Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი სისხლისმღვრელი ბრძოლისა და მისი მონაწილეების ისტორია


16 მარტს თბილისში მდებარე ხსოვნის მემორიალთან

რამდენიმე ომის ვეტერანმა მდუმარედ აღნიშნა გუმისთის სამხედრო ოპერაციის მე-13 წლისთავი. ეს ბრძოლა, რომელიც სოხუმის დამცველების წარმატებით დასრულდა, პირველი სერიოზული გამარჯვება იყო გაგრის მარცხის შემდეგ. მაგრამ მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა, სოხუმის დაცემამ და აფხაზეთის საქართველოდან დე ფაქტო ჩამოშორებამ, გააუფასურა 13 წლის წინანდელი ბრძოლის ამბები. ხოლო იმ ბრძოლის მონაწილე თითო-ოროლა სამხედრო, ვინც ჯერ კიდევ დარჩა სამხედრო სისტემაში, მკაცრი პოლიტიკური რეალობის გამო, იძულებულია დამალოს საკუთარი წარსული. თუ რატომ, ამის შესახებ მინდა ვისაუბრო ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო”.

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მელითაური 1993 წლის 16 მარტს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბატალიონ “შავნაბადას”რიგებში ჯავშანსატანკო ოცეულს ხელმძღვანელობდა. 19 წლის ბიჭს იმხანად უკვე ჰქონდა მონაწილეობა მიღებული გაგრის დესანტის ოპერაციაში, თუმცა ამბობს, რომ ასეთ მასირებულ შეტევაში პირველად აღმოჩნდა. გიორგის თქმით, მოწინააღმდეგის იერიშების მოგერიება სოხუმის მცხოვრებლებისაგან შექმნილ ლაშქარს მძიმე დანაკარგის ფასად მოუხდა, მოგვიანებით კი მათ “შავნაბადას” ბატალიონიც დაეხმარა საბრძოლო ტექნიკით.
[გიორგი მელითაურის ხმა] “პრაქტიკულად ისე მოხდა, რომ “შავნაბადამ” მოასწრო გუმისთის ხიდის გადაკეტვა. ადგილობრივმა ძალებმა - სოხუმელებმა - ძალიან გმირულად იბრძოლეს. ძალიან ბევრი დანაკარგიც ჰქონდათ. მაგრამ ეს პოზიციები ბოლომდე შეინარჩუნეს და ჩვენმა ბატალიონმა მოუსწრო კულმინაციურ მომენტს, როცა გააფთრებული ბრძოლები მიდიოდა. იმ მომენტში ერთი ეკიპაჟი გამოვიდა მწყობრიდან. საჩხერელი ბიჭი დათო, მეტსახელად ინჩა, ნამსხვრევისაგან გულში დაიჭრა და მოკვდა. “ვაი დედაო,” მხოლოდ ეს მოასწრო.”

გუმისთის დამცველებს შორის იყო თბილისელი შალვა მინდიაშვილი, რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროს სწორედ იმ ქვედანაყოფში მსახურობს, რომელიც ბატალიონ “შავნაბადას” სახელს ატარებს. იგი დესანტის მოგერიების ოპერაციაში თანამებრძოლებთან ერთად გამთენიისას ჩაება. თუმცა ჯარისკაცებს ადგილზე მოუწიათ ორიენტირება, რადგან მათთვის ადგილმდებარეობაც და ცეცხლის მიმართულებაც უცნობი იყო.

[შალვა მინდიაშვილის ხმა] “სადღაც ღამის სამ საათზე დაიწყო დაბომბვა. მოგვცეს ორიენტაცია - ამა და ამ ადგილზე უნდა წახვიდეთო. ჩვენ ეს ადგილმდებარეობა არ ვიცოდით, ბმპ (ქვეითთა ჯავშანმანქანა) იყო აფეთქებული, რომელიც ჩვენი ყოფილა, როგორც მერე გავარკვიეთ. ეკიპაჟიდან ერთი იყო გადარჩენილი და რუსულად იძახდა “პომაგიტე,პომაგიტეო” და ჩვენ გვეგონა, ვინმე პროვოკაციას არ გვიწყობდესო, რადგან დაჭრილი სახლში იყო შეყვანილი. ამ დროს დაბომბვა გრძელდებოდა. სადღაც 5 მეტრში ფეთქდებოდა ჭურვები, ჩვენ კი არ ვიცოდით, თუ რომელი მიმართულებით გვებრძოლა.”

მიუხედავადა სუსტი მმართველობისა, სოხუმის დამცველებმა შეძლეს მოწინააღმდეგის მასირებული იერიშის მოგერიება. სხვადასხვა მონაცემით, სოხუმზე იერიშში აფხაზთა და ჩრდილოკავკასიელთა 600-კაციანი კონტინგენტი ღებულობდა მონაწილეობას და დიდი დანაკლისიც განიცადა. 1992 წლის სექტემბერ-ოქტომბრის გაგრის მარცხის შემდეგ ეს იყო გარდატეხა, როდესაც შეიძლებოდა კონტრშეტევაზე გადასვლა, მაგრამ საქართველოს პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ეს ინიციატივა ხელიდან გაუშვა, ამბობს უკრაინელი ოლეგ ბაბროვიჩი, რომელიც 1993 წელს სათავეში ედგა უკრაინელი მოხალისეებისაგან შემდგარ სამთო-მსროლელ ბატალიონს. ოლეგ ბაბროვიჩი 8 თებერვალს თბილისში იყო ჩამოსული და ეს ინტერვიუც რადიო “თავისუფლებამ” მაშინ ჩაწერა:

[ოლეგ ბაბროვიჩის ხმა] “მონაწილეობას ვღებულობდი სოხუმის დაცვის ბრძოლებში. ჩემმა ქვედანაყოფმა შტურმით აიღო სოფელი შრომა. ბრძოლებში სამი მებრძოლი დაგვეღუპა, 28 დაგვეჭრა. პლაცდარმი სამი დღე გვეკავა. მაგრამ შემდეგ, ჩვენთვის გაუგებარი გარემოების გამო, დახმარება ვეღარ მივიღეთ წარმატების გასაღრმავებლად. თუმცა ეს იყო სტრატეგიული უბანი და, როგორც ოფიცერი, ვფიქრობდი, რომ შრომიდან შეგვეძლო გასვლა ახალ ათონზე და გზა მოგვეჭრა გუმისთის დაჯგუფებისათვის.”

მაგრამ 13 წლის წინანდელი სამხედრო-პოლიტიკური მარცხის მიზეზების გამოკვლევა საქართველოში წინა ხელისუფლების დროს არავის უცდია. ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული პოლიტიკა, რომ “ისტორია სუფთა ფურცლიდან” იწყება, საბედისწეროდ შეეხო იმ ცოცხლად დარჩენილ ქართველ სამხედროებს, რომლებმაც პროფესიონალი ოფიცრის სამხედრო კარიერა აირჩიეს. ზემოხსენებული გიორგი მელითაური აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ სხვადასხვა სამხედრო ნაწილში მსახურობდა. 2003 წელს მეთაურობდა ქართულ კონტინგენტს კოსოვოში, შარშან ზაფხულში კი დაამთავრა გერმანიის გენერალური შტაბის უმაღლესი აკადემია, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებული 33 წლის ოფიცრისთვის სამხედრო უწყებაში ადგილი ვერ გამოინახა.
[გიორგი მელითაურის ხმა] “გერმანიიდან რომ ჩამოვედი, წესისა და რიგის მიხედვით, პატაკით მივმართე სამხედრო ხელმძღვანელობას, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. გენერალური შტაბის უფროსმა კი აუდიენციაზე უარი მითხრა. შემდეგ კი კადრების განკარგულებაში გამიყვანეს 4 თვით. მივხვდი, რომ არავის ვჭირდებოდი.”

ზემოხსენებული “შავნაბადას” ბატალიონის პირადი შემადგენლობიდან, რომელიც 13 წლის წინ გუმისთის ოპერაციაში მონაწილეობდა, დღესდღეობით ქართულ არმიაში მსახურობს ერთადერთი ოფიცერი, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემჟღავნებინა მარტივი მიზეზის გამო - ბატალიონის ყველა ძველი წევრი და მათი მეთაური გენერალი კობა კობალაძე, რომელიც ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენის კავალერია, ახალმა ხელისუფლებამ სამხედრო უწყებიდან დაითხოვა. მაგრამ ბატალიონ “შავნაბადას” სახელი დარჩა. ამ სახელობის ბატალიონი სამშვიდობო მისიით შარშან ზაფხულში ერაყში იმყოფებოდა. ეს მცირედი ნუგეშია იმ ცოცხლად დარჩენილი შავნაბადელებისათვის, ვინც 13 წლის წინ ამ ბატალიონის შემადგენლობაში საკუთარ ქვეყანას იცავდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG