Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და აზერბაიჯანი საზღვარს ვერ ათანხმებენ


მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორობისა, 15 წელზე მეტია საქართველო და აზერბაიჯანი, მუდმივი კონსულტაციების ფორმატში, წარუმატებლად განიხილავენ საზღვრის

დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხს. აზერბაიჯანულმა დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით, 18 აპრილს უშედეგოდ დატოვა თბილისი. რა სასაზღვრო პრობლემები არსებობს ორ ქვეყანას შორის?

ქართველ და აზერბაიჯანელ რიგით მესაზღვრეებს, რომლებიც ე.წ. “წითელი ხიდის” საგუშაგოზე დგანან, შესაძლოა, ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, რომ მათ სახელმწიფოებს შეუთანხმებელი აქვთ სასაზღვრო ტერიტორია იმ მონაკვეთზე, სადაც ისინი მხედრულ მოვალეობას იხდიან. საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი შტაბის უფროსის, თადარიგის პოლკოვნიკ კორნელი სალიას ინფორმაციით, მოძმე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაუდგენელია დაახლოებით 40 სასაზღვრო მონაკვეთი:

[კორნელი სალიას ხმა] “ძირითადი სადავო მონაკვეთი ეს არის წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, დავით გარეჯი და მაწიმი, ლაგოდეხის რაიონში და დედოფლისწყაროში კიდევ ერთი მონაკვეთი.”

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე, სახელმწიფო კომისიების დონეზე, ყოველწლიურად იმართება შეხვედრები, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ, რადგან საბჭოთა პერიოდში იმდენად თვითნებურად ხდებოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ადმინისტრაციული საზვრების გადაწევ-გადმოწევა, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა მაშინაც კი ჭირს, როდესაც სახელმწიფოებს ერთმანეთს შორის კეთილმეგობრული დამოკიდებულება აქვთ. არადა, სახელმწიფოს რეალური სუვერენიტეტი ფიქციაა დადგენილი სახელმწიფო საზღვრის გარეშე, ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი კორნელი სალია, რომელსაც სახელმწიფო კომისიებში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს:

[კორნელი სალიას ხმა] “არის ხანდახან ისეთი პოზიცია, როდესაც ჩვენი მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება ამა თუ იმ დოკუმეტს, რომელსაც აზერბაიჯანი წარმოადგენს. ვთქვათ, საქართველოს მიწა იყო და ვიღაცამ საბჭოთა კავშირის პერიოდში ადგა და გადასცა აზერბაიჯანს. ეს ხდებოდა რაიონების დონეზე.”(სტილი დაცულია)

17 –18 აპრილს თბილისში ჩამოსულმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალიფ ხალიფოვმა და მისმა კოლეგამ გიორგი მანჯგალაძემ, რომელიც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებს კურირებს, სახელმწიფო საზღვრის მოუგვარებელ პრობლემებზეც ისაუბრეს. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, კონკრეტული არაფერი თქმულა, გარდა იმისა, რომ ამ საკითხებზე “რეგულარულად გაიმართება კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროების ფორმატში.” მაგრამ ვიდრე ქართველი და აზერბაიჯანელი დიპლომატები უშედეგოდ აგრძელებენ სასაზღვრო მოლაპარაკებებს, ორი ქვეყნის მესაზღვრეები ერთობლივად ებრძვიან საზღვრის დამრღვევებს, განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარატამენტის შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვახტანგ დავითაშვილმა:
[ვახტანგ დავითაშვილის ხმა] “მარტის თვეში ერთობლივი ძალით აღვკვეთეთ დიდძალი მსხვილფეხა პირუტყვის გადადენის მცდელობა.”

მაგრამ შეკითხვას, თუ რამდენად ეფექტურია საზღვრის დაცვა, როდესაც სახელმწიფო საზღვრის საკმაოდ დიდი ნაწილი დაუდგენელია, პროფესიონალი მესაზღვრეები გულწრფელად უპასუხებენ, რომ დაუდგენელი საზღვარი ეროვნული უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არადა, საქართველოს დღეს სამივე მეზობელთან - რუსეთსა, აზერბაიჯანსა და სომხეთთან - აქვს სადავო საზღვრის მონაკვეთები. გამონაკლისია თურქეთი, რომელთანაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ბოლომდე აქვს დადგენილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG