანი. სამშვიდობოების გაყვანა, ჩვენი აზრით, უნდა ხდებოდეს სხვა პროცესების პარალელურად... ჩვენ უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან უნდა მოვილაპარაკოთ, რომ ჩვენ თავად დავიცავთ მშვიდობას და ვაკონტროლებთ ერთმანეთს. ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან უნდა შევთანხმდეთ, რომ მოხდება რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლება. სხვა შემთხვევაში სამშვიდობოების გაყვანა დღევანდელ მდგომარეობაში ქმნის სრულიად გაურკვეველ ვითარებას. კონფლიქტებში გაურკვევლობა კი პირდაპირი ხიფათია საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად.”

”რუსეთი ცდილობს მოკლევადიან სისხლისღვრაში ჩაგვითრიოს” - ეს უკვე დღევანდელ “ახალ ვერსიაში” გამოქვეყებული სტატიის სათაურია. ეს სიტყვები ეკუთვნის ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც (მშვიდობის შესანარჩუნებლად) სააკაშვილს კოკოითისთან შეხვედრასაც კი ურჩევს. მოსალოდნელია თუ არა ექსპერტისთვის ქართული მხარის ომში ჩათრევა? ”სამშვიდობოების გასვლის შემდეგ რუსეთი პროვოკაციებს შეგნებულად მიმართავს. თუ ქართული მხარე პროვოკაციებს არ აჰყვება, რუსეთი თავის მიზანს ვერ მიაღწევს. თუმცა, სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ ქართული მხარე ასეთ პროვოკაციებს წამოეგოს, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, - დასავლეთი და ჩვენი მეგობარი ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ - ეს არ დაუშვან, მაგრამ ჩვენი ცხელთავიანი პოლიტიკოსები ზოგჯერ ცდუნებას ვერ უძლებენ, რომ აგრესიული დამოკიდებულება და მუქარა არ გააჟღერონ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსუსურია და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.”

მოსალოდნელ პროვოკაციებზე და კონფლიქტის შეიარაღებული დაპირისპირების ახალი ძალით აფეთქების შესაძლებლობაზე კონფლიქტოლოგი გელა დვალიშვილიც საუბრობს. მასთან ინტერვიუს დღეს გამოსული ”კვირის პალიტრა” ბეჭდავს. ციტატა ინტერვიუდან: ”თუკი სამაჩაბლოში შეიარაღებული კონფლიქტი განახლდება, ეს ნიშნავს, რომ, მცდელობის მიუხედავად, პროვოკაციაზე მაინც წამოგვაგეს; ანუ განმეორდება ორი წლის წინანდელი სცენარი - სამაჩაბლო აივსება კაზაკებითა და ჩრდილოკავკასიელი მოსახლეობით. ისინი, რუსი სამშვიდობო ძალების დახმარებით, შეეცდებიან სამაჩაბლოს რეგიონის იზოლირებას.”

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სულაც არ არის წარმოუდგენელი. მით უმეტეს, თუ დამოუკიდებლობა ყოფილი იუგოსლავიის ალბანელებით დასახლებულ რეგიონს, კოსოვოს, მიენიჭება - რუსეთის პრეზიდენტის მიერ იანვრის ბოლოს გამოთქმულ ამ მოსაზრებას გაზეთ “24 საათის” ფურცლებზე ელჩი დევიდ სმიტი უპირისპირდება: ”კოსოვოს შემთხვევა უნიკალურია და, რაც არ უნდა მოხდეს იქ, მიუხედავად ყოფილი ”კაგებეშნიკის” სურვილისა, არ შეიძლება და არც უნდა იქნეს მიჩნეული უნივერსალური პრინციპების დამკვიდრების საფუძვლად,” - აღნიშნავს დევიდ სმიტი - პოტომაკის ინსტიტუტის პოლიტიკურ სწავლებათა უფროსი ექსპერტი და ვაშინგტონში საქართველოს ფორუმის თავმჯდომარე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG