Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში მედიის და, შესაბამისად


გასულ კვირაში მედიის და, შესაბამისად,

საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მოვლენები, რომლებმაც, შეიძლება, კიდეც გადაფარეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც კონფლიქტების მოგვარება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაა. გთავაზობთ გასული კვირის მოვლენების მიმოხილვას.

კვირას ცნობილი გახდა, რომ თბილისში ტელეკომპანია ”ენ-ტე-ვეს” ოფისი დაცხრილეს. ძნელია დანაშაულის რეალურ მოტივზე საუბარი, თუმცა პირველი აზრი, რაც ამ ინფორმაციის მოსმენისას ბევრს გაუელვებდა თავში, არის ის, რომ ”ენ-ტე-ვეს” ოფისის დაცხრილვა რაღაცაგვარად რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვას უკავშირდება. აქვე საინტერესოა გავიხსენოთ ერთი ამბავი, რომელიც ამ ათიოდე დღის წინ მოხდა, როცა მავანი ”ენ-ტე-ვეს” ოფისში შეღწევას შეეცადა. რადიო ”თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბრისას ”ენ-ტე-ვეს” კორესპონდენტმა საქართველოში ნუგზარ კერესელიძემ ასე გაიხსენა წინა ინციდენტი:

[კერესელიძის ხმა] ”ეს მოხდა 22-დან 23 საღამოს, თუ არ მეშლება. ეს ზუსტად ის დღეა, როდესაც ჩაატარეს მიტინგი რუსეთის საელჩოს წინ, სადაც პროტესტს გამოთქვამდნენ რუსეთის მასმედიაში საქართველოს მიმართ მიმდინარე კამპანიის წინააღმდეგ. კერძოდ, იქ ნახსენები იყო ”ენ-ტე-ვე”, გლებ პავლოვსკი და მისი, როგორც აქ ამბობდნენ, მისი არაკორექტული ხმარება პრეზიდენტის, ტყვიისა და მათი ურთიერთკავშირისა. იმ დღეს იყო მცდელობა ”ენ-ტე-ვეს” ოფისში შეღწევისა, მაგრამ არა მარტო ”ენ-ტე-ვეს” ოფისში, იმიტომ რომ მეზობელი ოფისებიც არის დარბეული. ყოველ შემთხვევაში, კარებია დარბეული, მაგრამ ხმა იყო ძალიან დიდი და ყარაულმა გაიგო. შეატყობინა და დააფრთხო ეს ხალხი. ორი კაცი ყოფილა, როგორც თვითონ ამბობენ. გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და ამის იქით საქმე არ წასულა. არც მოკვლევის ჯგუფი მოსულა და არც გამომძიებლები ყოფილან.”(სტილი დაცულია)

ეს ყველაფერი, როგორც ნუგზარ კერესელიძე ამბობს, მოხდა 22-23 თებერვლის ღამეს. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”ენ-ტე-ვეს” ოფისი დაცხრილეს. საბედნიეროდ, ოფისში არავინ იყო, არ დაზიანებულა არც ტექნიკა. ”ენ-ტე-ვეს” კორესპონდენტი ვარაუდობს, რომ ინციდენტი 1-დან 2-ში ღამით ან 2-დან 3-ში ღამით მოხდა:

[კერესელიძის ხმა]”გუშინ, როცა დავამთავრეთ გადაგორება, მუშაობა, მივაწოდეთ მოსკოვს მასალა, ჩამოვედი და დამხვდა ესეთი სიტუაცია: დამტვრეული ფანჯრები, მიმოფანტული მინა. მე ვთქვი, ალბათ, ბავშვები ცელქობენ-მეთქი, იმიტომ რომ აქ, გვერდზე ოთახებში, მინები ბევრს აქვს ჩამტვრეული. ჩვენს წინ არის პარკი - გრიბოედოვის სახელობის პარკი - და პოლიგონივით არის, იქიდან ისვრიან ბავშვები ქვებს და ამტვრევენ შუშებს. მაგრამ როდესაც დალაგება დავიწყე ოფისის, ვნახე, რომ მეტალის ბურთულაკები იყო, მრგვალი იყო, საკმაოდ მოზრდილი ზომის და უკვე დამაეჭვა, ნასროლი ხომ არ არის-მეთქი. გამოვუძახე პოლიციას და პოლიცია ამჯერად ძალიან ოპერატიულად გამოცხადდა, მოიყვანა მოკვლევის ჯგუფი, მერე გამომძიებლებიც მოვიდნენ, კრიმინალისტები, ექსპერტები. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ამოიღეს ხუთი მსხვილი საფანტი. მერე ვნახეთ, ”კარტეჩ’’ აწერია რუსულად.”

სამართალდამცავებმა ივარაუდეს, რომ ”ენ-ტე-ვეს” ოფისი გრიბოედოვის სახელობის პარკიდან უნდა დაეცხრილათ. კერესელიძის თქმით, მართლაც, პარკში აღმოჩენილია სანადირო თოფის ცარიელი ჟაკანის ტიპის ტყვიის მასრები. ამჯერად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუკი ვივარაუდებთ, რომ რუსული ტელეკომპანიის ოფისის დაცხრილვა მის მუშაობას უკავშირდება, უადგილო არ უნდა იყოს იმ მასალების გახსენება, რომლებიც ბოლო დროს საქართველოს შესახებ გავიდა ”ენ-ტე-ვეს” ეთერში. ეს აზრი, ბუნებრივია, კერესელიძესაც მოუვიდა თავში. ბოლო დღეებში გადაცემული მასალებით თუ ვიმსჯელებთ, ძნელია რაიმე დასკვნის გამოტანა. ძირითადად, სამუშაო ფრინველის გრიპის საქართველოში გავრცელების თემას უკავშირდებოდა. იყო ერთი მასალა სტალინის შვილთაშვილ იაკობ ჯუღაშვილზეც, რომელსაც სჯერა, რომ მისი დიდი პაპა მოკლეს და ამ საქმის გამოძიებას რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს.იმის დადგენა, თუ რა მოტივით დაარბიეს ”ენ-ტე-ვეს” ოფისი, გამოძიებას მივანდოთ. რაც შეეხება სტალინსა და ამ კვირის სხვა მოვლენებს, 5 მარტს გორში სტალინის გარდაცვალების დღე აღნიშნეს. რა ხდებოდა მიმდინარე კვირაში მანამდე?

კვირის თემად 1 მარტიდან სალარო აპარატების გამოუყენებლობისთვის საჯარიმო სანქციების გამკაცრების მუხლების ამოქმედება უნდა მივიჩნიოთ. მოვაჭრეებისა და ოპოზიციის აღელვება ხელისუფლებამ კანონის ამოქმედების შეჩერების მიზეზად არ მიიჩნია, თუმცა რაღაც საკითხების გათვალისწინება მაინც მოუხდა. 5 მარტიდან ფინანსთა სამინისტრომ სალარო აპარატების გამოყენებაზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დაიწყო. მასში წერია სალარო აპარატების ხმარების და აგრეთვე იმის შესახებ, თუ ვის სჭირდება სალარო აპარატი, როგორ უნდა დარეგისტრირდეს ის და ა.შ. ხელისუფლების პოზიციას ასე აყალიბებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი:

[მაჭავარიანის ხმა] ”ერთადერთი გზა, რომ მოწესრიგდეს აღრიცხვა და ქვეყანაში შემოვიდეს ნორმალური პროდუქცია, ხარისხიანი პროდუქცია, ვარგისიანი პროდუქცია და, რაც მთავარია, საქართველოში ყველაფერი საგადასახადო სივრცეში იყოს კონტროლირებადი, არის საგადასახადო-სალარო აპარატი. სხვა გზა არ მოუგონია არავის.”

ოპოზიცია ამ აზრს არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ სხვა გზა იქნებოდა კანონის შესაბამისი მუხლების ამოქმედების გადავადება და წვრილ მოვაჭრეთა ინტერესების გათვალისწინება, მათი სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლება. საპროტესტო აქციები კვირის დასაწყისში დაიწყო და მომავალ კვირაში, როგორც ოპოზიცია ირწმუნება, უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. ამ აქციების ორგანიზებისთვის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პარასკევს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ:

[კაციტაძის ხმა] ”ვფიქრობ, რომ ეს მუხტი, რომელიც დღეს არსებობს, კერძოდ, მცირე მეწარმეებსა და სალარო აპარატებთან დაკავშირებით და გაგება არსებობს ამ კუთხით პარტიებს შორის, ასევე იქნება გაგება სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ამას დიდი ძალისხმევა არ ჭირდება, ამის საშუალებას ბრწყინვალედ გვაძლევს დღეს ხელისუფლება და ის აქცია, რომელიც ჩატარდა პარლამენტის წინ კონკრეტულ თემაზე, გაგრძელდება არა მხოლოდ იმ ჩარჩოსა და იმ მასშტაბში, რომელსაც ის მიეძღვნა, არამედ იმ მრავალ პრობლემასთან მიმართებაში, რომელიც დღეს არსებობს.”(სტილი დაცულია)

ეს გახლდათ ფრაქცია ”მემარჯვენე ოპოზიციის” წევრი მამუკა კაციტაძე, რომელთან ერთადაც ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულნი არიან ლეიბორისტული პარტიის, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტისა” და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. მომავალში დაგეგმილი საპროტესტო აქციების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ორშაბათს გაიმართება. თბილისის მერს საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე გაუგზავნა შეტყობინება მომავალი აქციის შესახებ და მისი მონაწილეების რიცხვი მინიმუმ 5 ათასით განსაზღვრა.

ოპოზიციის აქტიურობა მიმდინარე კვირაში ”გაერთიანებული ქართული ბანკის” თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მიმდინარეობითაც იყო გაპირობებული. ორშაბათს ორი ოპოზიციური ფრაქცია შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის სტუმრობას ელოდა, თუმცა, ამაოდ. შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდა, ოღონდ მივიდა არა ფრაქციის, არამედ პარლამენტის სხდომაზე. მისი გამოსვლით უკმაყოფილო ოპოზიციამ სხდომის დატოვება გადაწყვიტა. უმრავლესობამ ოპოზიციის მოქმედება ”პიარ ფრონტის გაფართოების” მცდელობად შეაფასა. იმის გამო, რომ უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის ვერანაირი შანსი ვერ დაინახა, საპარლამენტო ოპოზიციამ მონიტორინგის საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. ამ ჯგუფის ინტერესის საგანი არა მხოლოდ გირგვლიანის მკვლელობის საქმე, არამედ ისეთი საკითხიც გახლავთ, როგორიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის ოჯახის ბიზნესინტერესებია.

გასულ კვირაში პარლამენტის ზოგიერთი წევრის - ამჯერად, ძირითადად, უმრავლესობის წარმომადგენლების - აღელვება გამოიწვია საზოგადოებრივ მაუწყებლობაში არსებულმა ვითარებამ. უფრო ზუსტად კი, აღელვების საბაბი საზოგადოებრივი მაუწყებლობის თანამშრომლის, მეორე არხის გენერალური პროდიუსერის დოდო შონავას გათავისუფლება და მისი და საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამების სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი გახდა. რამდენიმე დღის მანძილზე პარლამენტის წევრები და საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი მედიის საშუალებით ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. ბოლო, ოფიციალური, სიტყვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თამარ კინწურაშვილმა თქვა:

[კინწურაშვილის ხმა] ”თუ მათ არ სურთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნა, თუ მათ სურთ ისეთი ტელევიზია, რომლის საკადრო საკითხებში თავად ერევიან და რომლის შინაარსს და თემატიკას თვითონ განსაზღვრავენ, შეცვალონ კანონი მაუწყებლობის შესახებ.”

მაუწყებლობის შესახებ კანონში არა, მაგრამ პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესატანად ემზადება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შეიცვლება სისხლის სამართლის საპროცესო სამართალწარმოების ძირეული პრინციპები და ხედვა:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „ეს ახალი ხედვა უკავშირდება წინასწარი გამოძიების ვადებს, წინასწარი გამოძიებისას მხარეთა საპროცესო უფლება-მოვალეობებს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას, სასამართლოში საქმის განხილვის გამარტივებას, შეჯიბრებითობის პრინციპის დამკვიდრებას სისხლის სამართლის საპროცესო სამართალწარმოების მთელ სტადიაზე და ასე შემდეგ.“

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეც იწონებს.

გასულ კვირაში გარკვეული ძვრა შეინიშნებოდა საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე მიმდინარე მოლაპარაკებებშიც. თუმცა ამ მოლაპარაკებათა შედეგები ნაკლებად ხმაურდებოდა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების შესახებ. სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას თქმით, რომელიც ამ სხდომის თბილისში ჩატარების წინადადებით გამოდიოდა, არ არის გამორიცხული, შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ბრიუსელში ჩატარდეს. სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ ჯერჯერობით ცნობა არ ვრცელდება. ხაინდრავა ამ საკითხებზე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს უნდა მოელაპარაკოს. თავად ნოღაიდელი კი გასულ კვირაში ნიუ-იორკში იმყოფებოდა. მისი ვიზიტის ძირითადი მიზანი საერთაშორისო ბიზნესფორუმის ”ინვესტ ინ ჯორჯიას” წარმართვა იყო. ნიუ-იორკში ყოფნისას ნოღაიდელი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ერთად გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანს შეხვდა. ამ შეხვედრის დეტალებზე არაფერია ცნობილი იმის გარდა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით მოეკიდება კონფლიქტური რეგიონებიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას. ნოღაიდელთან შეხვედრაზე კოფი ანანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს მნიშვნელობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის გაგრძელების საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG