Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ამერიკული სამხედრო პროგრამის მეორე ფაზა იწყება


ივნისის დასაწყისში კრწანისის პოლიგონზე

საზეიმოდ დაიხურა ამერიკული სამხედრო პროგრამის - ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის ”, SSOP-ის - პირველი ეტაპი, რომელიც ერთ წელიწადს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ამერიკელმა და ქართველმა ინსტრუქტორებმა 2000-მდე ქართველი ჯარისკაცი გაწვრთნეს. პირველი ნაკადის სამხედრო მოსამსახურეებმა უკვე ერაყში სამშვიდობო მისიით ჩასვლაც მოასწრეს. სხვათა შორის, ქართული სამხედრო მისია ერაყში სულ მალე სამი წლის გახდება. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა ამერიკული სამხედრო პროგრამის შესახებ და ქართველი ჯარისკაცების თვალით დანახულ ერაყის სტაბილიზაციის ოპერაციაზე გესაუბროთ.

[კაპრალის ხმა]

სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამა, რომელიც ამერიკული მეთოდოლოგიითა და ქართველი ინსტრუქტორების მონაწილეობით შარშან გაზაფხულზე დაიწყო, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. სწავლება მიმდინარეობდა ნებისმიერ ამინდში, ზოგჯერ გამძლეობის ზღვარზე, რადგან ექვსკვირიანი ინტენსიური პროგრამის დასრულების შემდეგ სამხედროები ნებისმიერ დროს შეიძლება მიავლინონ ერაყში - მსოფლიოს ყველაზე ”ცხელ წერტილში”. ამიტომ პროგრამაში მოხვედრის მსურველები რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შემოწმებას გადიოდნენ, - გვითხრა საბრძოლო მომზადების პროგრამის მეთაურმა მაიორმა რომან დოროფეევმა:

[რომან დოროფეევის ხმა] ”სამკვირიანი პროცესი იყო შერჩევის პროცესი. იმ პროცესში სამედიცინო კომისიამ ”დაბრაკა” თითქმის 20 პროცენტი, ხოლო 10-მა პროცენტმა ვერ გაუძლო რთულ მომზადებას და, შესაბამისად, 100-დან 30 პროცენტი გამოირიცხა.”(სტილი დაცულია)

სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის ფარგლებში, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოამზადეს 2000 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მე-2 მოტომსროლელ ბრიგადაში ირიცხებიან. თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სასწავლო ცენტრის უფროსი, პოლკოვნიკი ალეკო კიკნაძე ქართველი ჯარისკაცების მოზადებას მაღალ შეფასებას აძლევს:

[ალეკო კიკნაძის ხმა] ”სერიოზული მომზადება გაიარეს! შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკელებმა ლოგისტიკის ბატალიონებიც მოამზადეს, როგორც მსუბუქი ქვეითი ბატალიონები. მათთვის არ დაუკლიათ არც ყუმბარმტყორცნებიდან სროლა, არც ”პოდსტვოლნიკებიდან” სროლა. სერიოზული მომზადება გაიარეს, ერთი სიტყვით.” (სტილი დაცულია)

თუმცა სამი წლის წინ, როდესაც საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის წევრი გახდა და პირველი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნა ერაყში, ქართველ სამხედროებს - მედიკოსებსა და ინჟინრებს - ბევრი რამ აკლდათ. მათ შორის, ვინც 2003 წლის 3 აგვისტოს ერაყში გაემგზავრა, იმყოფებოდა ეროვნული გვარდიის სამედიცინო ბატალიონის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის ოცმეთაური, ლეიტენანტი ნატალია ჯუღელი. პირველი ქართული კონტინგენტის გაგზავნას მსოფლიოს ცხელ წერტილში უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. საქართველოს უნდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ მძიმე წუთებში ამერიკის გევრდითაა. ამერიკელებმა მეგობრულად მიიღეს ქართველ მედიკოსთა ქვედანაყოფი, მაგრამ, როგორც ნატალია ჯუღელი იხსენებს, სერიოზულ ოპერაციებს მაინც მხოლოდ საკუთარ მედიკოსებს ანდობდნენ:

[ნატალია ჯუღელის ხმა] ”ჩვენ, ქართველები, ჩასულები ვიყავით მარტო ადამიანები, ცარიელი ხელებით - კი, რა თქმა უნდა, გონებით, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამედიცინო აღჭურვილობა არანაირი არ გვქონია. ამერიკელები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკუთარი მედპერსონალით, ისინი დაინტერესებულნი იყვნენ თავის ხალხს ემუშავა და გამოცდილება თავის ხალხს მიეღო.”(სტილი დაცულია)

სამი წლის შემდეგ ქართული კონტინგენტის რაოდენობა ერაყში 79-დან 800 ჯარისკაცამდე გაიზარდა და ქართველი სამხედროებისადმი ნდობაც გაცილებით მაღალია. ქართული ქვედანაყოფის ერთი ბატალიონი, რომელმაც მომზადება ქართულ-ამერიკული პროგრამის მიხედვით გაიარა, უკვე მეორე წელია იცავს ბაღდადის ე.წ. ”წითელ ზონას”, რომელშიც ერაყის სამთავრობო სტრუქტურები და უცხოური მისიებია განლაგებული. სწორედ ”წითელ ზონაში” გაატარა შვიდი თვე უფროსმა ლეიტენანტმა ირაკლი ჭიჭინაძემ, რომელიც, როგორც მოკავშირე, საერთაშორისო მივლინებიდან აპრილის ბოლოს დაბრუნდა საქართველოში. იგი ასე აღწერს ქართველი ჯარისკაცების შემართებას:

[ირაკლი ჭიჭინაძის ხმა] ”ისინი სიხარულით ხვდებოდნეენ, როდესაც უწევდათ ”წითელი ზონის” დაცვა. ან, საერთოდ, აცხადებდნენ, რომ ურჩევნიათ ბადრაგირება და პატრულირება ჩაატარონ, ვიდრე იდგნენ საგუშაგოზე. თუმცა არც საგუშაგოა უხიფათო, მაგრამ უნდოდათ საბრძოლო ოპერაციებში - უფრო სახიფათო ოპერაციებში - მიეღოთ მონაწილეობა.”(სტილი დაცულია)

ერაყში საბრძოლო ამოცანის შესრულება იმ კონტრაქტის აუცილებელი პირობაა, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფოსთან აფორმებს. და ასე გრძელდება მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით საქართველოში ”სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის” ( SSOP) განხორციელება დაიწყო. რამდენიმე დღეში კრწანისის სამხედრო პოლიგონზე სტარტს აიღებს ამავე პროგრამის მეორე ფაზა, რომლის განმავლობაში მომზადდება კიდევ ერთი, ამჯერად მე-3, მოტომსროლელი ბრიგადა. სამხედრო პოლიგონის უფროსის, პოლკოვნიკ ალეკო კიკნაძის თქმით, მეორე ფაზისათვის სამხედროების სელექცია და მომზადება უკვე აპრობირებული ფორმით მოხდება:

[ალეკო კიკნაძის ხმა] ” SSOP-ში შედის ის ხალხი, ვინც კრწანისში ჩემთან გაივლის BST-ის(ძირითადი საწვრთნელი კურსი), რომელსაც ქართული მხარე ატარებს. ამერიკელების შემდეგ ქართველი სამხედროები მოდიან ერთი თვით ჩვენთან წინა სამშვიდობო მოსამზადებელ კურსებზე და შემდეგ ვუშვებთ ერაყში. აი, ასეთი მოლაპარაკება გვაქვს ქართველებს და ამერიკელებს.”

საქართველოს ხელისუფლება სავარაუდო თარიღსაც არ ასახელებს, თუ როდემდე აპირებს მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნებას ერაყში. მაგრამ, შესაძლოა, გარკვეულ პასუხს ამ შეკითხვაზე კრწანისის პოლიგონზე მიმდინარე მანევრები იძლეოდეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ-ამერიკული სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის მეორე ეტაპი ერთ წელიწადს გაგრძელდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG