Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის ისტორიული წერილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი


მსოფლიოში დიდი რეზონანსი მოჰყვა წერილს, რომელიც ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გაუგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს.

რაც უნდა ეწეროს მასში (წერილის შინაარსს საჯაროდ ჯერ არ ამხელენ), თავად ის ფაქტი, რომ ირანის ლიდერმა ამერიკის ლიდერს პირდაპირ მიმართა, ისტორიულ მოვლენად ითვლება. ასეთი რამ არ მომხდარა უკვე მრავალი წელია:1979 წელს ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ.

ირანის პრეზიდენტის განმარტებით, წერილში ასახულია ირანელი ერის მოსაზრებები, ხოლო წერილის მიზანია იმ პრობლემებიდან გამოსავლის მოძებნა, რომლებიც “კაცობრიობას აწუხებს”. აჰმადინეჟადი ამ ზოგად განმარტებას დასჯერდა. რაც შეეხება დეტალებს... [აჰმადინეჟადის ხმა] “ჩვენი ისლამური ზრდილობა არ გვაძლევს უფლებას, რომ უკვე გავამხილოთ წერილის შინაარსი. ახლა ველოდებით ადრესატის რეაქციას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მივიღებთ”.

ადრესატის რეაქციას რაც შეეხება: ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ირანის ლიდერის წერილი არ შეიცავს რაიმე ახალ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობდა ბირთვული კრიზისის მოგვარებას. ირანთან ურთიერთობაში კი მთავარი საკითხი, როგორც ცნობილია, ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამაა.

მაგრამ დავუბრუნდეთ აჰმადინეჟადის წერილს. დასავლური მასმედია ავრცელებს არაფოციალურ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 16-გვერდიან წერილში მიმოხილულია დასავლეთთან ირანის ურთიერთობის ფილოსოფიური, ისტორიული და რელიგიური ასპექტები, ლაპარაკია დასავლური ყაიდის დემოკრატიის მარცხზე.

როგორც აღვნიშნეთ, ეს არის არაფოციაილური ინფორმაცია - ვაშინგტონს ჯერ არ უთქვამს, როდის ან როგორ აპირებს წერილზე რეაგირებას. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ამერიკელი ოფიციალური პირების ძალისხმევა მიმართულია გაეროს უშიშროების საბჭოში ახალი რეზოლუციის მიღებისაკენ: ახალი რეზოლუცია ირანთან მიმართებაში უფრო მკაცრი უნდა იყოს, ემყარებოდეს გაეროს ქარტიის მეშვიდე მუხლს, რომლის შესაბამისადაც, დაშვებულია გაეროს მოთხოვნის შესრულება სანცქიების, ის კი არა სამხედრო ოპერაციის მეშვეობით...

ორშაბათს ნიუ-იორკში გვიანობამდე გაგრძელდა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნისა და გერმანიის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების მოლაპარაკება ირანის საკითხში ერთიან პოლიტიკაზე შესათანხმებლად. ბრიტანეთმა და საფარნგეთმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომლის შესაბამისად, ირანი მოვალე იქნება, შეასრულოს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა ურანის გამდიდრებისთვის ბოლოს მოღების და გაეროს განიარაღების ექსპერტებთან უკეთ თანამშრომლობის შესახებ. ამ ინიციატივას ემხრობიან აშშ და გერმანია. მაგრამ ეწინააღმდეგებიან ჩინეთი და რუსეთი. ამდენად, მოლაპარაკებაზე ნიუ-იორკში გარღვევას ვერ მიაღწიეს.
XS
SM
MD
LG