Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლიოთეკის დღევანდელ გამოშვებას რამდენიმე ქართული გამომცემლობის პროდუქციას მივუძღვნით. გამომცემლობათა მესვეურები


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკის დღევანდელ გამოშვებას რამდენიმე ქართული გამომცემლობის პროდუქციას მივუძღვნით. გამომცემლობათა მესვეურები თავად ილაპარაკებენ წიგნებზე,

რომლებიც ბოლო პერიოდში დასტამბეს. ვისაუბრებთ იმ წიგნებზეც, მალე რომ იხილავენ დღის სინათლეს. ბიბლიოთეკას, ჩვეულებრივ, დავით პაიჭაძე უძღვება.

დასაწყისში შევეხოთ გამომცემლობას, რომელზეც აქამდე არასოდეს გვისაუბრია. გამომცემლობას ”ელფი” ჰქვია და ვინც ამ სიტყვის მნიშვნელობა იცის, შესაძლოა, ხვდება, რომ ის უპირატესად ბავშვებისათვის განკუთვნილ წიგნებს გამოსცემს. გამომცემლობის დირექტორი და მთავარი რედაქტორი თინა დიდებულიძე მეუბნება, რომ, სხვა ქართული გამომცემლობებისაგან განსხვავებით, ”ელფი” არ ეტანება სასკოლო სახელმძღვანელოებსა და მხატვრულ ლიტერატურას ბავშვებისათვის, თუმცა ნამდვილად უშვებს საბავშვო ლიტერატურას:

[დიდებულიძის ხმა] ”გვაქვს ძალიან საინტერესო წიგნი ”ჩვენი გალაქტიკა”. ის შექმნილია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე, ”ნასა”-ს, “ევრონიუსის” მხარდაჭერით. მოგეხსენებათ, კოსმოსის სურათები ძალიან ძვირი ღირს.”

თინა დიდებულიძე აღნიშნავს, რომ ”ელფი” გამოსცემს როგორც გადმოქართულებულ, ისე იმთავითვე ქართულ ენაზე შექმნილ საბავშვო ლიტერატურას. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთათვის არსებობს მათემატიკასა და ზოგად უნარ-ჩვევებში გასაწაფი წიგნები. გამომცემლობის დირექტორის თქმით, ასეთ წიგნებს საქართველოში ჯერ ვერ შექმნიდნენ. სამაგიეროდ, რაც შეეხება წიგნებს საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაზე, ისინი, ცხადია, ქართველმა ავტორებმა დაწერეს.

[დიდებულიძის ხმა] ”ბოლო დროს ჩვენ გამოვეცით ”ჩემი საქართველო”. ეს არის საქართველოს ენციკლოპედია 12 წლის ზემოთ ბავშვებისათვის, 500-მდე ფოტოილუსტრაციით. თუკი რამ გვაქვს, ყველაფერი ჩავდეთ ამ წიგნში. შემდეგ მივხვდით, რომ ბაზარი ითხოვდა ინფორმაციას მეფეების შესახებ უფრო პატარა ბავშვებისათვის და გამოვეცით ”დიდი ქართველი მეფეები”.

საბავშვო გამოცემებში უნდა მოვიხსენიოთ საქართველოს საბავშვო ატლასიც. თინა დიდებულიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბავშვო წიგნებს ეკოლოგიურად უსაფრთხო ქაღალდზე ბეჭდავს, რაც პროდუქციას, მართალია, აძვირებს, მაგრამ გამძლეობასაც ჰმატებს.

ბავშვთა უფლებების შესახებ დაწერილ ერთ წიგნში წამიკითხავს, რომ ბავშვია ადამიანი 18 წლამდე. მე ვეკითხები თინა დიდებულიძეს, რა ასაკის ბავშვებისთვის არის გამიზნული ”ელფის” წიგნები.

[დიდებულიძის ხმა] ”ჩვენი მიზნობრივი ჯგუფია ორი წლიდან და უფროსი ბავშვები. ჩვენ გვაქვს პირველი ლექსების კრებული, ”ჩემი პირველი ლექსიკონი”, რათა ბავშვი თანდათან შეეჩვიოს წიგნის სიყვარულს, გადაფურცლოს, ასოების მოხაზულობა ნახატებში წარმოიდგინოს. ”პირველ დედაენაში” ქართული ლექსის წყალობით ბავშვი იმახსოვრებს და თვითონვე წარმოთქვამს ბგერას, ასოების მოხაზულობას იქვე სწავლობს რებუსების მეშვეობით. წიგნში შეტანილია დიდი ზომის კროსვორდები და თითების თეატრია გამოყენებული ასოების დასამახსოვრებლად.”

თინა დიდებულიძე ამბობს, რომ ყველა წიგნი მეთოდურად გამართულია. რაც შეეხება უახლოესი მომავლის გამოცემებს, ”ელფის” დირექტორისა და მთავარი რედაქტორის თქმით, მაისში გამოსცემენ წიგნს ”მატიანე ქართველთა”, რომელიც უფრო მოზრდილთათვის არის განკუთვნილი და საქართველოს ისტორიის ეგებ საკამათო ინტერპრეტაციასაც შეიცავს. დასაბეჭდად მზად არის ”ჩემი პირველი ენციკლოპედია”. ბავშვებისთვის მზადდება ”ფეხბურთის ისტორია”, რასაც წინ უძღოდა შოკოლადის და მეკობრეთა ისტორიები.

საბავშვო წიგნებით ცნობილია გამომცემლობა ”ლიტერაც”, ოღონდ ის, “ელფისგან” განსხვავებით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის არაფერს უშვებს. “ლიტერას” ერთ-ერთი მესვეური, ნუგზარ წიკლაური, მეუბნება, რომ ”ლიტერა” აგრძელებს შარშან დაარსებულ სერიას ”ყველაზე ჭკვიანი ბავშვებისათვის”:

[წიკლაურის ხმა] ”ამ სერიის ბოლო წიგნებია იულიუს კეისარი, ოდისევსის თვგადასავალი, ჩინეთის დიდი მთავარი და ამირანი. სულ ორიოდე სიტყვა ჩინეთის დიდ მთავარზე: ეს მოვამზადეთ ტანის პერიოდის ნოველის მიხედვით და გვგონია, სულ ევროპულ ლიტერატურას რომ ეცნობიან ბავშვები, არანაკლებ საინტერესო იქნება ჩინური ლიტერატურის გაცნობაც.”

ამავე სერიაში გამოვა ადაპტირებული ეგვიპტე და 7 სამურაი, რომელიც სამურაების ისტორიასა და კოდექსზე მოუთხრობს ბავშვებს. ”ლიტერას” განზრახული აქვს ბავშვებს შექსპირიც შესთავაზოს.

[წიკლაურის ხმა] ”ეს არის და-ძმის, ჩარლზ და მარი ლემბების მიერ ადაპტირებული შექსპირული მოთხრობები. ისინი მოღვაწეობდნენ თითქმის 200 წლის წინ და მათი ეს ნამუშევარი დღემდე ითვლება შექსპირის ადაპტაციის კლასიკად.”

მაგრამ ახლო მომავლის წიგნთა შორის, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ქართველი პოლიტიკოსის წიგნი გამოდგეს. ქართველი პოლიტიკოსები წიგნებს იშვიათად წერენ. უფრო მაშინ, როცა მიაღწევენ ან მოელიან წარმატებას.

[წიკლაურის ხმა] ”უნდა დაიბეჭდოს სალომე ზურაბიშვილის წიგნი, რომელიც გამოსცა ფრანგულმა გამომცემლობა ”გრასემ”. ჩვენ მისგან შევიძინეთ საავტორო უფლება. ეს გახლავთ ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი ადამიანზე, რომელსაც ფესვები სხვაგან აქვს, მისი სამშობლო სხვაგანაა, მაგრამ საქმიანობდა სხვა ქვეყანაში, საფრანგეთში.”

“ლიტერამ” შეიძინა საავტორო უფლება კნუტ ჰამსუნის წიგნზე “მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში”, რომელიც ნორვეგიელი მწერლის საქართველოში მოგზაურობას ეხება. წიგნი ითარგმნება და სამ-ოთხ თვეში გამოვა. გამომცემლობა ასევე ამზადებს უილიამ ბატლერ იეიტსის “კელტური მწუხრის” ქართული თარგმანის გამოცემას.

ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებს შესთავაზო როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ლიტერატურის ადაპტირებული ნიმუშები. ”ლიტერა” მალე გამოსცემს კიდევ ერთ წიგნს ბავშვთათვის, ოღონდ ნუგზარ წიკლაური არ ამხელს, მისი თქმით, ცნობილ ფერმწერს, რომლის ნამუშევრებითაც გამომცემლები შეამკობენ ამ წიგნს:

[წიკლაურის ხმა] ”ეს იქნება სახარება ბავშვებისათვის, რომელიც შედგენილია რამდენიმე წიგნის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახალი აღთქმის მიხედვით. ეს წიგნებია ბაჩანა ბრეგვაძის მიერ ქართულად გადმოღებული ახალი აღთქმა, ნესტორ ყუბანეიშვილის წიგნი და სხვაც რამდენიმე. ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ახალი აღთქმის საღვთო ისტორია ბავშვებისათვის.”

ნუგზარ წიკლაურმა ახსენა ბაჩანა ბრეგვაძე, როგორც მთარგმნელი. მაგრამ სხვა გამომცემლობის წიგნებში ბაჩანა ბრეგვაძე წარდგა არა მხოლოდ მთარგმნელის, არამედ მკვლევრისა და ესეისტის ამპლუაშიც. გიორგი ბაგრატიონი, გამომცემლობა ”ნეკერის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მეუბნება:

[ბაგრატიონის ხმა] ”გამოვეცით ბაჩანა ბრეგვაძის ორტომეული. პირველ ტომს ჰქვია “დრო და მარადისობა”. აქ თავს იყრის მისი ორიგინალური ნაშრომები: პლატონი და რუსთველი, ავტორის ჩანაწერები და თხზულება ”დრო და მარადისობა”. მეორე ტომში ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანებია: ჰერაკლიტე ეფესელი, პლატონი, პლოტინე, ციცერონი, დანტე, მონტენი, ლეოპარდი, ლევ ტოლსტოი, აინშტაინი, იუნგი, პირანდელო, პიპინი და სხვები.”

“ნეკერის” გამოცემულ წიგნთა შორის არის ფრანგი მეცნიერის, შუა საუკუნეების მკვლევარის, ჟორჟ დიუბის წიგნი ”რაინდი, ქალი და მღვდელი”, რომელიც ეხება მე-11 - მე-13 საუკუნის საფრანგეთში ქორწინების ინსტიტუტის წარმოშობასა და ისტორიას.

პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის წიგნი ”საერთაშორისო ურთიერთობები” უკვე ორჯერ გამოიცა და ”ნეკერი” მალე მის მესამე გამოცემას დასტამბავს. ეს გამოცემა შევსებულია, დაახლოებით 100 გვერდით მეტია და ითვალისწინებს მსოფლიო პოლიტიკის ახალ რეალიებს, ახალ სამეცნიერო ლიტერატურას საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. გარდა ამისა, ”ნეკერი” აგრძელებს ამ ორიოდე წლის წინ დაწყებულ ერთ მრავალტომეულს:

[ბაგრატიონის ხმა] ”დამამთავრებელ სტადიაში შევიდა აკაკი ბაქრაძის რვატომეულის გამოცემა. ახლახან გამოვიდა მე-6 ტომი, სადაც ბატონ აკაკის პუბლიცისტიკაა მოთავსებული. ფაქტობრივად, იბეჭდება მე-7 ტომი, სადაც ასევე პუბლიცისტიკაა, მაგრამ დიდი ადგილი ეთმობა სატელევიზიო და საგაზეთო ინტერვიუებს. მალე გამოვა მე-8 ტომი, სადაც იქნება აკაკი ბაქრაძის ორი პიესა, ასევე, თარგმანები და სხვადასხვა წერილები.”

აკაკი ბაქრაძე - მთარგმნელი და პიესების ავტორი - მრავალი თქვენგანისთვის, ისევე როგორც ჩემთვის - მოულოდნელი სიახლეა. ამ შეტყობინებით დავასრულოთ ბიბლიოთეკის დღევანდელი გამოშვება.
XS
SM
MD
LG