Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში


ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში,

როგორც ჩანს, მაინც სჯერათ, რომ ოპერა არ არის ელიტარული ხელოვნება და რომ ეგრეთ წოდებულ “მომხმარებლურ საზოგადოებასაც” შეიძლება გავუღვიძოთ საოპერო ხელოვნების მიმართ ინტერესი. მით უმეტეს, ჩვენი გაჭირვებული საზოგადოება არც იმდენს “იხმარს” (უფრო სწორად ვერ იხმარს, რადგან ვერ ყიდულობს), რომ საერთოდ დაკარგოს მაღალ კულტურასთან ზიარების სურვილი.

თეატრში, ეტყობა, მოიფიქრეს, როგორ შეიძლება დავუბრუნოთ ოპერას მაყურებელი: როცა გრანდიოზული სანახაობებისთვის ფული არაა და როცა მაყურებელსაც არ შეუძლია თავისი ერთი თვის ხელფასი ოპერის თეატრის ბილეთისთვის გაიმეტოს, უნდა დავდგათ “იაფი სანახაობა” – იაფი და ადვილად აღსაქმელი. მადლობა ღმერთს, საოპერო ხელოვნება მდიდარია ასეთი ნაწარმოებებით. თანაც, სასურველია “სანახაობა” ქართული იყოს – პატრიოტები დაკმაყოფილდებიან, თეატრს სნობიზმსა და ელიტარულობაში აღარავინ დაადანაშაულებს და მუსიკაც უფრო ადვილი აღსაქმელი გახდება. მადლობა ღმერთს, ქართული საოპერო ხელოვნებაც მდიდარია ასეთი ნაწარმოებებით.

ასეთია თუნდაც “მინდია” – ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა, რომელიც პირველად 1961 წელს დაიდგა თბილისში. მოგვიანებით “მინდია” გასცდა ჯერ საქართველოს, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის საზღვრებს. ზაქარია ფალიაშვილის ოპერების შემდეგ “მინდია” პირველი ქართული ოპერა იყო, რომლის მუსიკა ხალხსაც დაამახსოვრდა – მინდიას, მზიას, ჩალხიას არიების “დამღერება” არც ისე რთული აღმოჩნდა.

[მუსიკა]

ელდარ გეწაძე, რომელიც “მინდიას” ახალ დადგმაში ჩალხიას მღეროდა, ამ პარტიას მაშინაც ასრულებდა, როცა თაქთაქიშვილის ოპერა წარმატებით იდგმებოდა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე – 1989 წლამდე, სანამ “მინდია” რეპერტუარიდან “ამოვარდებოდა”. მაგრამ ის ხალხი, ვისაც თაქთაქიშვილის ოპერის ძველი დადგმები ახსოვს, “მინდიას” პრემიერის შემდეგ ვიღაცისთვის გამართლებულ, ვიღაცისთვის კი სრულიად გაუმართლებელ კუპიურებზე ალაპარაკდა. სამმოქმედებიანი წარმოდგენა ორ მოქმედებამდე დაიყვანეს. ფაქტობრივად, დარჩა მხოლოდ გუნდი და ცალკეული არიები – შეიძლება ითქვას, ვიხილეთ თაქთაქიშვილის ოპერის საკონცერტო შესრულება – ძალიან განტვირთული დეკორაციის, უფრო სწორად, ჩვეულებრივი ეკრანის ფონზე – ეგრეთ წოდებული “მულტიმედიური ჩანახატებით”, როცა ვიზუალური ეფექტი მხოლოდ სინათლისა და ფერის თამაშით მიიღწევა.

ამას ჰქვია “იაფად და გასაგებად”.

[მუსიკა. მინდიას არია]

თემურ გუგუშვილმა მინდიას ეს პოპულარული არია “ბისზეც” იმღერა. წარმოდგენის დამდგმელმა, გერმანელმა რეჟისორმა გეორგ რუტერინგმა, სტატიკური მიზანსცენები ისე ააწყო, რომ სოლისტებს არ გასჭირვებოდათ პოპულარული არიების განმეორებით შესრულება. შეიძლება ითქვას, რომ “მინდიას” ახალი დადგმა დაემსგავსა სლაიდების ჩვენებას... ბავშვებს რომელიმე სლაიდი თუ მოეწონათ, სურვილი უჩნდებათ, ხელახლა შეხედონ “ლამაზ სურათს”... ამ შემთხვევაში, განახლებულ “მინდიაში” გათამაშებულია სოცრეალისტური ფერწერა – მკაცრად დაცული დისტანციებით, ჩაკეტილი და გაწონასწორებული კომპოზიციებით. მსმენელსა და მაყურებელში სოცრეალიზმის ნოსტალგიამ რომ არ გაიღვიძოს, “გველისმჭამელის” მოქმედება სცენის სიღრმეშია გადატანილი. იქმნება დისტანცია ჩვენსა და ამ ფერად-ფერად სლაიდებს შორის, რომელიც ბრეხტის თეატრში ირონიას შემატებდა სანახაობას. მაგრამ სად ბრეხტი და სად თაქთაქიშვილის მუსიკა... ანდა, თუნდაც, სად ვაჟა-ფშაველა და სად ბრეხტი, თავისი “გაუცხოების ეფექტით”.

[მუსიკა. გუნდი]

ოთარ თაქთაქიშვილი 50-იანი წლებიდან დაინტერესდა ვოკალური მუსიკით. სოცრეალისტური პათეტიკის გადალახვა ქართველმა კომპოზიტორმა სასულიერო მუსიკალური მოტივების აქტიური შემოტანით შეძლო, რაც განსაკუთრებით მის ორატორიებსა და “მინდიაში” გამოჩნდა. ამბობენ, რომ გერმანიიდან მოწვეულმა რეჟისორმა “მინდიას” დადგმამდე კარგად შეისწავლა ქართული ფოლკლორიც და საეკლესიო მუსიკაც... მაგრამ როგორ გაიაზრა “მინდია” რუტერინგმა, რომელსაც თურმე ალბან ბერგის “ვოიცეკი” აქვს დადგმული? რა ვნახეთ ჩვენ ოპერის თეატრის ახალ წარმოდგენაში? სოცრეალისტური ორატორია ხომ არა, ძალიან კარგი გუნდით, ორკესტრითა და სოლისტებით, რომლებიც ისე არიან გაშეშებულები სცენაზე, თითქოს რეჟისორი ჯგუფური პორტრეტის გადაღებას აპირებს, ეუბნება, აბა დამწკრივდით, ააფრიალეთ დროშები, მიიღეთ სერიოზული სახეები და არ გაინძრეთო. – არანაირი იმპროვიზაცია – საბჭოთა-ტოტალიტარული ესთეტიკა ვერ იტანს “კოლექტივიდან ამოვარდნას”.

[მუსიკა]

ვაჟას შემოქმედებაში კოლექტივისა და პიროვნების დაპირისპირების თემა, მოგეხსენებათ, ძალიან აღიზიანებდათ საბჭოთა იდეოლოგებს. ამ თემაზე მსჯელობას მაქსიმალურად ერიდებოდნენ საბჭოთა და ნაციზმის ეპოქაში. ვისთვის, თუ არა გერმანელისთვის, უნდა ყოფილიყო ახლობელი მინდიას ტრაგედია. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ მოიწვია თეატრმა რუტერინგი და, შესაძლებელია, ამიტომაც დათანხმდა რეჟისორი “მინდიას” დადგმაზე... მაგრამ ერთია აქტუალური და მტკივნეული თემა და მეორეა “კოლექტივისთვის” გამიზნული წარმოდგენა, თეატრის სურვილი, როგორმე გაივსოს დარბაზი ქართულ ოპერაზე. “კოლექტივს” კი ისევ უნდა იხილოს პათეტიკური მიზანსცენები, ისევ დაუვლის ხოლმე ჟრუანტელი კრეშჩენდოზე – ჰიმნის, მარშის მოტივებზე... მერე რა, რომ გერმანიაში დღეს ეღიმებათ ასეთ ესთეტიკაზე. ჩვენ გერმანიაში არ ვცხოვრობთ, ჩვენში სახელისუფლო პარტია კონკურსებს აწყობს საუკეთესო პატრიოტული სიმღერის შესაქმნელად, რადგანაც დარწმუნებულია - ეს სიმღერები მოსწონს ხალხს. ამიტომ არაფერია უცნაური იმაში, რომ ოპერის თეატრმა ამ კონკურსში, რომლის შედეგებს 26 მაისს შევიტყობთ, ვირტუალურად ჩართო თანამედროვე ქართული მუსიკის კლასიკოსი ოთარ თაქთაქიშვილი – “მინდია” გადაიქცა ფორმით ეროვნულ და შინაარსით “ლიბერალურ” წარმოდგენად, რომლის ნაწყვეტები ძალიან მოუხდება ხელისუფლების მიერ დადგმულ დღესასწაულებს თავისუფლების მოედანზე ან, თუნდაც, პარლამენტის წინ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG