Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას ჩერნობილის კატასტროფის შედეგების თაობაზე?


26 აპრილს, 20 წელი შესრულდება იმ დღიდან, როცა მანამდე არნახული მასშტაბის ბირთვული კატასტროფა მოხდა უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.

ორი ათწლეულიც ვერ გამოდგა საკმარისი იმისათვის, რომ მსხვერპლის ზუსტი, უდავო რაოდენობა დადგენილიყო. გარემოს დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია “გრინპისი” მკაცრად აკრიტიკებს გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორსო სააგენტოს ანგარიშს, სადაც წერია, რომ ჩერნობილის კატასტროფას 4000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა არ მოჰყვება. “გრინპისი” კი - ბუნების დამცველი სხვა ორგანიზაციების მსგავსად - მიიჩნევს, რომ რეაქტორზე მომხდარი ავარიის შედეგად რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში 200 ათასამდე ადამიანი დაიხოცება. რა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას ოცი წლის წინანდელი ბირთვული კატასტროფის შედეგების თაობაზე?

როგორც ითქვა, ექსპერტები ვერ შეთანხმებულან იმის შეფასებაში, რამდენად მძიმეა ავარიის შედეგები და რა მოელის ჩერნობილის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს მომავალში. 2005 წლის სექტემბერში, გაეროს რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მოწყობილსა და ჩერნობილისადმი მიძღვნილ ფორუმზე გამოქვეყნდა ანგარიში, რომლის თანახმად, ავარიასთან უშუალოდ დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების რიცხვი 50-ს არ აღემატება. ანგარიშის შემდგენელთა ვარაუდით, მსოფლიოში კატასტროფას შეიძლება მოჰყვეს 4000 სასიკვდილო შედეგი. მათივე დასკვნით, მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობაში ჯანმრთელობის განსაკუთრებული გაუარესებაც არ შეუმჩნევიათ.

ატომური ენერგეტიკის სააგენტოს თანახმად, რადიაციის დონე უმეტეს შემთხვევაში ნორმალურს მიუახლოვდა. ამავე ანგარიშში წაიკითხავთ, რომ სიღარიბე, ქრონიკული დაავადებანი, ფსიქიური პრობლემები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე რადიაციის ზემოქმედება. ეს დასკვნები საეჭვოდ მიიჩნიეს სხვადასხვა ორგანიზაციებმა, მათ შორის “გრინპისმა” და ჩერნობილის “ლიკვიდატორთა” ასოციაციამ. 18 აპრილს კიევში პრესკონფერენცია გამართა “გრინპის ინტერნეშნელის” პროგრამის დირექტორმა ბრუნო რებელემ, რომელმაც თქვა, რომ ჩერნობილთან დაკავშირებული მსხვერპლი ბევრად უფრო დიდია.

[ბრუნო რებელეს ხმა] "ახლად გამოქვეყნებული მონაცემებით, მხოლოდ ბელორუსიაში, რუსეთში და უკრინაში, ავარიის შედეგად, დამატებით, 1994-სა და 2000 წლებს შორის, დაიხოცა 200 ათასი ადამიანი".

რუსეთისა და ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიების კვლევის შედეგებს ემყარება “გრინპისის” ანგარიში, რომელშიც წაიკითხავთ, რომ ბელორუსიაში კიბოს შემთხვევათა რიცხვმა 1990-დან 2000 წლამდე 40 პროცენტით იმატა. ამავე ანგარიშის თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა 1986 წლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს შორის. მოსკოვში, 5 აპრილს, “გრინპისის” პრესკონფერენციაზე, რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა ბრიანსკის ოლქიდან ლუდმილა კომოგორცევამ განაცხადა, რომ მის რეგიონში (რომელსაც ჩერნობილის ავარია განსაკუთრებით შეეხო), რუსეთის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, კიბოს შემთხვევების რიცხვი 10-15 პროცენტით უფრო მაღალია.

[ლუდმილა კომოგორცევას ხმა] “დღეს ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩერნობილის კატასტროფა, თუნდაც ეგრეთწოდებული რადიაციის დაბალი დოზა, დამღუპველად მოქმედებს იმ რეგიონების მოსახლეობაზე, სადაც რადიაცული დაბინძურება მოხდა”.

კომოგორცევამ რუსეთის მთავრობას უსაყვედურა, რომ ბრიანსკის ოლქის მოსახლეობას არათუ არ გადაუხადეს კომპენსაცია ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო, არამედ გაუუქმეს საგანგებო პროგრამები ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში. ზოგი ექსპერტი და რეგიონში მცხოვრები პირი შეშფოთებულია დასხივებული პროდუქტების მავნებლობის გამო. კომოგორცევა ამბობს, რომ რუსეთის ვეტერინარული სამსახურის თანახმად, ბრიანსკის ოლქში სურსათის 50 პროცენტი დასხივებულია.

იმავე პრესკონფერენციაზე “გრინპისის” მოსკოვის განყოფილების ბირთვული სფეროს ექსპერტმა ვლადიმირ ჩუპროვმა თქვა, რომ ასეთი პროდუქტები ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რომ რადიაცია ვრცელდება და ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა, რასაც - ჩუპროვის მტკიცებით - გაეროს ბირთვული უწყება და “როსატომი” ცდილობენ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტო ამ თვალსაზრისს არ ეთანხმება. დიდიე ლუვა ჩერნობილის შესახებ ამ უწყების მიერ მომზადებული ანგარიშის ერთ-ერთი შემდგენელია. მისი თქმით, ბრიანსკის ტყე საკმაოდ დაბინძურებულია. მაგრამ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, როგორც ლუვა აღნიშნავს, ამ გარემოებას, თუნდაც ტყეში შეგროვებული პროდუქტით კვებას, არავითარი კავშირი არა აქვს კიბოს შემთხვევათა რიცხვის ზრდასთან.

[დიდიე ლუვას ხმა] “მოსახლეობის, რუსეთისა თუ მსოფლიოსი, 20 პროცენტი იხოცება კიბოთი, შეუძლებელია კიბოს გავრცელების ამ ერთ განსაკუთრებულ შემთხვევასთან დაკავშირება”.

“გრინპისი” დარწმუნებულია, რომ ჩერნობილის ფორუმის ანგარიშის ავტორებს საკუთარი ინტერესები ამოძრავებდათ. ჩუპროვის განცხადებით, ეს ანგარიში ნაწილია კამპანიისა, რომელიც ცდილობს, ბირთვული ენერგია ენერგიის საიმედო და უსაფრთხო წყაროდ წარმოგვიდგინოს.

[ვლადიმირ ჩუპროვის ხმა] “საკითხი პოლიტიზებულია, მოქმედებს მძლავრი ლობი, და საზოგადოებრივი აზრი ჩერნობილის შესახებ, რუსეთში და სხვაგან, ბირთვული რეაქტორების მშენებლობის წინააღმდეგ ბოლო ზღუდეა, ეს არის “პიარის” კამპანიის ნაწილი, რომელიც სოციალური უთანხმოების მოსპობას ცდილობს, რადგან გამოკითხვებით, რუსეთის მოსახლეობის 78 პროცენტი მათ რეგიონში ახალი ბირთვული სადგურების მშენებლობის წინააღმდეგია”.

დაბოლოს, ერთი საყურადღებო ცნობა: რუსეთის ატომური ენერგეტიკის უწყების, “როსატომის”, გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის ქვეყანაში 40 ახალი რეაქტორი აიგება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG