Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეოცე ყრილობა – 50


საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობა,

ცხადია, ის თემა არ არის, რომელიც ჩვენი რადიოს ყურადღებას უნდა იმსახურებდეს. მაგრამ კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობა, რომელიც 50 წლის წინ, 1956 წლის 14 თებერვალს, გაიხსნა, განსაკუთრებული მოვლენაა გასული საუკუნის ისტორიაში. სწორედ ამ ყრილობაზე დაგმო ნიკიტა ხრუშჩოვმა ეგრეთ წოდებული “პიროვნების კულტი”, სწორედ ამ ყრილობის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი მილიონობით რეპრესირებული ადამიანის განთავისუფლება, სწორედ ამ ყრილობით დაიწყო ქვეყნის შედარებითი ლიბერალიზაციის ხანა, რომელიც ძალზე მცირე ხანს გაგრძელდა – 1964 წლამდე, როცა ნიკიტა ხრუშჩოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უფრო მეტიც – მეოცე ყრილობის იდეალები დაინგრა ყრილობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში – 1956 წლის 9 მარტს, თბილისში. ჩვნს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” დღეს სწორედ მეოცე ყრილობის შედეგებს გავიხსენებთ.




[ბაში-აჩუკი. მუსიკა]

1956 წლის მარტში თბილისის კინოთეატრებში წარმატებით უჩვენებდნენ ახალ ქართულ ფილმს “ბაში-აჩუკი”, რომელიც აღარ ჰგავდა სტალინის ეპოქის ქართულ ფილმებს... ისევე როგორც ამ პერიოდის სხვა ქართული ფილმები – “საბუდარელი ჭაბუკი”, “სხვისი შვილები”... რაღაც ახალი ხდებოდა ქვეყანაში.

1956 წლის 9 მარტს, პირველად ომისშემდგომი საბჭოთა კავშირის ისტორიაში, მოხდა უპრეცედენტო ფაქტი – თბილისში ჩატარდა დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. ქუჩაში, როგორც ცნობილია, მხოლოდ სტალინისტები არ გამოსულან. ქუჩაში გამოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლის შემდეგ საბჭოთა კავშირის კომპარტიის მეოცე ყრილობაზე, რომელიც, მართალია, თებერვლის მიწურულს დასრულდა, ხრუშჩოვის მოხსენების ტექსტი (ისიც არასრული და შეცვლილი) საწარმოო-დაწესებულებების თანამშრომლებს მხოლოდ ყრილობის დასრულების შემდეგ გააცნეს. საქართველოში კარგად ახსოვდათ, რომ ხრუშჩოვი ჯერ კიდევ 40-იან წლებში იხსენიებდა სტალინს, როგორც “ქართველი ხალხის დიდებულ შვილს”. ამიტომ მეოცე ყრილობაზე წაკითხულმა ხრუშჩოვის სიტყვამ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. 9 მარტის მოვლენების შემდეგ ამ ადამიანებს ისინიც შეუერთდნენ, ვისთვისაც საბჭოთა კავშირის მეოცე ყრილობა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო – გადასახლებულთა დაბრუნება, უდანაშაულო ხალხის რეაბილიტაცია, სტალინური ტერორის დასასრული. მაგრამ სისხლმა, რომელიც 1956 წლის 9 მარტს დაიღვარა თბილისში, ეს ხალხიც დაარწმუნა, რომ მეოცე ყრილობა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში ახალი თაობის კომუნისტების მოსვლას ნიშნავდა, ძალაუფლებისთვის ბრძოლას, რომელიც ნიკიტა ხრუშჩოვის გამარჯვებით დასრულდა.

[ხრუშჩოვის ეპოქის სიმღერა]

არსებითად ხალხი კარკად ვერ გაერკვა, რა მოხდა იმ დღეს ყრილობაზე, ზუსტად რა თქვა და, თუ მართლა თქვა, როგორ გაბედა ეს ყველაფერი ხრუშჩოვმა. სტალინის გარდაცვალებიდან ხომ მხოლოდ სამი წელი იყო გასული.

რადიო “თავისუფლების” რუსული რედაქციის გადაცემაში, რომელიც ვლადიმირ ტოლცმა მეოცე ყრილობის მეოცე წლისთავს მიუძღვნა, მეოცე ყრილობის დელეგატებმაც ისაუბრეს. ისინი აბსოლუტურად განსხვავებულად აფასებენ დეპუტატების რეაქციას ხრუშჩოვის სიტყვაზე. ვიქტორ შეინისი აღნიშნავდა, რომ ხრუშჩოვის სიტყვაში არაფერი თქმულა ახალი ინტელიგენციის ზედა ფენისთვის... ხალხი კი ასეთი რადიკალური აზრისთვის მზად არ იყო... ამიტომაცაა, ალბათ, რომ მეოცე ყრილობამ სტალინის მითის დანგრევასთან ერთად მაშინვე დაიწყო ამ მითის ჩანაცვლება ახლით - ხალხის ახალი მტრით, ბერიათი, და ახალი “ანგელოზით”, კიროვით...

[ვიქტორ შეინისის ხმა] “ჩვენი საზოგადოება ამისთვის არ იყო მზად, სწორედ საზოგადოება... მეოცე ყრილობაზე ხრუშჩოვის მოხსენების მოსმენის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები ვიმეორებდით ხოლმე – “სულ ესაა, ბიჭო?”.

სრულიად განსხვავებულად აფასებს ხრუშჩოვის სიტყვას ყრილობის კიდევ ერთი მონაწილე, აკადემიკოსი იაკოვლევი. ალექსანდრ იაკოვლევი მოულოდნელობის განსაკუთრებულ ეფექტზე საუბრობს:

[ალექსანდრ იაკოვლევი] “ამბობდნენ, რომ პარტიის საორგანიზაციო საქმიანობაზე ისაუბრებენ, ნაკლოვანებებზე ამ საქმეში, კადრებზე... მაგრამ ეს ყველაფერი არც კი დაესიზმრებოდა არავის... ხრუშჩოვის პირველივე ფრაზების გაგონებისთანავე კანკალი დავიწყე, რაღაც არარეალური მომეჩვენა ყველაფერი, ვერ ვხვდებოდა, მძინავს, ცა უნდა დამენგრეს ახლა თავზე თუ მომხსენებელია გიჟი... საოცარი სიჩუმე იყო, ხალხი თითქოს ფიქრობდა: შეუძლებელია, ეს რას ამბობს, ალბათ, რაღაც სხვას ამბობს... არა, ამას ვერ იტყვის... როგორ ამბობს ამას სტალინზე.”

ისტორიულ მეოცე ყრილობას ესწრებოდა ადამიანი, რომელმაც მოგვიანებით ნიკიტა ხრუშჩოვის რეაბილიტაცია სცადა – საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. აი, რა თქვა მან ვლადიმირ ტოლცის გადაცემაში:


[მიხეილ გორბაჩოვის ხმა] “მე იმ ხალხს შორის აღმოვჩნდი, ვისაც გააცნეს ეს მოხსენება... კომკავშირის რაიონული განყოფილების აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების მდივნის მოადგილე ვიყავი მაშინ... ტექსტი ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. ანალიზითა და სიღრმით არ გამოირჩევა, არ ხსნის, რატომ ჩამოყალიბდა ტოტალიტარული სისტემა, მაგრამ ძალიან ემოციურადაა აღწერილი, რა დაგვემართა, რა დაემართა ხალხს, გამოჩენილ ხალხს... თავიდან არ ამომდიოდა კითხვა, ნუთუ მართლა ასე იყო ყველაფერი, ნუთი მართლა ასე იყო?”

თვითმხილველთა თქმით, ხრუშჩოვის სიტყვას დარბაზის დუმილი მოჰყვა. ტაშიც კი არავის დაუკრავს. საიდუმლო მოხსენება არ განუხილავთ, არც დისკუსია მოწყობილა და არც არავის გაუბედავს ხრუშჩოვთან დაპირისპირება. თუმცა ხრუშჩოვის გამოსვლებს თუ გავიხსენებთ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორი იქნებოდა ნიკიტა სერგეის ძის ინტონაცია, როგორ წაიკითხა მან ეს ისტორიული დოკუმენტი.

[ნიკიტა ხრუშჩოვი: “გავასწროთ კაპიტალისტებს]...

Aამ ტექსტის ქართულად თარგმნა, ალბათ, არაა საჭირო იმისათვის, რომ ხრუშჩოვის ექსცენტრიკულ ბუნებას ჩავწვდეთ. სწორედ ექსცენტრიზმი უნდა ყოფილიყო მეოცე ყრილობაზე წაკითხული სიტყვის სტილი – ხრუშჩოვი ცენტრს, ათვლის წერტილს, კლასიცისტური სიმეტრიის ბურჯს – იოსებ სტალინს გაემიჯნა,… მაგრამ არ გაემიჯნა კომუნიზმს; მეოცე ყრილობაზე სტალინის გასამართლება მოეწყო, მაგრამ კომუნიზმის გასამართლება ხრუშჩოვს არ მოუნდომებია... ჩვენს არქივში ინახება ევგენი მიქელაძის ქალიშვილის, ქალბატონ თინათინ მიქელაძის ინტერვიუ, რომელიც ქალბატონმა თინამ რადიო “თავისუფლებას” გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისცა. Aაი, რა ბრძანა მან ეგრეთ წოდებულ “რეაბილიტაციაზე”:


[თინა მიქელაძის ხმა] “მე არ ვიღებ პენსიას, რომელიც დამინიშნეს 88 წელს - 145 მანეთს. მითხრეს, რომ ეს იმიტომ, რომ მშობლები დამიხვრიტეს და ამის გამო...მე უარი ვთქვი... გაჩვენებთ წიგნაკს, რომელიც ცარიელია... არა აქვთ უფლება, იმიტომ რომ დამინგრიეს ცხოვრება. ახლა რახან არ ვლაპარაკობ ამაზე, შიგნით ხომ რჩება ეს ყველაფერი, მე ხომ ისე არ გავიზარდე, როგორც ყველა ბავშვი, არც დედა მყავდა, არც მამა, მამიდა მყავდა, რომელმაც ერბოკვერცხის შეწვა არ იცოდა.”(სტილი დაცულია)

დღეს საბჭოთა კავშირის კომპარტიის მეოცე ყრილობა, ფაქტობრივად, არარსებული პარტიის ისტორიის ფრაგმენტია, რომელმაც ადამიანთა მცირე ჯგუფი შეიძლება დააინტერესოს. Mმაგრამ საკუთარი წარსულის მიმართ ეს ნიჰილისტური დამოკიდებულებაც ხომ კომუნისტური მემკვიდრეობის შედეგია.. და, ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება ასე, სანამ ქვეყანაში საბჭოთა კომუნიზმის ყველანაირი გამოვლინება არ გასამართლდება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG