Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის საგარეო უწყების წარმომადგენელი აფხაზეთის სამშვიდობო პროცესში პროგრესის ნიშნებს ხედავს: ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან


25 მაისს დასრულდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის საკითხში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენელთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა საქართველოში ჰაიდი ტალიავინიმ აღნიშნა, რომ “მეგობართა ჯგუფის” ასეთი მაღალი დონის დელეგაცია პირველად ეწვია საქართველოს. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში შედგა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ საქართველოს ხელისუფლებას აფხაზთა სამშვიდობო წინადადებები გადასცა. თავად “მეგობართა ჯგუფის” ვიზიტისას კი სოხუმში საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმა გააცნეს აფხაზებს. “მეგობართა ჯგუფის” დელეგაციაში გახლდათ აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა, რომელსაც თბილისში ნინო გელაშვილი ესაუბრა. ბრაიზა გამოთქვამს რწმენას, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი წინ მიიწევს.

ბოლოდროინდელ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებსა და სამშვიდობო წინადადებების გაცვლას ბევრი, ალბათ, სკეპტიკურად უყურებს და კვლავ ფორმალობად მიიჩნევს. ჩემი პირველი შეკითხვა მეთიუ ბრაიზასადმი მოლაპარაკებების პროცესის მიმართ მის დამოკიდებულებას შეეხებოდა - რამდენად სჯერა მას, რომ დღემდე ჩიხში მოქცეული ქართულ-აფხაზური პოლიტიკური დიალოგი დაიძრა. ბრაიზამ მიპასუხა:

[ბრაიზას ხმა]: "მე ვფიქრობ, დაიძრა. იძვრება. ჩემი აზრით, ორივე მხარე (პირველად მას მერე, რაც მე აფხაზეთის საკითხებით ვარ დაკავებული) ერთმანეთს პირდაპირ ელაპარაკება და ისინი ნამდვილად გამოხატავენ კეთილ ნებას. ამის მაგალითია იდეები, რომლებიც გაცვალეს და რომელთაც ჯერჯერობით არავინ აცხადებს. ორივე მხარე ძალიან ფრთხილად, პროფესიონალურად ეკიდება საქმეს: თავიანთი იდეების შესახებ განცხადებებს არ აკეთებენ, ვინაიდან, მართლაც, დეტალურად სწავლობენ მათ. ადრე ეს შეუძლებელი იყო. ჩემი აზრით, პროცესის დასაწყისის მომსწრენი ვართ. და მიმაჩნია, რომ ჩვენმა ვიზიტმა ხელი შეუწყო ამ პროცესის სტიმულაციას."

საზოგადოება არ იცნობს საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამშვიდობო გეგმების დეტალებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ვკითხე, მიესალმება თუ არა ის მხარეთა პოზიციას ამ ეტაპზე დეტალების გაუხმაურებლობის თაობაზე?

[ბრაიზას ხმა]: "დიახ, მივესალმები ამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს საშუალება, მეორე მხარის წინადადებები ფრთხილად, მშვიდად განიხილოს და საერთო ელემენტები გამონახოს. როგორც ყველა მოლაპარაკებებში, დასაწყისში მხარეთა პოზიციები დაშორებულია. სწორედ ამიტომაც არის საჭირო მოლაპარაკებები. შემდეგ ისინი საერთო ელემენტების პოვნას ცდილობენ. საერთო ელემენტების მონახვის პროცესს ჯერჯერობით არ ჰქონია ადგილი. ძალიან ხშირად ან ერთი, ან მეორე მხარე აქვეყნებდა ხოლმე მეორის იდეებს და ხელაღებით უარყოფდა მათ."

ბუნებრივია, საზოგადოებას აინტერესებს, რა არის საერთო ორ სამშვიდობო გეგმას შორის. მეთიუ ბრაიზას ვთხოვე გაეზიარებინა ინფორმაცია იმ საერთო ელემენტების შესახებ, რომლებიც უკვე დაინახეს მხარეებმა. თავდაპირველად ჩემმა რესპონდენტმა იუარა, თუმცა მაინც დაასახელა ერთი, რაზეც კონფლიქტის მხარეები არ დავობენ:

[ბრაიზას ხმა]: "არა. ამ ეტაპზე არ შემიძლია, ვინაიდან ახლა იწყება. გარდა უშიშროებისა. არსებობს საერთო აზრი იმის თაობაზე, რომ უშიშროებასთან დაკავშირებით მეტია გასაკეთებელი. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოქმედი მანდატი არ ეხება პოლიციურ აქციებს. ასე რომ, რამის გაკეთებაა საჭირო ამ ვაკუუმის ამოსავსებად."

უმთავრესი, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის უიმედობას განაპირობებს, არის ის, რომ ქართული და აფხაზური მხარეების უმთავრესი მიზნები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი არაფრით ეგუება საქართველოს შემადგენლობაში ფაქტობრივად დაბრუნების იდეას. ასეთი პოზიციებიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია, რომ მოლაპარაკებები, მართლაც, სისტემატური და ეფექტიანი იყოს? მეთიუ ბრაიზას მიაჩნია, რომ ეს შესაძლებელია:

[ბრაიზას ხმა]: "შესაძლებელია. ისტორიაში სხვა მაგალითებიც არსებობს. მაგალითად, კვიპროსი. მხარეებმა ძალიან განსხვავებული პოზიციებიდან დაიწყეს, ძალზე ახლოს მივიდნენ, საბოლოო მოგვარებამდე. ანანის გეგმა, საბოლოოდ, ერთმა მხარემ უარყო, მაგრამ მათი პოზიციები ძალიან დაახლოვდა. ამჟამად მთიან ყარაბაღზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც დაიწყო მსგავს ვითარებაში, როცა სომხეთმა განაცხადა, რომ არ სურდა არაფერზე ლაპარაკი, თუკი არ იქნებოდა განხილული ყარაბაღის სტატუსის საკითხი. აზერბაიჯანის მხარე ამბობს, რომ არ ილაპარაკებს ყარაბაღის სტატუსზე. ამის მიუხედავად, მოლაპარაკებებმა საკმაოდ გრძელი გზა განვლო. ასე რომ, ეს შესაძლებელია ადამიანთა დამოკიდებულების ცვლილებასთან ერთად. ესაა იდეა. მხარეებს შორის დამოკიდებულება იცვლება. ისინი თანამშრომლობენ და უკეთ ესმით ერთმანეთის. როცა გაქრება შიში, შიში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მერე შეიძლება სტატუსზე უფრო შეთანხმებულად იმოქმედონ."
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG