Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

70 წელი “სტალინის კონსტიტუციის” გამოქვეყნებიდან


2 ივნისს 70 წელი გავიდა მას შემდეგ,

რაც გაზეთ “პრავდაში” პირველად გამოქვეყნდა ეგრეთ წოდებული “სტალინის კონსტიტუცია”, რომელიც 1936 წლის 5 დეკემბერს საბჭოების საგანგებო ყრილობამ დაამტკიცა. 1936 წლის ზაფხულში შეიქმნა სპეციალური საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც სტალინი ხელმძღვანელობდა. 12 ივნისიდან კი კონსტიტუციის პროექტის განხილვა დაიწყო.
სტალინი განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ 1924 წლის კონსტიტუცია, რომელსაც აქამდე “ლენინის კონსტიტუციასაც” უწოდებდნენ, მოძველებული დოკუმენტია და განახლებას საჭიროებს. რატომ შეცვალა ბელადმა ქვეყნის “მთავარი წიგნი”, რომელსაც პოეტმა ნიკოლაი ზაბოლოცკიმ “სოციალიზმის ბიბლია” უწოდა? რატომ აღფრთოვანდნენ “სტალინის კონსტიტუციით” დასავლელი მემარცხენეები? გამოხატავს თუ არა 70 წლის წინ გამოქვეყნებული ტექსტი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას?

[მუსიკა. “ცხოვრება უფრო მხიარული გახდა”]

“ჩვენი ცხოვრება უფრო მხიარული გახდა” – ამტკიცებს ეს საბჭოთა მომღერალი სიმღერაში, რომელიც პირველად ზუსტად 70 წლის წინ, სტალინის კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნების დღეს, გადაიცა რადიოთი.

1936 წელს მიღებული კონსტიტუციის ტექსტი, მართლაც, მხიარულ, ოპტიმისტურ განწყობას ბადებს. კონსტიტუცია ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირში სოციალიზმი, ძირითადად, აშენებულია და ქვეყანა ახლა კომუნიზმის მშენებლობაზე გადადის. ტექსტში არ არის ახსნილი, თუ რას გულისხმობენ კონსტიტუციის ავტორები სიტყვაში “ძირითადად”... ამბობენ, რომ ეს სიტყვა მოგვიანებით შევიდა კონსტიტუციაში. თუმცა 70 წლის წინ მშრომელებს ასეთი ტექსტობრივი ნიუანსები ნაკლებად აღელვებდათ. მთავარი ის იყო, რომ სტალინური კონსტიტუცია, რამდენად პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს ეს, ზრდიდა ქვეყნის მოქალაქეთა უფლებებს...

1936 წლის კონსტიტუციის თანახმად, საბჭოთა საზოგადოება შედგება ორი მეგობრული კლასისგან – მუშებისა და გლეხებისგან. ქვეყნის პოლიტიკურ საფუძველს შეადგენს მშრომელთა დეპუტატების საბჭოები. კონსტიტუციით საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფილია შრომის, დასვენების, განათლების, მოხუცებულობაში, ავადმყოფობისა და შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური უზრუნველყოფის უფლება. რაც მთავარია, კონსტიტუცია უზრუნველყოფს სიტყვის, კრებებისა და მიტინგების თავისუფლებას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებად გაერთიანების უფლებას, მიწერ-მოწერის თავისუფლებას.

1924 წელს მიღებულ კონსტიტუციაში ასეთი უფლებები არ იყო აღნიშნული. გარდა ამისა, პირველ საბჭოთა კონსტიტუციაში საკმაოდ ბუნდოვანი იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის წილიც. აქ კი, სტალინის კონსტიტუციაში, ყველა რესპუბლიკას აქვს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლება. კონსტიტუციაში ჩამოთვლილია ავტონომიური რესპუბლიკებიც. საქართველოს შემადგენლობაში შედის აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. კონსტიტუცია ცნობს რესპუბლიკების ტერიტორიულ მთლიანობას და ცალკეულ ერებს თვითგამორკვევის უფლებას აძლევს. თუმცა თავის გამოსვლებში სტალინი განუწყვეტლივ ხაზს უსვამდა, რომ ახალმა კონსტიტუციამ ახლა უკვე კანონიერად “გააფორმა” პირველი მრავალეროვანი სახელმწიფო მსოფლიოში.

[სტალინის ხმა]

კონსტიტუციის პროექტის განხილვამ მნიშვნელოვნად შეცვალა ფსიქოლოგიური ატმოსფერო ქვეყანაში. დასავლეთშიც კი დაიჯერეს, რომ სტალინის ხელისუფლებამ უარი თქვა მართვის რეპრესიულ მეთოდებზე და ლიბერალიზაციის კურსს დაადგა. ფაქტობრივად, არავინ მიაქცია ყურადღება თითქოს “სხვათა შორის” აღნიშნულ პუნქტებს, რომელმაც კონსტიტუციის მიღებისთანავე გადაწონა “სტალინური ბიბლიის” დემოკრატიული იდეები. არავინ მიაქცია ყურადღება ბელადის განცხადებას უშუალოდ კონსტიტუციის პროექტის განხილვის დღეებში:

[სტალინის ტექსტი]: “ნანას კი არ უნდა ვუმღერდეთ პარტიას, არამედ უნდა ვავითარებდეთ მასში სიფხიზლეს, კი არ უნდა მივაძინოთ იგი, არამედ ვიყოლიოთ საბრძოლო მდგომარეობაში, კი არ უნდა განვაიარაღოთ, არამედ უნდა შევაიარაღოთ, მისი დემობილიზაცია კი არ უნდა მოვახდინოთ, არამედ ვიყოლიოთ იგი მობილიზაციის მდგომარეობაში.”

ახალი კონსტიტუცის თანახმად, მკაცრად ისჯებოდა ის, ვინც “სოციალისტური საკუთრების” ხელყოფას გაბედავდა. ასეთი პუნქტი არ იყო 1924 წლის კონსტიტუციაში. შესაბამისად, ახალი კონსტიტუციის ტექსტში გაჩნდა პუნქტი “სახელმწიფოს სადარაჯოზე”. სულ ცოტა ხანში ნათელი გახდა, რომ ასეთი კონსტიტუცია სტალინს პარტიულ ფუნქციონერებთან, ძველ ბოლშევიკებთან საბრძოლველად დასჭირდა. ამ კონსტიტუციის მიღებამდე პარტიულ ფუნქციონერებს სრული უფლება ჰქონდათ ჩარეოდნენ სასამართლოს საქმიანობაში. სტალინმა მათ ძალაუფლება შეუსუსტა და, ახალი კონსტიტუციით შეიარაღებულმა, უფრო თავისუფლად გააჩაღა ბრძოლა ტროცკისტულ-ბუხარინული, როგორც თავად აღნიშნავდა, “ბანდის” წინააღმდეგ. ქვეყანაში ტერორის ახალი ტალღა ამოვარდა.

[სტალინის ტექსტი] “ახლა, როცა ფაშიზმის მღვრიე ტალღა აფურთხებს მუშათა კლასის სოციალისტურ მოძრაობას და ტალახში სვრის ცივილიზებული მსოფლიოს საუკეთესო ადამიანთა დემოკრატიულ მისწრაფებებს, საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია იქნება საბრალმდებლო აქტი ფაშიზმის წინააღმდეგ, აქტი, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ სოციალიზმი და დემოკრატია უძლეველნი არიან. საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია მორალური დახმარება და რეალური საყრდენი იქნება იმათთვის, ვინც ახლა ბრძოლას აწარმოებს ფაშისტური ბარბაროსების წინააღმდეგ.”

ასეთი განცხადება გააკეთა ბელადმა ზუსტად 70 წლის წინ, კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნების დღეს. საინტერესოა, რომ 1936 წლის 12 ივნისის “პრავდაში” სტალინის სიტყვასთან ერთად დაბეჭდილია ფრაგმენტები ნიკოლაი ზაბოლოცკის კრებულიდან “დიადი წიგნი”, რომელიც პოეტმა სტალინის ახალ კონსტიტუციას მიუძღვნა. ზაბოლოცკის კრებულში შევიდა ლექსების ციკლი, სახელწოდებით “მიწიერი სამოთხე” (პოეტი ამტკიცებს, რომ ახალი კონსტიტუციით შესაძლებელი გახდა “მიწიერი სამოთხის” აშენება ამ პლანეტაზე) და ქართველი პოეტების ლექსების თარგმანები, მათ შორის, სიმონ ჩიქოვანის “მტკვარი”, რომელიც ბელადის მშობლიურ ქალაქს თბილისთან აერთიანებს და ზაბოლოცკის კრებულში იხატება, როგორც ბიბლიური მდინარე “სოციალისტურ სამოთხეში”.

სტალინის მიერ დამკვიდრებული მითის თანახმად, ამ სამოთხეს ერთი ძლიერი მტერი ჰყავს – ფაშიზმი... კონსტიტუციის პროექტის განხილვას მუდმივად თან ახლავს არა იმდენად გერმანული ნაციზმის, რამდენადაც საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში “მოკალათებული” ფაშიზმის აგენტების მხილება. ასე იქმნება ახალი რიტორიკა, რომელიც თან ახლავს 1936 წელს მიღებული კონსტიტუციის განხილვას. დაბოლოს, ერთ-ერთ საარქივო ჩანაწერს გთავაზობთ – გამოსვლას მშრომელი ქალისა, რომელიც კითხულობს, განა ოდესმე ვიოცნებებდით კეთილმოწყობილ სანატორიუმებში დასვენებაზეო?. მერე მადლობას უხდის ბელადს და სოციალიზმის მტრების ალაგმვას მოითხოვს:

[ხმა. მშრომელი ქალის გამოსვლა]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG