Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე


5 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ნიშანდობლივია, რომ 1972 წელს სტოკჰოლმში ამ დღის აღნიშვნის ინიციატორი იაპონია იყო – ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვან გამარჯვებებს მიაღწია, ერთი მხრივ, ინდუსტრიალიზაციის, მეორე მხრივ კი, გარემოს დაცვის სფეროში, უძველესი კულტურის ქვეყანა. ... რაც უფრო აქტუალური ხდება გარემოს დაცვის პრობლემა, მით უფრო ცხადია, რომ ეკოლოგია და კულტურა განუყოფელი ცნებებია, გარკვეული თვალსაზრისით, სინონიმებიც კი. მსოფლიოში დღეს თითქმის არ არსებობს ხელოვანი, გულწრფელად რომ არ აწუხებდეს ეკოლოგიური მდგომარეობა ჩვენს პლანეტაზე. ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” სწორედ გარემოს დამცველებისა და მხატვრების ურთიერთობების შესახებ გიამბობთ.

სიღარიბე, მოსახლეობის ზრდა, ტყის მასობრივი გაჩეხა, წყალსა და ენერგიის წყაროებზე მოთხოვნილებების გაზრდა, გაუაზრებელი ურბანიზაცია... ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია ეკოლოგიური კატასტროფისა, რომელიც ემუქრება ჩვენს პლანეტას. არასდროს მოქცევია ბუნებას ადამიანი ისე სასტიკად, როგორც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. უფრო მეტიც, “გარემოს დეგრადაცია”, როგორც ხშირად უწოდებენ ამ პროცესს ბუნების დამცველები, ახლა უკვე ენაშიც კი გამოიხატება. ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში სიტყვა “ბუნება” ახალმა სიტყვამ, “გარემომ”, შეცვალა. ადამიანებმა თითქოს გააცნობიერეს, რომ წარსულში ბუნებაში ცხოვრობდნენ, ახლა კი “გარემოში” უხდებათ ცხოვრება.

მაგრამ რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს რას დავარქმევთ ბუნებას, - მთავარია, როგორ მოვეპყრობით მას. 5 ივნისი სწორედ ის დღეა, როცა გაერო შეგვახსენებს: ადამიანებს უჭირთ იმის გაგება, რომ რაღაც აერთიანებთ, თუმცა, როცა მეზობელ ქვეყანაში ბუნება აბობოქრდება ხოლმე, მაშინვე აგონდებათ – გარემო, შესაძლებელია, ერთადერთია, რაც ყველა ქვეყანასა და ყველა კულტურას აერთიანებს.... და თუ კულტურა არა მარტო თვითმყოფადობის გამომხატველი, არამედ ადამიანთა გამაერთიანებელიცაა, გარემოს დასაცავად კულტურის მუშაკებმა ისევე აქტიურად უნდა იბრძოლონ, როგორც ეკოლოგებმა. ტერმინი “კულტურის ეკოლოგია” დღეს ხომ ისევე აქტუალურია, როგორც “გარემოს დაცვა”. არ არის შემთხვევითი, ალბათ, რომ 5 ივნისს სწორედ მხატვრები აწყობენ ხოლმე აქციებს გარემოს დაცვის მოთხოვნით. ერთ-ერთ ასეთ აქციაზე ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს მარიკა შოთაძეს, რომელმაც აგვიხსნა, თუ რატომ არის გარემოს დაცვა პრიორიტეტული სფერო განვითარების პროგრამისთვის:

[მარიკა შოთაძის ხმა] ”გაეროს პროგრამას მიაჩნია, რომ მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები ქვეყნის სერიოზული პრობლემაა. ესაა პესტიციდები, ტრანსფორმატორის ზეთები, დიოქსინები, რომელიც ფოთლების წვის შედეგად გამოიყოფა. ძველი პესტიციდების სამარხების პრობლემა საბჭოთა კავშირის გადმონაშთია. ტრანსფორმატორები მზადდებოდა საბჭოთა კავშირის დროს რამდენიმე ქარხანაში და ორი ქარხანა უშვებდა ზეთებს მდგრადი ორგანული დამაბინძურებლებით.”

ეს სიტყვები – “დიოქსინები”, “პესტიციდები” - ძალზე ეგზოტიკურად ჟღერს ჩვენი მოსახლეობისთვის. 5 ივნისს მთელ მსოფლიოში ისევ იწყება ხოლმე ლაპარაკი საშუალო სკოლებში ეკოლოგიური აღზრდის აუცილებლობაზე, სპეციალური საგნის შემოღებაზე... საუბრობენ მოსახლეობის დაშინების მეთოდზეც: როცა საზოგადოება გააცნობიერებს, რომ ფლორისა და ფაუნის 70 ჯიში, რომელიც ყოველდღიურად იღუპება ჩვენს პლანეტაზე, ჩვენივე სამყაროს ნაწილია და, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი “ნაწილის” განადგურებას ნიშნავს, შესაძლებელია რადიკალურად შეიცვალოს ბუნების მიმართ მისი დამოკიდებულება. თუმცა მარიკა შოთაძის აზრით, პრობლემა არა იმდენად ინფორმაციის ნაკლებობაში, რამდენადაც ისევ და ისევ კულტურასა და აღზრდაშია:

[მარიკა შოთაძის ხმა] “მე მგონი, ქართულ საზოგადოებას დღეს აღარაფერი შეაშინებს, ისეთი პერიპეტიები გავიარეთ, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ, როცა იწვება ფოთლები მეეზოვეების მიერ, მოსახლეობას შეუძლია ეს საკითხი მაინც მოაგვაროს.”

[ხმაურები. ტყის ხმა]

რა თქმა უნდა, ასეთი ხმების მიმართ სამყარო სულ უფრო მეტად გულგრილი ხდება. სამყაროს დღეს იმისთვის არ სცალია, რომ ტყის შრიალს უსმინოს. მაგრამ მეოცე საუკუნეშიც, როცა ცივილიზებულმა კაცობრიობამ ბარბაროსულად შეუტია ბუნებას, ხელოვნებას, ე.ი., სხვაგვარად რომ ვთქვათ, “მგრძნობიარე ხალხის სამყაროს” არ შეეძლო გულგრილი ყოფილიყო ადამიანისა და ბუნების გაუცხოების მიმართ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ ერთ ხელოვანს გავიხსენებ – ოთარ იოსელიანს, 1959 წელს გადაღებულ მის ერთ-ერთ პირველ ფილმს, “საპოვნელას”, რომელსაც კინომცოდნე ნათია ამირეჯიბი ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ფილმად მიიჩნევს კინოს ისტორიაში:

[ნათია ამირეჯიბის ხმა] “ოთარ იოსელიანი ამ ფილმიდან დაიწყო. ესაა ბუნების სულის წარმოჩენა, თუ რამდენად ამდიდრებს ადამიანს ბუნების სული, რამდენად უხსნის გზას შემოქმედებისაკენ ყველა ადამიანს – გლეხი იქნება ეს თუ მწერალი. აქ ყვავილები მღეროდნენ...დამონტაჟებული იყო მუსიკალურად, შეისწავლა ქართული ხალხური სიმღერები... იქ მღერიან მინდვრის ყვავილები სისატურას...უცბად გამოივლის ტრაქტორი, გაჭყლეტს ყვავილებს, დააგებენ ასფალტს და სიმღერა წყდება, მაგრამ ასფალტი ხომ იბზარება – ბზარში ამოდის ერთი ყვავილი და “სისას” ამბობს და აყვებიან სხვა ყვავილები.”(სტილი დაცულია)

[მუსიკა. “სისატურა”]

იმხანად, როცა ოთარ იოსელიანმა “საპოვნელა” დაასრულა, გარემოს დაცვის პრობლემაზე საბჭოთა კავშირში არ ლაპარაკობდნენ. ფიქრობდნენ, რომ ბუნებას კომუნისტურ სამოთხეში არაფერი ემუქრება და თუკი არის საშიშროება, იგი მხოლოდ დასავლეთიდან მოდის. ნათია ამირეჯიბის თქმით, ამ რაკურსში “საპოვნელა” არც არავის აღუქვამს. კინემატოგრაფისტები “საპოვნელათი” იმიტომ აღფრთოვანდნენ, ხელისუფლებამ კი სწორედ იმიტომ დაიწუნა ახალგაზრდა იოსელიანის ფილმი, რომ აქ ერთი სერიოზული მეტაფორა აღმოაჩინეს:


[ნათია ამირეჯიბის ხმა] “ტრაქტორი როცა გადაუვლის ყვავილებს, ყველას 37 წლის რეპრესიები გაგვახსენდა, მაგრამ ეს იყო ბუნების დახვრეტის, ბუნების გაქრობის ამბავიც... არადა, მისი პედაგოგი დოვჟენკო ტრაქტორს ადიდებდა, ეს კი ლანძღავდა... ეს იყო უტექსტო ფილმი, სადაც იდეა ნათლად გამოიხატებოდა... დღემდე სხვა არის “საპოვნელა”, მაგრამ დაიწუნეს იმიტომ, რომ რაღაც ახალი ნახეს. სოლეიდორი იდგა ტყეში და უსმენდა ქარის ხმას – ეს იყო ბუნებით შთაგონებული ადამიანის შემოქმედება.”(სტილიდაცულია)

დღეს, როცა კულტურის კრიზისს მსოფლიოში თითქმის ყველა აღიარებს, ხელოვანთა ერთი ნაწილი გამოსავალს ბუნებაში ხედავს. 30-იან წლებში, როცა რუს საბჭოთა რეჟისორს სერგეი ეიზენშტეინს სტალინმა, ფაქტობრივად, აუკრძალა კინოში მოღვაწეობა, “ივანე მრისხანეს” ავტორმა თავისი ფუნდამენტური ნაშრომი, “არაგულგრილი ბუნება”, დაწერა. ბუნება არ შეიძლება გულგრილი იყოს იმის მიმართ, რაც ხდება პლანეტაზე, ბუნება, აგებული მრავალფეროვნებასა და წესრიგზე, ვერ აიტანს ქაოსსა და “ერთნაირობას” – წერდა ეიზენშტეინი. მერე კი, სიცოცხლის ბოლომდე, მოუწოდებდა მხატვრებს ხელოვნების კანონები ბუნებაში მოეძებნათ, რადგან ბუნება იგივეა, რაც კულტურა და ხელოვნება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG