Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოუტანს ბასაევის სიკვდილი რუსეთის ხელისუფლებას


ჩეჩნეთის ყველაზე ცნობილი ძებნილი,

მეამბოხეთა საველე მეთაური შამილ ბასაევი მოკლულია. მის სახელს ბოლო წლების მანძილზე რუსეთში მომხდარი არაერთი მასშტაბური და სისხლიანი ტერაქტი უკავშირდება. ბასაევს ჩეჩნეთის სეპარატისტული მოძრაობის რადიკალურ ფრთასთან აიგივებდნენ - შესაბამისად, მისი ლიკვიდაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია კრემლისთვის. კონკრეტულად რას ნიშნავს ბასაევის სიკვდილი რუსეთის ხელისუფლებისთვის?

ბასაევის სიკვდილი კრემლისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

ჩეჩნეთში კი პრორუსულად განწყობილმა პრეზიდენტმა ალუ ალხანოვმა სააგენტო ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ ბასაევის სიკვდილი ”შეიძლება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან ბრძოლის ლოგიკურ დასასრულად იქნეს მიჩნეული.”

რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთის კონფლიქტს წლების განმავლობაში აშუქებდა. მისი აზრით, კრემლი ბასაევის სიკვდილს საკუთარ დიდ გამარჯვებად გამოაცხადებს და ჩეჩნეთში კვლავ ძველ პოლიტიკას გაატარებს:

[პოლიტკოვსკაიას ხმა] ”ბასაევი, როგორც ფიგურა, წავიდა. მაგრამ კრემლის პოლიტიკა ამის გამო არ შეიცვლება. ჩემი აზრით, მალე გამოაცხადებენ, რომ ჩეჩნეთში უკვე საერთოდ აღარავინ დარჩა, ვისთანაც მოლაპარაკების დაწყება თუნდაც თეორიულად არის შესაძლებელი. გვეტყვიან, რომ იქ, უბრალოდ, აღარავინ არის.”

პოლიტკოვსკაიას მოსაზრებას ეთანხმება ნიკოლას რედმანი, ჟურნალ ”ეკონომისტის” ანალიტიკური განყოფილების ლონდონელი ექსპერტი. რედმანის აზრით, კრემლი მოლაპარაკებას, ალბათ, არ დაიწყებს:
[რედმანის ხმა] ”ძალიან გამიკვირდება, ეს რომ მოხდეს, კრემლმა რომ მოლაპარაკება დაიწყოს. საქმე მხოლოდ ბასაევში არ იყო. კრემლს აქამდეც არ გამოუხატავს მოლაპარაკების გამართვის სურვილი. არა მგონია, ბასაევის სიკვდილმა რამე შეცვალოს.”

მოსაზრებას, რომ ბასაევის სიკვდილი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ მოიტანს, ეთანხმება მოსკოვში კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი ნიკოლაი პეტროვი. მისი თქმით, მოსკოვი ჩეჩნეთთან მიმართებით გატარებულ პოლიტიკას არ შეცვლის, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს პოლიტიკა შედეგიანია.

თუმცა, ამავე დროს, პეტროვი ბასაევის სიკვდილს კრემლის დიდ გამარჯვებად არ მიიჩნევს. მისი თქმით, ბასაევი დანაწევრებულ სეპარატისტულ მოძრაობაში მხოლოდ სიმბოლურ ფიგურას წარმოადგენდა.

ბასაევის გარდა, რუსეთის ძალებმა ბოლო პერიოდში სეპარატისტების სხვა ლიდერებიც დახოცეს.

გასულ თვეში მოკლეს მეამბოხეების პრეზიდენტი აბდულ-ხალიმ სადულაევი, რომელიც, თავის მხრივ, 2005 წლის მარტში მოკლული ასლან მასხადოვის შემცვლელი იყო.

რადიო “თავისუფლების” რუსული სამსახურის კორესპონდენტი ანდრეი ბაბიცკი, ჩეჩნეთის კონფლიქტს მრავალი წლის განმავლობაში აშუქებს. მისი თქმით, ბასაევის სიკვდილმა, შესაძლოა, ჩეჩენ მეამბოხეებს დასავლეთის მხარდაჭერა დიდწილად დაუბრუნოს:

[ბაბიცკის ხმა] ”ბევრი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე მხარს უჭერდა ჩეჩნების ბრძოლას თავისუფლებისთვის, იძულებული გახდა ჩეჩენ მეამბოხეებთან კონტაქტი შეეზღუდა ან, საერთოდ, გაეწყვიტა. დღეს მათ ხელ-ფეხი გაეხსნათ, ვინაიდან დოკუ უმაროვს, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, იატაკქვეშა მოძრაობას ხელმძღვანელობს, არ ეკისრება ტერორისტული აქტების მოწყობის პასუხისმგებლობა. ამდენად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბასაევის სიკვდილმა წინააღმდეგობის მოძრაობას ევროპისკენ გაუხსნა გზა. თუმცა გაურკვეველია, გამოიყენებენ თუ არა ამას მეამბოხეები.”


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადება მოწმობს, რომ კრემლი კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ გზად ძალის გამოყენებას მიიჩნევს:

[პუტინის ხმა] ”ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ტერორიზმით შექმნილი საფრთხე კვლავაც ძალიან მაღალია. ამ მიმართულებით ოპერატიული სამუშაოების დასუსტება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პირიქით - ეს სამუშაოები უნდა გაძლიერდეს, და ჩვენი ქმედებების ეფექტიანობა უნდა ამაღლდეს.”

ამდენად, ანალიტიკოსების დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ, ბასაევის სიკვდილის მიუხედავად, არსებული ვითარება დიდწილად უცვლელი დარჩება.

ამავე მოსაზრებას იზიარებს ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენელი.

აჰმედ ზაკაევი - ჩეჩენი სეპარატისტების საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს - აცხადებს, რომ ბასაევის მკვლელობა ჩეჩნეთში არსებულ სიტუაციას საერთოდ არ შეცვლის.

ჩეჩნების რადიკალი იდეოლოგი მოლვადი უდუგოვი კი დღეს ”კავკაზცენტრის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ ბასაევის სიკვდილის შემდეგ ”ჩეჩენი მებრძოლები რუსეთის ძალების წინააღმდეგ თავიანთ ჯიჰადს გააგრძელებენ.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG