Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეების მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობა გაორმაგდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ოფიციალური საბანკო

არხებით საქართველოში 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტია გადარიცხული. გასული წლების მსგავსად, ყველაზე მეტი თანხები ქვეყანაში მეზობელი რუსეთიდან შემოდის. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადმორიცხვები საქართველოს მოქალაქეებისა და მისი ეკონომიკისთვის?

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების საშუალებით 2005 წლის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში რეკორდული თანხა – 403 მლნ აშშ დოლარზე მეტი - გადმოირიცხა, რაც 2004 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით, 145 მლნ-ით აღემატება. ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებით, ტრადიციულად, საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ ან სასწავლებლად წასული ჩვენი თანამოქალაქეები სარგებლობენ, რომლებიც აქ დარჩენილ ოჯახის წევრებს ამ ფორმით ეხმარებიან. ხშირ შემთხვევაში ამგვარი ტრანსფერტები საქართველოში მცხოვრები ბევრი ოჯახისათვის ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენს.

ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემის - ანუ ოფიციალური საბანკო არხების - მეშვეობით გადმორიცხვები გასულ წლებშიც ხორციელდებოდა, თუმცა მათი მოცულობა გაცილებით ნაკლები იყო. მაგალითად, 2003-2004 წლებში საქართველოში გადმორიცხული თანხები მხოლოდ 200-250 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში იყო, ხოლო მანამდე, ანუ 2003 წლამდე, 55 მლნ-ს უტოლდებოდა.

გასული წლის განმავლობაში ოფიციალური გადარიცხვები გაორმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეები, საბანკო არხების გარდა, სხვა საშუალებებითაც სარგებლობენ, ნდობის ხარისხი საფინანსო სისტემის მიმართ მაინც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. გარდა ამისა, საბანკო არხებით თანხების გადარიცხვა გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ნაღდი ფულით ჩატარებული ოპერაციები. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ელექტრონული ანგარიშსწორების და ოფიციალური საბანკო გადარიცხვების ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნებული იქნება.

გაზრდილი გზავნილების პარალელურად იკვეთება მათი გამოყენების არეალის გაფართოება. თუ ადრე ეს თანხები, ძირითადად, პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ხმარდებოდა, უკვე ხდება ტრანსფერტების დიდი ნაწილის დაბანდება სხვადასხვა აქტივებში - მათ შორის, უძრავ ქონებასა და საწარმოთა აქციებში. ნაწილი კი კვლავ სამომხმარებლო ხარჯების დასაფინანსებლად მიემართება.

უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები გავლენას ახდენს სავალუტო ბაზარზეც. კერძოდ, შემოსული თანხების ძირითადი მასა ლარებში კონვერტირდება და ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის.

ფულადი გადარიცხვები, უმეტესწილად, „ვესტერნ იუნიონით“ ხორციელდება, რადგან აღნიშნულ სისტემას ყველაზე ფართო ქსელი აქვს მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც.

რაც შეეხება ფულადი გზავნილების სტრუქტურას, თუ 2000-2001 წლებში საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი მასის შემოსვლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ხდებოდა, 2002 წლიდან დღემდე ჩარიცხული თანხებით რუსეთი ლიდერობს, რომელზეც შემოსული თანხების 63% მოდის; შემდეგია აშშ - 10 პროცენტით, ბოლოს კი საბერძნეთი - ტრანსფერტების 4%-ით. შესაბამისად, ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც ჩვენი თანამემამულეები არიან დასაქმებულნი.
XS
SM
MD
LG