Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას მოახდენს უკრაინის პოლიტიკურ სფეროში მომხდარი ცვლილებები ”ფერად რევოლუციებზე”


უკრაინაში თანდათან ცხრება უკანასკნელი პერიოდის

პოლიტიკური ვნებათაღელვა. ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი იდეოლოგიური მეტოქე ვიქტორ იანუკოვიჩი ახლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. დღეს იანუკოვიჩი რუსეთში გაემგზავრა. ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომელსაც იანუკოვიჩი პრემიერ-მინისტრის სტატუსით მართავს. ცხადია, რომ უკრაინაში განვითარებულ პროცესებს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა არა აქვს და ამ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების ახლებური გადანაწილება როგორც მთელი პოსტკომუნისტური რეგიონისთვის, ისე დასავლეთისთვის არის საყურადღებო. ”ნარინჯისფერი რევოლუცია” ხომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი ”ფერადი რევოლუციების” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითი იყო. როგორ აფასებენ უკრაინის მოვლენებს ქვეყნის გარეთ?

უკრაინაში პოლიტიკური ძალაუფლების ახლებურმა გადანაწილებამ ბევრი ანალიტიკოსი ”ფერადი რევოლუციებით” გამოწვეული ეიფორიის საბოლოო დასასრულზე აალაპარაკა. მათი აზრით, ვარაუდი, რომ საქართველოს ”ვარდების რევოლუცია” პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული ცვლილებების სერიას დაუდებდა სათავეს, დღეს უკვე იდეალისტურ ოცნებას დაემსგავსა, რომელიც უკრაინის მოვლენებმა რეალისტური სურათით შეცვალა.

უკრაინის მოვლენები საქართველოსთვის განსაკუთრებით საყურადღებოა. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მაშინ, როდესაც უკრაინაში ”ნარინჯისფერი რევოლუცია” მოხდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამ მოვლენებს ასე აფასებს:

[ზურაბიშვილის ხმა] ”ეს ცუდია საქართველოსთვის, რადგან რუსეთი შექმნილი ვითარებიდან სხვა დასკვნებს გამოიტანს - რომ ეს რევოლუციები შექცევადია და რომ ცოტა დახმარებით შეიძლება ეს პროცესები შეაქციო. და ეს ჩვენთვის მომავალში შეიძლება ძალიან პრობლემატური გახდეს. დღეს მთავარი ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ჩვენ ყველანაირად დავუმტკიცოთ ჩვენს ხალხს, რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენთან ეს პროცესი შეუქცევადია.”(სტილი დაცულია)

თუმცა, ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, უკრაინაში განვითარებული პროცესები სწორედაც რომ ”ფერადი რევოლუციების” ან, უფრო ზუსტად, იმ ფასეულობების გამარჯვებაა, რომლებსაც რევოლუციები ეფუძნებოდა. უკრაინაში პოლიტიკური ძალაუფლების ახლებური გადანაწილება დემოკრატიის ტრიუმფზე მიუთითებს, რაც, თავის მხრივ, იმის ნიშანია, რომ ”ვარდების” და ”ნარინჯისფერი” რევოლუციის სულისკვეთება კვლავაც ძლიერია, იმის მიუხედავად, რომ უკრაინა, შესაძლოა, საქართველოს ახლო მოკავშირე აღარ იყოს. ასე მიაჩნია ვაშინგტონში განთავსებული საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსს, კორი უელტს:

[უელტის ხმა] ”სააკაშვილს სრულიად მართებულად შეუძლია თქვას, რომ უკრაინაში ყველაზე დემოკრატიული რამ მოხდა, რისი წარმოდგენაც შესაძლებელი იყო. ამდენად, ამ თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა. ცვლილება სხვა ფაქტორთან მიმართებით მოხდა - ისინი დემოკრატიულ ცვლილებებს პროდასავლურ ორიენტაციას უკავშირებდნენ და, ვფიქრობ, არავინ ელოდა, რომ უკრაინაში ამ ორი ასპექტის გაერთიანება არ მოხდებოდა.”

ამ მოსაზრებას ყირგიზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ერკინ ალუმბეკოვიც იზიარებს. უკრაინაში საღმა აზრმა გაიმარჯვა, - უთხრა მან ჩვენს რადიოს:

[ალუმბეკოვის ხმა] ”იანუკოვიჩს უკრაინის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უჭერს მხარს და მისი პოლიტიკური შეხედულებები იქ ძალიან პოპულარულია. იუშჩენკომ ფერადი რევოლუციების იდეით მანიპულირებაზე უარი თქვა, თავისი პირადი, პატრიოტული და საპრეზიდენტო მოვალეობები უბრალო ამბიციაზე მაღლა დააყენა და იანუკოვიჩის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა. ეს, ჩემი აზრით, სწორი და სამართლიანი ნაბიჯი იყო.”

უკრაინაში განვითარებული პროცესები ყირგიზეთისთვის თითქმის არაფერს შეცვლის, - ასე მიაჩნია კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ანალიტიკოსს, მართა ბრილ ოლკოტს:

[ოლკოტის ხმა] ”სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ამან ყირგიზეთისთვის რამე შეცვალოს, გარდა იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის წარმოება გაადვილდება, რამდენადაც მისი საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.”

მართლაც, ”ნარინჯისფერი რევოლუციის” დასასრული ყირგიზეთში ცოტა ვინმეს თუ დააღონებს. იმედი, რომ ”ტიტების რევოლუცია” შუა აზიისთვის დემოკრატიული ცვლილების მოდელი გახდებოდა, ჯერჯერობით არ გამართლებულა. საინტერესოა, რომ, ოლკოტის აზრით, შედარებით ავტორიტარულ რეჟიმებს უფრო მეტი მიზეზი აქვთ შეშფოთებისთვის:

[ოლკოტის ხმა] ”პარადოქსია, მაგრამ შეიძლება ყაზახეთს ყირგიზეთზე მეტი პრობლემა შეექმნას. ყაზახეთმა ძალიან მჭიდრო კავშირები დაამყარა უკრაინის ახალ რეჟიმსა და მთავრობასთან. ყაზახეთსა და უკრაინას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა უწინაც აქტიური იყო და, ვფიქრობ, მათ ეს უკრაინაში თავისუფალი ბაზრის გაძლიერების დასაწყისად და ყაზახეთისთვის ხელსაყრელ ფაქტორად მიიჩნიეს.”

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება როგორც ყაზახეთის, ისე უკრაინისთვისაა ხელსაყრელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არც ამ თვალსაზრისით მოხდება.

უკრაინის საგარეო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ იუშჩენკო განაგებს, ვიქტორ იანუკოვიჩი კი დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას გეგმავს. ამდენად, უკრაინაში შექმნილი ვითარება არც ისეთი რთულია, - მიაჩნია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინე გაბაშვილს:

[გაბაშვილის ხმა] ”რაც შეეხება ძირთად პოლიტიკურ კურსს, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესოა, იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ხელმოწერილ იქნა, პრაქტიკულად არ უნდა შეიცვალოს. იუშჩენკომ აიღო გარანტიები ახალი მთავრობისგან მისი არშეცვლის შესახებ. თუ რაღაც მოხდება, ბუნებრივია, იუშჩენკო შესაბამის რეაგირებას გააკეთებს. მე ვერ გეტყვით, რომ იქ სიტუაცია ადვილია, მაგრამ არც ტრაგიკულია. ჩვენგან სერიოზული რეაგირება საჭირო არ არის სხვა მხრივ, გარდა მხარდაჭერისა იმ ზოგადი კურსის მიმართ, რომელიც უკრაინას აქვს.”

ტრაგიკული არ არის, მაგრამ ”ფერადი რევოლუციების” სერია - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე - დასრულებულია. 2005 წელს ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებდა, რომ მის ქვეყანაში ვარდების, ნარინჯისფერი ან ბანანების რევოლუცია არ მოხდებოდა. დღეს, ალბათ, იგი დარწმუნდა, რომ დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში მაინც აუცილებლად ასე იქნება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG