Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდსით დაავადებულ ბავშვთა რაოდენობა იზრდება


აივ-შიდსით ინფიცირებული ბავშვების და ახალგაზრდების ინტერესებისთვის ბრძოლა არასაკმარისი ინტენსივობით მიმდინარეობს. დაავადებულთა რაოდენობა მატულობს

– ისევე როგორც იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომლებსაც დაავადებამ მშობლები წაართვა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა მესამე მსოფლიოს ქვეყნებშია. შემაშფოთებელი ტენდენციები აღინიშნება აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში – უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში იქ აივ-შიდსით ინფიცირების შემთხვევები ყველა სხვა რეგიონზე მეტად გაიზარდა. ასეთი დასკვნები გამოიტანეს 9 თებერვალს ლონდონში გაეროსა და ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის ეგიდით ჩატარებულ გლობალური პარტნიორების ფორუმზე.


შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს – და ბავშვებს, რომლებიც დაავადებამ დააობლა – სასწრაფოდ ესაჭიროებათ დახმარება. როგორც 9 თებერვალს გამართულ გლობალური პარტნიორების წლევანდელ ფორუმზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და მთავრობების წარმომადგენლებმა დაასკვნეს, შექმნილ ვითარებას პრაქტიკული და კოორდინირებული რეაგირება სჭირდება.

გაეროს ბავშვთა ფონდის, იმავე UNIჩEF-ის, აღმასრულებელმა დორექტორმა ენ ვენემანმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ გლობალური მასშტაბის ქმედებები, სხვადასხვა ფორმით, ერთდროულად უნდა განხორციელდეს და უნდა მოიცვას როგორც გაერო და მთავრობები, ისე ადგილობრივი ორგანიზაციები და თემები. მისი თქმით, საჭიროა რესურსები სწორად იქნეს გამოყენებული:

[ვენემანის ხმა] “მნიშვნელოვანია, ეფექტიანად შევძლოთ მიმდინარე პროცესების სინთეზი და რესურსების სწორად გამოყენება. შიდსის პანდემიასთან ბრძოლისათვის საჭირო რესურსები ბევრია, მთავარია ისინი ეფექტიანად გამოვიყენოთ."


ენ ვენემანი აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსოფლიოში 15 წლამდე ასაკის ორ მილიონზე მეტი ბავშვი ცხოვრობს აივ-შიდსით და 15 მილიონ ბავშვს დაავადებამ ერთი ან ორივე მშობელი წაართვა. დაობლებულთა დიდი უმრავლესობა, 12 მილიონზე მეტი, აფრიკაში - კერძოდ, საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში - ცხოვრობს.

აფრიკის ქვეყნების გარდა, სადაც აივ-შიდსის კუთხით ყველაზე ტრაგიკული ვითარებაა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. გაეროს შიდსთან ბრძოლის პროგრამის, UNAIDშ-ის, აღმასრულებელი დირექტორი პიტერ პაიოტი ამასთან დაკავშირებით ამბობს:

[პაიოტის ხმა] “აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში შიდსის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი აივ-ის ეპიდემია აღინიშნება. მაგალითად, რუსეთში უკვე 1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული; მაღალი მაჩვენებელი აქვს უკრაინასაც – იქ ზრდასრული მოსახლეობის 1 პროცენტზე მეტი ამ ვირუსით ცხოვრობს. და ეს მაჩვენებელი იზრდება.”

პიტერ პაიოტის თქმით, გარკვეული პოზიტიური ძვრებიც შეინიშნება – მაგალითად, რიგ ქვეყნებში ამუშავდა პროგრამები, რომლებიც ინფექციის დედიდან ბავშვზე გადაცემის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. თუმცა, მისი აზრით, აუცილებელია რეგიონში ადამიანებმა – და განსაკუთრებით ინფიცირებულებმა - თავად იმოქმედონ და ვითარების გამოსასწორებლად ნაბიჯების გადადგმას მთავრობისგან არ დაელოდონ.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აივ-შიდსის გავრცელების ტემპით შეშფოთებულია UNIჩEF-ის რეგიონული მრჩეველი გეორგ იონიტაც. მისი თქმით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დაავადების შემთხვევებმა 10-ჯერ მოიმატა და ამჟამად რეგიონში აივ-შიდსით დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტორი, იონიტას აზრით, ის არის, რომ ამ რაოდენობის 80 პროცენტს 30 წელზე ნაკლები ასაკის ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებსაც დაავადება, უწინარესად, ნარკოტიკების მოხმარებით გადაედოთ:

[იონიტას ხმა] “ინფიცირება ყველაზე ხშირად – დაახლოებით 70 პროცენტის შემთხვევაში - ნარკოტიკების ინტრავენურ მოხმარებაზე მოდის. მნიშვნელოვანი ფაქტორებია აგრეთვე სქესობრივი კონტაქტები და დაავადების დედიდან შვილზე გადაცემა. რუსეთში, მაგალითად, ყოველდღიურად 20 ბავშვი იბადება, რომელთა დედებიც შიდსით არიან დაავადებული.”

გლობალური პარტნიორების ფორუმზე UNIჩEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენ ვენემანმა შემაშფოთებელი სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა. მისი თქმით, მსოფლიოში მცხოვრებ ბავშვებს შორის, რომლებიც შიდსმა დააავადა ან დააობლა, მხოლოდ 10 პროცენტი სარგებლობს რაიმე სახის დახმარებით ან შეღავათებით. კონფერენციის დელეგატები შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის გასაუმჯობესებლად რამდენიმე სფეროშია ცვლილებების მოხდენა საჭირო – მათ შორის, განათლების, ინფორმირების, მკურნალობის, სოციალური დახმარებისა და რეგულაციების სფეროებში. აუცილებელია გამარტივდეს შიდსით დაზარალებული ბავშვების რეგისტრაცია, რომ ბავშვებმა სოციალური და სამედიცინო დახმარებით სარგებლობა შეძლონ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG