Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს ევროპის პარლამენტში დეპუტატები მსჯელობდნენ საფრთხეზე


ორშაბათს ევროპის პარლამენტში დეპუტატები მსჯელობდნენ საფრთხეზე,

რომელიც, შესაძლოა, თან ახლდეს ამ ზაფხულს გერმანიაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. ლაპარაკია ტრეფიკინგის და იძულებითი პროსტიტუციის პრაქტიკის გამძაფრებაზე. ამ საფრთხის გამო, ევროკავშირი ტრეფიკინგში ჩართულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ბრძოლას აძლიერებს და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას ცდილობს. ”ახალი ევროპის” დღევანდელ გამოშვებაში სწორედ ამ პრობლემის შესახებ მოგითხრობთ.

ექსპერტთა ვარაუდით, გერმანიაში სექსის ბიზნესში დაახლოებით 400 ათასი ქალია ჩართული. ქვეყანაში პროსტიტუცია ლეგალიზებულია და, როგორც მოელიან, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც გერმანიაში 9 ივნისს დაიწყება, ამ ბიზნესს მსხვილ მოგებას მოუტანს.

ბერლინის მთავარ სტადიონთან ძალიან ახლოს მდებარე საროსკიპო ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი. ამ დაწესებულებას დღეში 600 კლიენტზე მეტის მიღება შეუძლია. ამ საროსკიპოს გარდა, მოსალოდნელია, რომ ფეხბურთის ჩემპიონატი მოგებას ქვეყანაში მოქმედ ბევრ
შედარებით მცირემასშტაბიან დაწესებულებასაც მოუტანს.

მსგავსი პერსპექტივა ევროკავშირის სტრუქტურებში ქალთა უფლებების დამცველების აღშფოთებას იწვევს. ორშაბათს სტრასბურგში შემდგარ ევროპარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა დაგმეს კავშირი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატსა და პროსტიტუციას შორის არსებობს.

დებატების ინიციატორი სლოვაკეთის წარმომადგენელი და პარლამენტის ქალთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელი ანა ზაბორსკა იყო. თავის გამოსვლაში მან ეს კავშირი დაგმო და მას ”დეკადანსი” და ”ყველაფრის დაშვების ტენდენცია” უწოდა:



[ზაბორსკას ხმა] ”ისინი, ვისაც ამაში ბრალი მიუძღვის, გვარწმუნებენ, რომ ეს მხოლოდ სავალალო დამთხვევაა. მაგრამ ”სიამოვნების სახლის” მესვეურთაგან ერთ-ერთმა გამოგვიცხადა, ფეხბურთი და სექსი განუყოფელიაო. რატომ ხდება, რომ მსგავს შემთხვევებში არავინ არის აღშფოთებული ახალგაზრდა ქალების მიმართ ორგანიზებული მხეცური მოპყრობის გამო, არავინ არის შოკირებული იმით, რომ მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები არ არსებობს?”

ევროკავშირს მისი წევრი ქვეყნების პროსტიტუციის კანონმდებლობაში ჩარევის უფლება არა აქვს. თუმცა კავშირს შეუძლია ებრძოლოს იძულებით პროსტიტუციას, დასაჯოს ტრაფიკერები და დაიცვას ისინი, ვინც ამ პრაქტიკის მსხვერპლი გახდა. ორშაბათს შემდგარ სხდომაზე თითქმის ყველა გამომსვლელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ კავშირი ამ ბრძოლას სათანადოდ არ აწარმოებს.

ექსპერტები შიშობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე გერმანიაში ათასობით ახალგაზრდა ქალს და ბავშვს შეიტყუებენ. ამ საშიშროების გამო ევროპის კომისია სავიზო რეგულაციების გამკაცრების წინადადებით გამოვიდა. განსაკუთრებული სიფრთხილით ევროკავშირში შესვლის მსურველ ქალებს გააკონტროლებენ და კავშირის შიგნით, ე.წ. შენგენის ზონაში, სადაც სავიზო რეგულაციები სხვა დროს მოხსნილია, მოგზაურებს შეამოწმებენ.

პარლამენტარების თქმით, აუცილებელია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ კავშირის კანონმდებლობის რატიფიცირება მოახდინონ.

თუმცა, ზოგიერთი დეპუტატის აზრით, მსგავსი ზომები არც საკმარისია და არც ადეკვატური.

მაგალითად, ლიზ ლინმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ევროკავშირმა, პირველ რიგში, პროსტიტუციაში იძულებით მოხვედრილი ქალები უნდა დაიცვას:

[ლინის ხმა] ”ამ ეტაპზე ამ ქალებს და გოგონებს არაფერი იცავს. მათ არალეგალური იმიგრანტებივით ექცევიან და დეპორტაციას უფარდებენ. ძალიან ხშირად ისინი კვლავ ტრეფიკინგის ქსელში ექცევიან.”

ლინმა ევროკავშირს მოუწოდა ამ ქალებისთვის უსაფრთხო თავშესაფრები შექმნას, სადაც მათ დაპატიმრების შემდეგ დაახლებით 30 დღე მაინც მიეცემათ იმის გადასაწყვეტად,
მისცენ თუ არა ჩვენება ტრაფიკერების წინააღმდეგ.

გერმანიის “მწვანეების” წარმომადგენელი ჰილტრუდ ბრეიერი ერთ-ერთი იყო იმ მრავალ დეპუტატს შორის, რომელმაც ევროკავშირს იძულებითი პროსტიტუციისთვის სიმბოლური წითელი ბარათის ჩვენებისკენ მოუწოდა:

[ბრეიერის ხმა] ”ჩვენ ადამიანებით ტრეფიკინგს და იძულებით პროსტიტუციას წითელი ბარათი უნდა ვუჩვენოთ. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ იძულებითი პროსტიტუციის უარყოფა ერთ-ერთი ელემენტია სამართლიან სპორტში. იძულებითი პროსტიტუციის არც ერთი შემთხვევა არ უნდა მოვითმინოთ.”

ორშაბათს შემდგარ სხდომას ევროკავშირის კომისარი იუსტიციის სფეროში ფრანკო ფრატინიც დაესწრო. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმ ქვეყნების მოქალაქე ქალებს, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, ამ საფრთხის გამო დროებით სავიზო რეჟიმი დაუწესდებათ. ფრატინის თქმით, დამატებითი მოთხოვნები არც იმ ქვეყნებთან მიმართებით დაწესდება, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესვლისთვის ვიზები სჭირდებათ. თუმცა, ფრატინის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების საკონსულოები ვიზის გაცემისას ჩვეულებრივზე მეტი სიფრთხილით გააკონტროლებენ ვიზის მომთხოვნ პირებს. მართალია, არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ფრატინიმ აქ, ძირითადად, ქალები იგულისხმა.

ამავე დროს, ფრატინიმ მხარი დაუჭირა იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლთათვის პრაქტიკული დახმარების მექანიზმების შექმნას. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის დროს საჭიროა სპეციალური სატელეფონო ცხელი ხაზები შეიქმნას და არალეგალურ პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს რაც შეიძლება მეტ ენაზე მიეცეთ რჩევა.

მაგრამ ფრატინის არაფერი უთქვამს ზოგიერთი ჩრდილოეთ ევროპელი პარლამენტარის მოწოდებაზე, რომ ბრძოლა გამოეცხადოს საკუთრივ პროსტიტუციას, როგორც ასეთს.

შვედეთის წარმომადგენელი ავა-ბრიტ სვენსიონი ერთ-ერთი დეპუტატი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ არალეგალური მიწოდება მანამ იარსებებს, სანამ არსებობს პროსტიტუციაზე მოთხოვნა. მისი თქმით, პროსტიტუციის პრაქტიკა ქალთა უფლებებს საფუძველშივე არღვევს:


[სვესიონის ხმა] ”თუ ჩვენ იმას დავუშვებთ, რომ მამაკაცებს ქალების სხეულების ყიდვის უფლება ექნებათ, მაშინ ავტომატურად უნდა დავუშვათ ისიც, რომ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგი დაახლოებით ოთხ მილიონ ქალს და ბავშვს ითრევს. სექსუალური ექსპლუატაციის და პროსტიტუციის დაგმობა ამ სფეროში ჩართული ქალების დადანაშაულებას არ ნიშნავს. პირიქით, ჩვენი სურვილია, ქალებს ჩაგვრის გარეშე შეეძლოთ ცხოვრება და თავიანთი სექსუალობის თანაბარ პირობებში გამოვლენის უფლება ჰქონდეთ. ქალები სავაჭრო საქონელს არ წარმოადგენენ! ქალები არ იყიდებიან!”

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შვედეთი ერთადერთია, სადაც სექსის ყიდვა დანაშაულს წარმოადგენს. ანალოგიურ პროექტს ამ ეტაპზე ფინეთი განიხილავს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG