Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ამოცანები დგას კოსმონავტიკის წინაშე კოსმოსში პირველი ადამიანის გაფრენიდან 45 წლის შემდეგ?


ზუსტად 45 წლის წინ, 1961 წლის 12 აპრილს, კოსმოსში პირველი ადამიანი გაფრინდა. იური გაგარინმა მაშინ ეს ლეგენდარული სიტყვა წარმოთქვა:


[იური გაგარინის ხმა] "Поехали!"

დღესვე კოსმოსური კვლევის სფეროს მუშაკები კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავენ: შესრულდა 25 წელი შეერთებული შტატების მიერ კოსმოსში პირველი მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის გაშვებიდან. რა ამოცანები დგას კოსმონავტიკის წინაშე დღეს?

რუსეთი დღესაც, იური გაგარინის პირველი გაფრენიდან 45 წლის შემდეგაც, განაგრძობს კოსმოსურ კვლევას. ამ ათიოდე დღის წინ, 1 აპრილს, სწორედ რუსეთის "სოიუზის" ტიპის რაკეტით გაფრინდნენ კოსმოსში კოსმონავტი პაველ ვინოგრადოვი, ამერიკელი ასტრონავტი ჯეფრი უილიამსი და ბრაზილიის პირველი ასტრონავტი მარკუშ პონტეში - ამ სამეულს საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე ვალერი ტოკარევი შეეგება.

[ვალერი ტოკარევის ხმა] "Открываем люк... Привет, Маркос!"

ვინოგრადოვი, უილიამსი და პონტეში კოსმოსში, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის "სოიუზმა" გაიყვანა. რაც შეეხება შეერთებული შტატების მრავალჯერადი გამოყენების ხომალდების, ანუ "შატლის" პროგრამას - რომლის განხორციელებაც 1981 წელს დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო - დღეს იგი თითქმის შეჩერებულია.

კოსმოსური კვლევის სახელმწიფო უწყების - NASA-ს -თავდაპირველი გეგმით "შატლს" ყოველწლიურად 60-მდე ფრენა უნდა შეესრულებინა, რაც რენტაბელურს გახდიდა მთელს პროგრამას. მაგრამ მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ამერიკელებმა ამ თვალსაზრისით შეძლეს, წელიწადში ცხრა გაფრენა იყო 1985 წელს. 86-ში მოხდა "ჩელენჯერის" ტრაგედია, როცა ხომალდი - და მასთან ერთად ეკიპაჟის შვიდივე წევრი - მსოფლიოს ტელემაყურებელთა თვალწინ აფეთქდა. 2003 წელს კიდევ შვიდი ამერიკელი ასტრონავტი იმსხვერპლა კატასტროფამ, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების ხომალდ "კოლამბიას" შეემთხვა. ამ ტრაგედიის შემდეგ ამერიკელებმა შატლი მხოლოდ ერთხელ გაუშვეს კოსმოსში: შარშან ხომალდმა "დისკავერიმ" საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე აიყვანა ასტრონავტები.

როგორც ხედავთ, სადგურთან კავშირი ძირითადად რუსეთის რაკეტების მეშვეობით ხორციელდება. რატომ? ამ შეკითხვით რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ენდრიუ ტალიმ მიმართა ედვარდ ჰაჯინგსს, ვაშინგტონის კატოს კვლევითი ინსტიტუტის კოსმოსური კვლევის ექსპერტს.

[ედვარდ ჰაჯინგსის ხმა] "რუსები მარტივად მუშაობენ. ისინი, შესაძლოა, ახლაც იმასვე აკეთებდნენ, რასაც 30 წლის წინათ აკეთებდნენ, მაგრამ ერთი კი მოახერხეს, რომ მათი საქმიანობა შედარებით უსაფრთხოა. ასე რომ, მათ, მართალია, დიდი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ ხალხი მაინც არ ეხოცებათ."

ჰაჯინგსი აღნიშნავს, რომ 1961 წლის 12 აპრილიდან მოყოლებული კოსმოსში გაფრენის პრივილეგია 500-მდე ადამიანს ხვდა. მაგრამ ამერიკელი ექსპერტის აზრით, მეცნიერებისთვის თუ მეტი არა, არანაკლები სარგებლობა მოაქვს იმ კოსმოსურ პროგრამებს, რომლებიც ადამიანის უშუალო მონაწილეობას არ ითვალისწინებს. მაგალითად ჰაჯინგსი ასახელებს "კასინისა" და "ვოიაჯერის" პროგრამებს, გიგანტურ კოსმოსურ ტელესკოპ "ჰაბლს", რომელიც დედამიწის ორბიტის გარშემო მოძრაობს და კოსმოსურ სხეულებს "აკვირდება".

დაბოლოს: ედვარდ ჰაჯინგსი დარწმუნებულია, რომ ათასგვარი ხიფათისა და უზარმაზარი ხარჯების მიუხედავად, კოსმოსური კვლევის გაღრმავება აუცილებელია. რაც, მისივე თქმით, ხშირად არ ესმით დიდი ქვეყნების მთავრობებს.
XS
SM
MD
LG