Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაზპრომი" ნაკლებად ცნობილ როლში: "გაზპრომ-მედია" და რუსეთში პრესის თავისუფლების საკითხი


ზოგის შეფასებით, რუსეთში დამოუკიდებელი ტელევიზია აღარ არსებობს: მას შემდეგ, რაც კრემლმა გააძლიერა რუსეთის პირველი არხისა და ტელეკომპანია რტრ-ის კონტროლი,

მას შემდეგ რაც "გაზპრომის" კუთვნილმა კომპანიამ - "გაზპრომ-მედიამ", რომ იტყვიან, შთანთქა ერთ დროს დამოუკიდებელი ნტვ.

აქამდე საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ რუსეთის ბეჭდვითი მედია მაინც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობის გარკვეულ ხარისხს. მაგრამ როგორც ჩანს, ახლა მის დამოუკიდებლობასაც საფრთხე ემუქრება: წინასწარი ინფორმაციით, "გაზპრომ-მედიამ" თვალი დაადგა სულ ცოტა ორ მსხვილ გამოცემას. რომლებს და რა მიზნით, ამაზე მოგვიანებით.

წელს, აპრილის ერთ წვიმიან დღეს, პუშკინის მოედანზე შეიკრიბა მოსკოველი ჟურნალისტების ელიტა და აღნიშნა "გაზპრომ-მედიის" მიერ ტელეკომპანია ნტვ-ზე კონტროლის დამყარების მეხუთე წლისთავი. მაგრამ მათს შეკრებას განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუწვევია - მიტინგზე ათასმდე კაცი მივიდა.

რუსეთის ხელისუფლების სათავეში ვლადიმირ პუტინის ჩადგომის შემდეგ სახელმწიფო ელექტრონულ მედიაზე კონტროლს იყენებს ინფორმაციის დინების, კრიტიკული დისკუსიების შესაზღუდად. ეს საზოგადოების განსაკუთრებულ პროტესტს არ იწვევს.
მაგრამ არიან ისინიც, ვინც შეშფოთებულია და უარესსაც კი მოელის: რომ კრემლი ბოლოს მოუღებს შემორჩენილი დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების დამოუკიდებლობასაც. როგორც ეს გაზეთ “იზვესტიას” შემთხვევაში მოხდა: ეს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილი გამოცემა, 2005 წლიდან ბეჭდავდა ყოველკვირეულ დამატებას, რომელიც მკითხველვს კრიტიკულ კომენტარებსა და დისკუსიებს სთავაზობდა. შესაძლოა, მეტისმეტად კრიტიკულს - შარშან, ივნისში, "გაზპრომ-მედიამ" “იზვესტიას” აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

დამოუკიდებელი ჟურნალისტი მაშა გესენი ირწმუნება, რომ მას შემდეგ “იზვესტიას” ვეღარ იცნობ. [მაშა გესენის ხმა] "აშკარა ცვლილებები მოხდა როგორც სარედაქციო, ისე საშტატო პოლიტიკაში. ეს ახლა სულ სხვა გაზეთია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მან მთლიანად დაკარგა ძველი სახე, ახალი კი ვერ შეიძინა. ის იქცა ოფიციალურ გაზეთად, კრემლის საიმედო რუპორად, როგორიცაა, მაგალითად, "კომსომოლსკაია პრავდა", რომელსაც უწინ "იზვესტიის" ახლანდელი რედაქტორი ხელმძღვანელობდა."

მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რაში არგია "გაზპრომის" კუთვნილ კომპანიას “იზვესტია”? მისი ტირაჟი 250 000-ს არ აღემატება, რაიმე განსაკუთრებული კომერციული ღირებულება არ გააჩნია... ჩვენი კორეპსონდენტის ამ შეკითხვის საპასუხოდ მაშა გესენი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მოტივაცია პოლიტიკურ მიზნებში უნდა ვეძიოთ: "გაზპრომი", როგორც ცნობილია, სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება, შესაბამისად "გაზპრომ-მედიას" კრემლი იყენებს გარკვეული მიზნებისთვის.

[მაშა გესენის ხმა] "2008 წელს არჩევნები უნდა გაიმართოს და კრემლი აშკარად გრძნობს, რომ თავის კონტროლს ბეჭდური მედიაც მთლიანად უნდა დაუქვემდებაროს - ელექტრონულ მედიას ის ხომ უკვე სრულად აკონტროლებს. მოვლენები ჩვეული სცენარით ვითარდება და ახლა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრდება."

შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ გაზეთების “კომერსანტისა” და “კომსომოლსკაია პრავდას” მფლობელობის საკითხზე. “კომერსანტს” საკმაოდ მოკრძალებული ტირაჟი აქვს, მაგრამ გავლენიანი მკითხველით გამოირჩევა. რაც შეეხება “კომსომოლსკაია პრავდას” - ის განსაკუთრებით მიმზიდველია მკითხველების რაოდენობით. ამ გაზეთს დღეში 8 მილიონი კაცი კითხულობს. რაც შეეხება მომავალ მფლობელს, ვარაუდობენ, რომ ორივე გამოცემის ბედი "გაზპრომ-მედიას" დაუკავშირდება. თუმცა, კომპანია ამ ინფორმაციას უარყოფს. და როგორც მოსკოვში განთავსებული “ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის” დირექტორი ოლეგ პანფილოვი ფიქრობს, "გაზპრომი", შესაძლოა, მართლაც არ იყოს დაინტერესებული მასმედიის ბაზარზე მორიგი გამოცემის შესყიდვით.

[პანფილოვის ხმა] "ჩემი აზრით, ხელისუფლება პოლიტიკურ თამაშს თამაშობს: ერთი მხრივ, სურს, საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებული პრესა ჰქონდეს, ხოლო მეორე მხრივ, გარკვეული ვალდებულებები აქვს ნაკისრი ევროპის კავშირისა თუ "დიდი რვიანის" ქვეყნების წინაშე. ამიტომ, დამოუკიდებელი პრესის მცირე ნაწილი მომავალშიც იარსებებს, რათა მეტ-ნაკლებად თავისუფალი სახელმწიფოს იმიჯს ქმნიდეს. სხვა საქმეა, რომ პრესის ეს მცირე ნაწილი ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს საზოგადოებრივ აზრზე."

შესაძლოა, ასეც იყოს და დამოუკიდებელი პრესა რუსეთში ამინდს ვერ ქმნიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მისდამი ინტერესი ბოლოხანს კიდევ ერთმა გავლენიანმა სახელმწიფო კომპანიამ გამოთქვა: რკინიგზამ. ჟურნალისტი მაშა გესენი განმარტავს, რომ სამრეწველო ჰოლდინგის ხელში რომელიმე გამოცემის ყოფნა არც უჩვეულოა, არც ცუდი - ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგალითად, შვეციაში, სადაც თითქმის ყველა ყოველდღიური გაზეთი ასოცირდება ამათუიმ ცნობილი კომპანიის სახელთან.

მაგრამ რუსეთში მაინც სხვა ვითარებაა: საქმე ეხება საინფორმაციო საშუალებათა მაკონტროლებელ ან ამის მსურველ მსხვილ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს ხელშია.
XS
SM
MD
LG