Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო დახმარების მოცულობა და მნიშვნელობა საქართველოს არმიისათვის


ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში ის ამერიკელი სამხედროებიც აღნიშნავენ, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს, სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის პროგრამით,

მეორე წელია ამზადებენ კრწანისის პოლიგონზე. თუმცა ეს არ არის არც პირველი და, როგორც ჩანს, არც უკანასკნელი ამერიკული სამხედრო დახმარება. ბოლო 8 წლის განმავლობაში ამერიკამ სხვადასხვა სამხედრო პროგრამის განსახორციელებლად, რასაც ქართული არმიისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სულ მცირე, 150 მილიონი დოლარი დახარჯა. მინდა ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის ისტორია გაგახსენოთ.

პირველი ამერიკული სამხედრო პროგრამა, რომელიც ცნობილია როგორც ”ვერტმფრენთა პროგრამა”, დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო. იმხანად ეს იყო საბრძოლო ტექნიკით საქართველოს არმიის აღჭურვის პირველი მცდელობა, რადგან მანამდე არსებობდა ვაშინგტონის მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, სადაც შეიარაღებულ კონფლიქტებს ჰქონდა ადგილი. 1998-2003 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე იხსენებს, რომ ”ვერტმფრენების პროგრამის” იმპლიმენტაცია დაახლოებით 5 წელი გრძელდებოდა და მასზე პენტაგონმა 8 მილიონი დოლარი დახარჯა. პროგრამის შედეგად, საქართველომ მიიღო დაახლოებით 7 ერთეული ”იროკეზის” ტიპის ვერტმფრენი და მაღალ დონეზე მომზადებული მფრინავები.

[დავით თევზაძის ხმა] ”სამხედრო თვალსაზრისით, პირველი შედეგი ის იყო, რომ აუცილებელი შეიქნა მომზადება იმ კადრებისა, რომელიც ამ ვერტმფრენების ექსპლუატაციას სჭირდებოდა. გაიხსნა სრულიად ახალი არხი, რომელიც მანამდე არ არსებობდა.”(სტილი დაცულია)

2002 წლის ოქტომბრიდან კი სტარტი აიღო ქართულ-ამერიკულმა ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამამ, რომლისთვისაც ამერიკის მთავრობამ 60 მილიონი დოლარი გამოყო. პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ხალხში ანტიტერორისტულ პროგრამასაც უწოდებენ, 2 ათასი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მომზადდა. დავით თევზაძის თქმით, პროგრამის შემუშავება სარეკორდო დროში მოხდა, რაც პოლიტიკურმა კონიუნქტურამ - პანკისის ხეობის კრიზისმა და 11 სექტემბრის ტერაქტმა - დააჩქარა:/.

[დავით თევზაძის ხმა] ”დადგა ასეთნაირად საკითხი, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას ბაზა იმისათვის, რომ საქართველომ თვითონ შეძლოს თავის ტერიტორიაზე იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ლტოლვილთა წინ და უკან გადაადგილებით იყო გამოწვეული. მე მხედველობაში მაქვს ჩეჩენი ლტოლვილები. ხელშესახებ შედეგზე რა გითხრათ? ყოველ აღლუმზე ვხედავთ ამ ჯარისკაცებს.”

დაახლოებით 1997 წლიდან ამერიკის სამხედრო უწყება საქართველოში ახორციელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის ფარგლებში სხვადასხვა დონის სამხედრო სასწავლებელი ასამდე ქართველმა ოფიცერმა დაამთავრა. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე პირველი ქართველი ოფიცერი იყო, რომელმაც 2001-2002 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი, სახმელეთო ჯარების ომის წარმოების კოლეჯი, დაამთავრა. კაპანაძის თქმით, სწავლების პროცესს ომის წარმოების კოლეჯში, რომელიც ოპერატიულ-სტრატეგიული დონის უმაღლესი სასწავლებელია, მთლიანად ამერიკული მხარე აფინანსებდა:

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] ”სულ 2 ქართველს აქვს დამთავრებული შეიარაღებული ძალების ომის წარმოების კოლეჯი, თუ არ ჩავთვლით ჯონ მალხაზ შალიკაშვილს, რომელიც ამერიკის მოქალაქე იყო. ეს კურსი დაახლოებით ასი ათას დოლარამდე დაჯდა. ამას დაემატა ოთხთვიანი სპეციალური ენობრივი მომზადების კურსები.”

ღირს აღინიშნოს, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება ზოგჯერ პარადოქსულ ხასიათსაც ატარებდა. მაგალითად,”ვარდების რევოლუციით” გამოწვეული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, ამერიკის მთავრობა 2 თვის განმავლობაში უხდიდა ხელფასს შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას. 2005 წლიდან კი ამოქმედდა სამხედრო დახმარების ახალი პროგრამა - სტაბილურობის შენარჩუნების ფარგლებში. ამ პროგრამით უკვე მომზადდა და აღიჭურვა მე-2 მოტომსროლელი ბრიგადა და მომზადების ფაზაშია მე-3 მოტომსროლელი ბრიგადა. მაგრამ ცალკე საკითხია ის, თუ როგორ ინახავს და უფრთხილდება საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ სამხედრო დახმარებას, რაზედაც უფრო ვრცლად კვირის სამხედრო პროგრამაში ვისაუბრებ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG