Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე ”ნულოვანი განაკვეთი” აღარ გავრცელდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ქართველ მწარმოებლებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის,

რომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის არსებული დავა ნულოვან საბაჟო განაკვეთთან დაკავშირებით ადგილობრივი მწარმოებლების სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო.

პარლამენტი უკვე შეთანხმდა იმაზე, რომ ნულოვანი საბაჟო განაკვეთები არ გავრცელდება სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილსა და ნაწილობრივ - სამშენებლო მასალებზე. საკანონმდებლო ორგანო ამ გადაწყვეტილებაზე კი შეთანხმდა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო მისი დაკანონება ვერ შეძლო და საბაჟო ტარიფებთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალი კვირისათვის გადაიდო.

ამ შეთანხმებამდე მთავრობის ინიციატივა ითვალისწინებდა ნულოვანი განაკვეთის შემოღებას ყველა სახის პროდუქციაზე. მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, ოპოზიციის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობაც ორ ნაწილად გაყო. მაგალითად, უმრავლესობის ლიდერი საბაჟო ტარიფების სრულ ლიბერალიზაციას უჭერდა მხარს და ამ პოლიტიკის სასარგებლოდ ესტონეთის მაგალითი მოჰყავდა:

[მაია ნადირაძის ხმა] “ერთი მხრივ, მაღალი გადასახადები, ამ ქვეყანაში ამდენი წელია და არაფერი არასდროს არ განვითარებულა და, მეორე მხრივ, გვაქვს ესტონეთის პრეცედენტი, რომელიც იმავე რეჟიმის გამო ყველაზე მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს აჩვენებს დღესაც კი. ჩვენში მომხრეები ჰყავს ამ იდეას, მაგრამ უმრავლესობა თვლის, რომ საბაჟო გადასახადის განულება იქნება კარგი.”(სტილი დაცულია)

სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის წინააღმდეგი იყო პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ამ გადაწყვეტილებაში ადგილობრივი მწარმოებლებისათვის სტიმულის დაკარგვის საშიშროებას ხედავდა.

მოგვიანებით ანალოგიური მოსაზრება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც დააფიქსირა:

[სააკაშვილის ხმა] ”ამიტომ მე მინდა ვიცოდე და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა ხელის შემშლელი დაბრკოლებები არსებობს, რომ წარმოება გაფართოვდეს და ახალ ბაზრებზე გავიდეს და ჩვენი ბაზარი მთლიანად ავითვისოთ. და არ იყოს ასეთი პრობლემები, ფასებში განსხვავებები და ამხელა დეფიციტი სოფლის მეურნეობის პროდუქციისა სოფლის მეურნეობის ტრადიციულ ქვეყანაში.”

გასულ კვირას კი, როდესაც პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს შეხვდა, მათ დახმარებას დაჰპირდა. მაშინ, როდესაც ქვეყნის ბაზრები წალეკილია უცხოური - ძირითადად დაბალი ხარისხის - სასოფლო სამეურნეო პროდუქციით და თანაც ანალოგიური, უფრო ხარისხიანი, პროდუქცია საქართველოში იწარმოება, ალბათ ალოგიკური იქნებოდა ადგილობრივი მწარმოებლის და ფერმერებისათვის კიდევ დამატებითი ბარიერების შემოღება. მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის იმპორტის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა, რითაც გაჭიანურებულ დავას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის წერტილი დაუსვა.

რაც შეეხება სხვა ტიპის პროდუქციას, სასოფლო სამეურნეო ნაწარმის გარდა, ამჟამად არსებული 25 პროცენტიანი ბეგარის ნაცვლად, მათზე 3 ტიპის საბაჟო ტარიფი - ნულოვანი, 5 პროცენტიანი და 12 პროცენტიანი იმოქმედებს. ამდენად, ნულოვანი განაკვეთი გავრცელდება საბაჟო რეჟიმში არსებული პროდუქციის ექვს მეოთხედზე, მათ შორის, ძირითად საშუალებებზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, ხე-ტყეზე, მატყლსა და სხვა სახის ნედლეულზე.

საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაციის ეფექტს ეჭვის თვალით უყურებენ ეკონომიკური ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ლამის ნახევარი სწორედ იმპორტირებული პროდუქციის დაბეგვრიდან ივსება, ნულოვანი რეჟიმი შემოსავლების მობილიზების კუთხით სერიოზულ პრობლემას შექმნის. თუმცა განაკვეთების ლიბერალიზაციის საკითხი თითქმის უკვე გადაწყვეტილია და ძნელად სავარაუდოა, რომ პარლამენტმა ამ პროექტს მხარი არ დაუჭიროს.





XS
SM
MD
LG