Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის


გასულ კვირას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის

ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილის დასმა ბალეტის მოყვარულებს ადანის ”ჟიზელის” ახალი ვერსია შესთავაზა. აქამდე ჩვენს თეატრში ”ჟიზელი” ვახტანგ ჭაბუკიანის რედაქციით იდგმებოდა, მაგრამ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია, როგორც ჩანს, ისევ მოძველებულად მიიჩნიეს (ეს ბალეტი საქართველოში 1946 წლიდან იდგმება) და უპირატესობა ალექსეი ფადეიჩევის რედაქციას მიანიჭეს. ”ჟიზელში” ვიხილეთ ახალგაზრდა სოლისტები ჩვენი საბალეტო დასისა, რომელთანაც დღეს ისევ მოსკოვიდან მოწვეული პედაგოგი ტატიანა როსტორგუევა მუშაობს... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ოპერის თეატრში დღეს ფრანგულ ”ჟიზელსაც” კი რუსული ქორეოგრაფიის ტრადიციებზე დაყრდნობით დგამენ, რაც, არსებითად, ჩვეულებრივი მოვლენაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საფრანგეთშიც... მაგრამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვერ დაიკვეხნიან ისეთი ქორეოგრაფით, როგორიც ვახტანგ ჭაბუკიანი იყო, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში როდი არსებობს ასეთი ცნება - ”ეროვნული ქორეოგრაფია”. ვახტანგ ჭაბუკიანმა, რუსული-საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, მთელი თავისი ცხოვრება შეალია ეროვნული ქორეოგრაფიის შექმნას და მის დაახლოებას ევროპულ საბალეტო სკოლასთან. დღეს, როგორც ჩანს, ისევ იცვლება ყველაფერი: ქართულ ბალეტს ახლა რუსეთიდან ჩამოყვანილი სპეციალისტები მფარველობენ.

”ჟიზელის” ახალი ვერსიის ავტორების თქმით, ფადეიჩევის წარმოდგენაში ალექსანდრე ბენუას დეკორაციის ელემენტებია გამოყენებული, იმ სპექტაკლის დეკორაციისა, რომელშიც ვაცლავ ნიჟინსკი და ანა პავლოვა ცეკვავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადანის ბალეტის ახალი ვერსია რუსული ავანგარდის ტრადიციებს დაუახლოვეს... რაც მხოლოდ და მხოლოდ უნდა გვიხაროდეს ბალეტის ქართველ მოყვარულებს: აბა, რამ გაყო რუსული და ქართული ავანგარდი?

ბალეტის მოყვარულებმა, არ ვიცი, მაგრამ სახვითი ხელოვნების მოყვარულებმა კი ვიცით, რომ ”გაყო”... და, თანაც, როგორ!... ”გაყო” საფრანგეთმა, სადაც თითქმის ყველა ქართველმა ავანგარდისტმა გაიარა, ასე ვთქვათ, ”ახალი მხატვრობის” სკოლა... ზოგმა ვერ შეძლო ევროპაში გამგზავრება - ფიროსმანმა, მაგალითად... მაგრამ, ქართული მონუმენტური მხატვრობის გარდა, ფიროსმანმა ფრანგი პრიმიტივისტების გავლენა რომ განიცადა, ეს ყველამ იცის, ვინც ასე თუ ისე გარკვეულია მეოცე საუკუნის ფერწერის ისტორიაში.

თუმცა თავად რუსები, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობენ. სხვაგვარად ფიქრობს ცნობილი ხელოვნებათმცოდნე ტომას ლორენსი, მადრიდის სახელგანთქმულ ტისენის მუზეუმში წარმოდგენილი რუსული ავანგარდის ექსპოზიციის ინსპექტორი, რომელმაც ამ დღეებში ესპანურ გაზეთ ”ელპაისში” ვრცელი რეცენზია მიუძღვნა გამოფენას ტისენში, რომლის მთავარ დარბაზში, ყველაზე გამორჩეულ ადგილას, დღეს ნიკო ფიროსმანის ორი სურათი კიდია... ტისენის მუზეუმის ვებსაიტზე ფიროსმანის სურათები შეფასებულია როგორც მარგალიტი გამოფენისა ”რუსული ავანგარდი 1907 წლიდან 1935 წლამდე”.

”მადრიდი რუსულ ავანგარდს მასპინძლობს”, ”უძველესი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მუზეუმის დარბაზები რუსულ მხატვრობას - კანდინსკის, მალევიჩის, ფიროსმანიშვილის შემოქმედებას დაუთმეს”... აი, ამას იუწყებოდა რუსული პრესა მთელი გასული კვირის განმავლობაში. საქართველოში, შესაძლოა, არც არავინ დაინტერესებულიყო რუსული ავანგარდის ამ გამოფენით ესპანეთში და არავის წაეკითხა ეს სტატიები, რომ არა ერთი შემთხვევა - მწერალი დავით ტურაშვილი, რომელიც ამჟამად მადრიდში სწავლობს, გამოფენის გახსნისთანავე ეწვია ტისენის მუზეუმს მალევიჩისა და კანდინსკის სანახავად და შესასვლელშივე იხილა ფიროსმანის ტილოები. თუმცა ჯობს მოვუსმინოთ თავად დათოს, რომელსაც ჩვენ მადრიდში დავუკავშირდით:

[დათო ტურაშვილის ხმა]: ”რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა გამოფენა მადრიდში, ტისენის მუზეუმში, ამ გამოფენას პირდაპირ ასე ჰქვია: ”რუსული ავანგარდის გამოფენა”, მოწყობილი რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ. ეს საგამოფენო დარბაზი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე, მაგალითად, პრადო. წავედი კანდინსკისა და შაგალის სანახავად, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ გამოფენა ფიროსმანის ნახატებით დაიწყებოდა.”

დათო ტურაშვილის ვარაუდით, ფიროსმანის ეს სურათები რუსეთში ზდანევიჩის მიერაა გატანილი. ჩვენი მხრივ დავუმატებთ, რომ იმავე ტრეტიაკოვის გალერეაში ფიროსმანი ”რუს მხატვრად” არასდროს მოუნათლავთ. უფრო მეტიც, საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეები ფორსმანს არა ”ავანგარდისტს”, არამედ უფრო ”პრიმიტივისტს” უწოდებდნენ. სხვათა შორის, ეს განსაზღვრება - ”პრიმიტივისტი” -მადრიდის ექსპოზიციის ორგანიზატორებმაც გამოიყენეს. ტისენის მუზეუმის ერთი დარბაზი შეივსო ნამუშევრებით, რომლებიც გაერთიანებულია სახელით ”პრიმიტივიზმი და ავანგარდი”... მაგრამ ფორისმანი სულ სხვა დარბაზში კიდია, იქ, სადაც იგულისხმება ავანგარდის კავშირი რუსულ კლასიკურ მხატვრობასთან.

[დათო ტურაშვილის ხმა] ”ესაა 1907 წელს დახატული ”კახური ნადიმი” და 1909 წელს დახატული ”თავადის შვილი ყანწით ხელში”. მითითებულია, რომ ერთი ეკუთვნის ტრეტიაკოვის გალერეას, მეორე - პეტერბურგის სახელმწიფო მუზეუმს; მოჰყვება თან კატალოგი და ბუკლეტი, აბსურდული ტექსტით ფიროსმანთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არის რუსი ავანგარდისტი მხატვარი, მის შემოქმედებას აშკარად ეტყობა რუსული მხატვრობისა და რუსული იკონოგრაფიის ტრადიციების გავლენა.”

რა უნდა ქნას ამ დროს ქართველმა მწერალმა, რომელიც შემთხვევით მოხვდა მადრიდის მუზეუმში? ვის უნდა მიმართოს, როცა ექსპოზიციის ორგანიზატორი რუსეთის ხელისუფლებაა? დათო ტურაშვილის თქმით, მას ისღა დარჩენია იდგეს ასე ფიროსმანის სურათებთან და დამთვალიერებლებს (გამოფენის ორგანიზატორები აღიარებენ, რომ ფიროსმანს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს), ექსპოზიციის სანახავად მობრძანებულ მადრიდელებსა და მადრიდის სტუმრებს აუხსნას, რომ ფიროსმანი არ არის რუსი მხატვარი... ვინც დათო ტურაშვილს იცნობს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რაოდენ ემოციურად იტყვის ამას ქართველი მწერალი და არც ისაა გამორიცხული, რომ დამთვალიერებელმა დათოს სიტყვები სრულიად გულგრილად აღიქვას - შეიძლება ვიღაცამ თქვას კიდეც: რა მნიშვნელობა აქვს, რუსია თუ ქართველი? თანაც, როგორ, ქართველები რუსები არ არიან?
[დათო ტურაშვილის ხმა] ”ოფიციალურად დავწერე მუზეუმის ადმინისტრაციის სახელზე, მაგრამ მე მაინც კერძო პირი ვარ, ამას სჭირდება, რომ საქართველოდან ოფიციალურად გააპროტესტონ.”

საქართველოდან პროტესტი იგვიანებს. ვითარებაში გასარკვევად ჩვენ დავუკავშირდით კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს თამარ ქვარიანს.

[თამარ ქვარიანის ხმა] ”ჩვენ დავავალეთ ეროვნულ მუზეუმს, რომ გაირკვეს ამ სურათების წარმომავლობა... საიდან მოხვდა ეს სურათები გამოფენაზე და მერე შეიძლება ოფიციალური ნოტაც გავაკეთოთ.”

ამასობაში რუსები ესპანეთში ახალ გამოფენას ამზადებენ.
თვის ბოლოს ბილბაოში გაიხსნება გრანდიოზული გამოფენა ”რუსები”. რუსული პრესის ინფორმაციით, ამ ექსპოზიციაზე 20-იანი წლების რუსული მხატვრობა იქნება წარმოდგენილი... ”საბჭოთა მხატვრობა”, ცხადია, სათაურით... ”რუსები”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG