Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ახალი ევროპის” დღევანდელ გამოშვებაში იტალიაზე ვისაუბრებთ.


”ახალი ევროპის” დღევანდელ გამოშვებაში იტალიაზე ვისაუბრებთ.

სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იქ გამართულ არჩევნებში გამარჯვება რომანო პროდის მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ მოიპოვა.
თუმცა პროდისა და პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა. ეს კი, ანალიტიკოსების აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ იტალიის მოქმედი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც ოპონენტები უკვე წლებია, რაც ინტერესთა შეუთავსებლობაში ადანაშაულებენ, კვლავ პოპულარული პოლიტიკური ფიგურაა.


სამშაბათ საღამოს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, იტალიაში გამართულ არჩევნებში რომანო პროდის მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა. თუმცა პროდის მთავარი კონკურენტი, იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, დამარცხებასთან შერიგებას არ აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, პროდის კოალიციამ, რომელიც სოციალ-დემოკრატების, კომუნისტების, კათოლიკეებისა და მწვანეებისგან შედგება, პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვა. თუმცა პროდის და ბერლუსკონის კოალიციების მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა. შედეგები ახლა იტალიის უზენაესმა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

თუმცა ბერლუსკონი შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ ხმების დათვლის პროცესი დარღვევებით ჩატარდა. ამავე დროს, მისივე წინადადებით, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისთვის ორმა კოალიციამ ერთად უნდა იმუშაოს.
აქვე გეტყვით, რომ კოალიცია, რომლითაც ბერლუსკონიმ პრემიერობის მესამე ვადის მოსაპოვებლად ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მისი პარტია ”ფორცა იტალიისგან”, წარსულში ნეოფაშისტური ეროვნული ალიანსისგან, პროვატიკანურად განწყობილი ძალებისა და ანტიიმიგრანტული ”ჩრდილოეთის ლიგისგან” შედგება.

რომანო პროდიმ, თავის მხრივ, მემარჯვენე და მემარცხენე ძალთა კოალიციის შექმნის იდეა უარყო.

არჩევნების შედეგების მიუხედავად, ანალიტიკოსების საერთო აზრით, ამ კენჭისყრამ ცხადყო, რომ 69 წლის მედიამაგნატი სილვიო ბერლუსკონი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიაში ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრის პოსტი, ქვეყანაში კვლავ პოპულარულია.



ამჯერად ყურადღებას სწორედ ბერლუსკონის ფენომენზე შევაჩერებ და ვეცდები გავარკვიო, რა მიზეზები განსაზღვრავს ამ არაერთგვაროვანი რეპუტაციის მქონე ფიგურის პოპულარობას.

ჟურნალ ”ფორბსის” თანახმად, ბერლუსკონი იტალიაში ყველაზე მდიდარი ადამიანია - მისი ქონება ამჟამად 12 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. სხვა საკუთრებასთან ერთად,
ის იტალიაში სამ ტელეარხს ფლობს. საქართველოში ფეხბურთის მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბერლუსკონი, ამავე დროს, პოპულარული საფეხბურთო კლუბის, ”მილანის”, პრეზიდენტია.

ბერლუსკონის ოპონენტები, - როგორც პოლიტიკოსები, ისე ჟურნალისტები და ანალიტიკოსები, - უკვე წლებია, ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბერლუსკონი ხელისუფლებას მედიის მანიპულირებით და დიდი კაპიტალით ინარჩუნებს. თუმცა, როგორც ამ არჩევნებმაც აჩვენა, კრიტიკის მიუხედავად, ბერლუსკონი იტალიაში კვლავაც პოპულარული პოლიტიკური ფიგურაა.

ეს ფაქტორი ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის მკვლევარმა, იტალიის პოლიტიკური ისტორიის სპეციალისტმა ნილ ჰუილჰენმა, ჩვენთან საუბრისას ასე ახსნა:

[ჰუილჰენის ხმა] ”იტალიის პოლიტიკური სფერო რადიკალურად დაყოფილი მხარეებისგან შედგება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლიტიკას მემარცხენე და მემარჯვენე ძალები მართავენ - ერთი მხრივ, ანტიფაშისტები და კომუნისტები, და, მეორე მხრივ, ყოფილი ფაშისტები და მემარჯვენე კოალიციები. ორივე მხარეს ჰყავს ისეთი ფიგურები, რომელთაც, ამა თუ იმ ფორმით, 60-იან და 70-იან წლებში მემარცხენე ან მემარჯვენე ტერორისტულ ძალადობასთან ჰქონდათ კავშირი. როდესაც ბერლუსკონი გამოჩნდა, ის, პირველ რიგში, ბიზნესმენი იყო და არა პოლიტიკოსი და კავშირი არც ნეოფაშისტებთან ჰქონდა და არც კომუნისტებთან. მან სწორედ იმაზე ააგო თავისი კამპანია, რომ ბიზნესმენი იყო და შეეძლო უკიდურესობებისგან იტალიის პოლიტიკური ცხოვრების გადარჩენა.”

ანალიტიკოსების აზრით, იტალიის ეკონომიკამ ბერლუსკონის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში სტაგნაცია განიცადა. თუმცა, მცირე გადასახადების გამო, მის ამომრჩევლებს შორის კვლავაც რჩებიან იტალიაში მოქმედი უამრავი წვრილი ბიზნესის მფლობელები. დღეს ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ მათგანს, ენრიკო ბონაიტის, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები ასე აგვიხსნა:

[ბონაიტის ხმა] ”მე კერძო ფირმის მფლობელი ვარ და როდესაც ბერლუსკონი ლაპარაკობს, მისი მოსაზრებები ჩემთვის ახლობელი და გასაგებია. თუმცა ეს, ცხადია, ჩემი პირადი აზრია. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ის პოპულარობას იმით ინარჩუნებს, რომ პრაქტიკული ადამიანია, მაშინ როდესაც ბატონი პროდი ძველმოდური პოლიტიკოსია.”

ენრიკო ბონაიტის აზრით, უცხოელებს, რომლებიც ბერლუსკონისთან მიმართებით ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ, არ ესმით მისი პოპულარობის რეალური მიზეზები:

[ბონაიტის ხმა] ”დარწმუნებული ვარ, მათთვის, ვინც იტალიაში არ ცხოვრობს, ცოტა გაუგებარია, რატომ შეიძლება ბერლუსკონის უჭერდე მხარს. ის კარგად საუბრობს, პირდაპირ მოქმედებს და შეუძლია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის ძალიან ახლობელი მოსაზრებები გამოთქვას. ჩემი აზრით, მემარცხენე ძალები ძალიან დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ მის განადგურებას. ეს პიროვნული ბრძოლაა - ისინი უშუალოდ ბერლუსკონის ებრძვიან. მაგრამ, როგორც გამოჩნდა, მისი განადგურება ვერ შეძლეს. იტალიის მოსახლეობის ნახევარი ხმას მას აძლევს - და არ შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი ყველანი, უბრალოდ, იდიოტები არიან.”

თუმცა, ნილ ჰუილჰენის აზრით, ბერლუსკონის ”პრაქტიკულმა” პოლიტიკამ ქვეყანას, რეალურად, ბევრი არაფერი მოუტანა:

[ჰუილჰენის ხმა] ’ბერლუსკონის ხიბლი იმაში მდგომარეობდა, რომ მდიდარი ბიზნესმენი იყო და აცხადებდა, იტალიას ისეთსავე მენეჯმენტს გავუწევ, როგორსაც რომელიმე საკუთარ კომპანიასო. ამას კი იტალიისთვის წარმატება უნდა მოეტანა. თუმცა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, იტალიას საკუთარი კომპანიის მსგავსად არ უხელმძღვანელა. მეტიც - ის კანონებს არა ქვეყნის, არამედ საკუთარი ფინანსური ინტერესების თანახმად ცვლიდა. ამასთან, ბერლუსკონი გამუდმებით აცხადებდა, რომ მისი მოქრთამვა შეუძლებელი იყო, რადგანაც უკვე დიდ ქონებას ფლობდა და არ დაექვემდებარებოდა კორუფციას, რომელიც 70-იან და 80-იან წლებში იტალიის პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი მოვლენა გახლდათ. თუმცა,როგორც ბოლო 5 წლის მანძილზე გაირკვა, ეს განცხადებები მხოლოდ რიტორიკა ყოფილა.”

ეს, რაც შეეხება სილვიო ბერლუსკონის ფენომენს. არჩევნების შესახებ კი შეგახსენებთ, რომ სამშაბათ საღამოს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ბერლუსკონის პოლიტიკურმა გაერთიანებამ, კონკურენტ მემარცხენე-ცენტრისტულ კოალიციასთან შედარებით, ხმების ოდნავ ნაკლები რაოდენობა მოიპოვა. იტალიის არჩევნებში გამარჯვებული რომანო პროდის გაერთიანება გახდა. ხოლო ის, თუ რას მოუტანს ეს შედეგი იტალიას, ცხადია, მომავალში გაირკვევა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG