Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აწუხებთ წალკაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს და ახალჩასახლებულებს


14 მარტს წალკის რაიონის სოფელ ქუშში მიწას მიაბარეს 23 წლის გევორქ გევორქიანი, რომელიც გასულ კვირას წალკაში რესტორან “პონტიასთან” მომხდარი ჩხუბის დროს დანით

მოკლა ქართველმა ბექთილ გაბულდანმა. მკვლელობას მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები და არეულობა სომხებით დასახლებულ წალკის რაიონსა და ახალქალაქში. ამის გამო საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკრძალვის დროს წალკაში გადაისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა რაზმი და ქვემო ქართლის მთელი პოლიციის შემადგენლობა. მე წალკაში ორი დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი და ვცდილობდი გამერკვია, თუ რა აშფოთებს წალკის რაიონის მოსახლეობას და არსებობს თუ არა იქ ეთნიკური დაპირისპირების საფრთხე.

წალკის რაიონში პირველი გახმაურებული მკვლელობა, რის გამოც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იძულებული გახდა რაიონში სპეცდანიშნულების ძალები გადაესხა, 1999 წელს მოხდა. ძაღლების ჩხუბის დროს ქართველი და ბერძენი ეროვნების მამაკაცებს შორის მომხდარი წალაპარაკება შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. მეორე შემთხვევა კი შარშან მოხდა, - იხსენებს 50 წლის ინჟინერი გიგლა აბდელანი, - რასაც ასევე მოჰყვა ბერძენი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლა ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ:
[გიგლა აბდელანის ხმა] “შარშან ადგილობრივი ბერძნის ოჯახი დააყაჩაღეს. სამწუხაროდ, ოჯახის უფროსი დაიღუპა. ოჯახიდან გაიტანეს ოქროულობა. ასეთი კონფლიქტები როცა ხდება, ამის შემდეგ ძალიან დიდი დაძაბულობაა ხოლმე.”

სოფელ კუშის 23 წლის მკვიდრის გევორქ გევორქიანის მკვლელობამ კი 10 მარტს წალკის ქუჩებში სომხური თემის წარმომადგენლები გამოიყვანა. მომიტინგეების დაშლა სპეცდანიშნულების ძალებით მოხერხდა. ამის შემდეგ ავტომატიანი პოლიციის რაზმები ქალაქის ქუჩებში სადღეღამისო რეჟიმში პატრულირებენ. სპეცდანიშნულების ძალებს კი საკონტროლო გამშვები პუნქტები აქვთ ორგანიზებული ქალაქის შესასვლელში და სოფელ თაკილისასთან, საიდანაც მიდის გზა სომხებით დასახლებულ სოფელ ქუშამდე. წალკის გამგებელმა მიხეილ ცქიტიშვილმა, რომელსაც დაღუპული გევორქ გევორქიანის ახლობლები გასულ კვირას კაბინეტში შეუცვივდნენ, საგანგებოდ გამაფრთხილა, რომ არ ჩავსულიყავი სოფელ ქუშში დაკრძალვის დღეს, რადგან შეიძლებოდა უსიამოვნებას წავწყდომოდი. მაგრამ ხმები დაკრძალვის დღეს მოსალოდნელი არეულობის შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა. სოფელ ქუშის სასაფლაოზე შეკრებილი ადამიანები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამნაშავეების დასჯას და რეგიონში წესრიგის დამყარებას მოითხოვდნენ. მათ შორის იყო 44 წლის არამ გევორქიანი.

[არამ გევორქიანის ხმა] “ნახეთ, რა ხდება! ცამეტი მკვლელობა მოხდა წალკის რაიონში და არავინ იცის, თუ რა ხდება. სად არის სასამართლო? არავინ ამას არ აქცევს ყურადღებას. თითქოს წალკის რაიონში ჩამორჩენილი ხალხი ცხოვრობდეს. ჩვენ ყველანი ღმერთისგან გავჩნდით, რათა ვიცხოვროთ და არა იმისათვის, რომ ერთმანეთს ვეომოთ.”

წალკის რაიონში მცხოვრებ სომხებს საქართველოს ლოიალურ მოქალაქეებს უწოდებს და მათი მხრიდან ყოველგვარ სეპარატიზმს გამორიცხავს სომხეთის პოლიტიკური პარტიის, “ძლიერი მამულის”, ლიდერი ვართან ვართაპეტიანი, რომელიც 14 მარტს საგანგებოდ ჩამოვიდა ერევნიდან, რათა დასწრებოდა სოფელ ქუშში გამართულ დაკრძალვას. რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში ვართან ვართაპეტიანმა აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა სომხური თემით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების მოუგვარებლობაა:

[ვართან ვართაპეტიანის ხმა] “ეს ელემენტარული პრობლემები - გზების და კომუნიკაციის - უნდა მოგვარდეს. აი, თქვენ, როგორც ჟურნალისტი, იტყვით, რომ აქ შეიძლება ნორმალური არსებობა? რატომ არ იჩენს თავს მწვავე მოთხოვნები საფრანგეთსა და ამერიკაში, სადაც მილიონობით სომეხი ცხოვრობს? იმიტომ რომ იქ საყოფაცხოვრებო პირობები მოგვარებულია. აქ კი 21-ე საუკუნის საქართველოს მოქალაქისათვის არ არსებობს ნორმალური პირობები.”

შავმიწიანი წალკის რაიონი თავის დროზე, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ერთ-ერთ განვითარებულ რაიონად ითვლებოდა საქართველოში. მაგრამ საერთო ეკონომიკური კრიზისის გამო ერთიმეორის მიყოლებით დაიხურა საწარმოები, მოუვლელობის გამო დაზიანდა გზები და თბილისიდან წალკაში ჩასვლას ლამის 4 საათი უნდება. რაიონს სუსტად მიეწოდება ელექტროენერგია და არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი, რის გამოც ალპურ ზონაში განლაგებულ სოფლებში გამოზამთრება ძალიან ჭირს. “ყველაფრის გაყიდვა გვიჭირს, რომ თავი ვირჩინოთო,” მითხრა სოფელ კუშის მცხოვრებმა არამ გევორქიანმა.

ეკონომიკური სიდუხჭირისა და მძიმე კრიმინალური მდგომარეობის გამო რაიონიდან თითქმის გავიდა ბერძნული მოსახლეობა. მათ ნაცვლად კი საქართველოს ხელისუფლებამ 5 წლის წინ მაღალმთიანი აჭარიდან და სვანეთიდან, სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებული მოსახლეობის ჩასახლება დაიწყო. მაგრამ სამუშაო ადგილები და ოჯახის რჩენა ყველას უჭირს. ჩხუბიც სწორედ ამიტომ ხდებაო, ჩივის წალკელი ვიოლა უშხვანი, რომელიც თავს პატარა დახლში ვაჭრობით ირჩენს:

[ვიოლა უშხვანის ხმა] “უბრალო შეხლა-შემოხლა სულ ხდება, მაგრამ სომხებსა და ქართველებს შორის კი არა, საერთოდ მთვრალ ახალგაზრდებს შორის. რაღაც ხულიგნური დაპირისპირებებია. უსაქმურობისაგან არ იციან რა ქნან. თორემ აქ ახლა პოლიტიკური რამე არაფერი არ იყო.”


წალკის რაიონის მოსახლეობისათვის ერთგვარ შვებად იქცა მშენებლობა საუკუნის ნავთობსადენისა, რომლის ერთი მონაკვეთი თეთრი წყაროსა და წალკის რაიონებზე გადის და სადაც დღეისათვის 4 ათასამდე ადგილობრივი სომეხი, ქართველი და ბერძენია დასაქმებული. მაგრამ ნავთობსადენის სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა, პირველი აგვისტოდან კი დაქირავებულ მუშებს სახლში დაითხოვენ. შესაბამისად, უმუშევრობა და, აქედან გამომდინარე, საყოფაცხოვრებო დაპირისპირება კიდევ უფრო გაიზრდება, - ვიოლა უშხვანის მსგავასად ჩივის წალკის ბევრი მცხოვრები, რომლებიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოიზიდონ ინვესტიციები რაიონში, ალაგმონ დამნაშავეობა და ყველასთვის შექმნან ცხოვრების ნორმალური პირობები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG