Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა დღეს ჩერნობილის კატასტროფას იხსენებს, ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და


ქართული პრესა დღეს ჩერნობილის კატასტროფას იხსენებს, ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას.

რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.

“ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთს “გაზპრომი” შეუერთებს”, - ამის თაობაზე “ხვალინდელი დღე” წერს. “რუსეთი ცხინვალის რეგიონის საქართველოსთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ენერგეტიკული ძაფების გაწყვეტას მსოფლიოში ყველაზე მაღალი – ცხინვალი-ალაგირის - გაზსადენის მშენებლობით შეეცდება. ამ პროექტს მოსკოვი ქართული ხელისუფლების გვერდის ავლით განახორციელებს. სეპარატისტული ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ცხინვალი რუსულ გაზს 2006 წლის ბოლოს პირდაპირ რუსეთიდან მიიღებს და თბილისს იმ დივიდენდების მიღების შესაძლებლობას მოუსპობს, რომელსაც ცხინვალის რეგიონზე რუსული გაზის ტრანზიტიდან ამჟამად იღებს”, - წერს “ხვალინდელი დღე”.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინაშია. “ალიას” მიაჩნია, რომ ოქრუაშვილი უკრაინაში იუშჩენკოს დასაშანტაჟებლად ჩავიდა. ავტორი წერს: “ბუნებრივია, თავდაცვის მინისტრი იქ ღვინის პოდიუმზე გამოსაჩენად არ გაუშვიათ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის ოფიციალურ შეხვედრებზე უკრაინას ქართული კოზირით “დააშანტაჟებს”. რა არის ეს კოზირი? საქმე ის გახლავთ, რომ, მოსკოვის მსგავსად, კიევსაც სურს “ვეტეოში” შესვლა და საქართველოს თანხმობა მასაც სჭირდება. ასე რომ, ყველაფერი ახლა ქართულ ღვინოზეა დამოკიდებული: შევა ღვინო უკრაინულ ბაზარზე, თბილისიც დასთანხმდება კივის “ვეტეოში” შესვლას, თუ არადა, რევოლუციურმა მეგობრობამ უკვე ჩაგვირბინა,” - ასე განმარტავს თავდაცვის მინისტრის კიევში ვიზიტის არსს “ალია”.

“ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ერთ-ერთ ე.წ. “მეამბოხე მოსამართლე” მერაბ ტურავასთან, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას ასე აფასებს: “თუ რევოლუციამდე მოსამართლეები ღებულობდნენ უკანონო გადაწყვეტილებებს, იყო კანონიერი გადაწყვეტილებებიც. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი იმას, რომ მაშინ სისტემა იყო იდეალური, მაგრამ ის, რაც ბოლო 2 წლის მანძილზე ხდება, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, იმიტომ რომ არც ერთი მოსამართლე არ იღებს გადაწყვეტილებას კანონის ნორმებიდან გამომდინარე და შინაგან რწმენაზე დაყრდნობით. არა იმიტომ, რომ ამ მოსამართლეებს არ უნდათ კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, არამედ იმიტომ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს იმას, რომ მათ მიმართ ხელისუფლების მხრიდან სასტიკი რეპრესიები გატარდება. ამ რეპრესიების გატარების მექანიზმები კი სწორედ საკანონმდებლო დონეზე არსებობს იმავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახით,” - ამბობს მერაბ ტურავა.

“რეზონანსი” 20 წლის წინ ჩერნობილში მომხდარ კატასტროფას იხსენებს და წერს, რომ უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსიის შემდეგ, რადიაციული დაბინძურების თვალსაზრისით, საქართველო ყველაზე მეტად დაზარალდა და რომ, ჩერნობილში მომხდარი ავარიის შედეგად, საქართველოდან ჩასული 1207 ადამიანი დაიღუპა. მათგან 104 უშუალოდ მონაწილეობდა ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. “რეზონანსთან” საუბარში მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს: “ჩვენთან დაბინძურების პროცესი ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიიდან რამდენიმე დღის შემდეგ – 1 მაისს - დაიწყო. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოში საშინლად მოიმატა რადიაციულმა ფონმა. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში რადიომეტრიის ლაბორატორია ფუნქციობდა. ლაბორატორია ყოველდღიურად ზომავდა ატმოსფეროში რადიაციული ფონის მდგომარეობას. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ საქართველოში და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იმდენად მაღალი იყო რადიაციის ფონი, რომ აპარატურა ვერ ზომავდა”, - ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე “რეზონანსთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG