Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ერთი მეცნიერული შეფასება


გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის მიერ

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში სასწრაფო წესით შეტანილ ცვლილებას, რომელიც ქვეყნის ტოტალურ თავდაცვაზე გადასვლას გულისხმობს, პოლიტიკურ სპექტრში მომხრეებიც გამოუჩნდნენ და მოწინააღმდეგეებიც. მათ მოსაზრებებს კვირის განმავლობაში ჩვენ სისტემატიურად გაცნობდით. ამჯერად სამხედრო პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” სიტყვას მივცემთ პრაქტიკოს მეცნიერს, საქართველოში ერთადერთ სამხედრო მეცნიერებათა დოქტორს, რომელსაც ერთი წლის წინ ეს სამეცნიერო წოდება მიენიჭა ნაშრომისთვის - “საქართველოს ტერიტორიისა და კომუნიკაციების მომზადება თავდაცვისათვის”. მინდა ქართველი მეცნიერი და მისი მოსაზრებები გაგაცნოთ.

შარშანდელი 2005 წლის ივლისი ჩანასახში მყოფი ქართული სამხედრო მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლით აღინიშნა. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი ელგუჯა მეძმარიაშვილი საქართველოს ისტორიაში სამხედრო მეცნიერებათა პირველი დოქტორი გახდა. ელგუჯა მეძმარიაშვილის 500 გვერდიან ნაშრომს ევროპისა და რუსეთის ცნობილმა მეცნიერებმა მისცეს ვიზა, თავად მეცნიერმა კი, როგორც რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნა, ნაშრომის შექმნას მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა:

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] “სამუშაოს სახელწოდება გახლავთ “საქართველოს ტერიტორიის, კომუნიკაციისა და ინფრასტრუქტურის მომზადება თავდაცვისათვის. საქართველოს საბრძოლო მოქმედებათა ერთიანი სახელმწიფო-საინჟინრო უზრუნველყოფის კომპლექსი.” საკითხი, თავისთავად, შეესაბამება სამხედრო სპეციალობას, იმ ნომენკლატურათა ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც არსებობდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც ახლა გააჩნია საქართველოს და რომელიც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მონაცემთა მიხედვით არის შედგენილი.”(სტილი დაცულია)

ვიდრე სამხედრო სფეროში პირველ სადისერტაციო ნაშრომს შეიმუშავებდა, ელგუჯა მეძმარიაშვილის ავტორობით, კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტმა შექმნა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, რეფლექტორული ანტენა, რომელიც ღია კოსმოსში რუსმა კოსმონავტებმა 7 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, გაიტანეს. ამ ფაქტმა მაშინ მსოფლიო აღიარება მოიპოვა, ხოლო ქართულ სამეცნიერო ლაბორატორიაში შექმნილი რეფლექტორული სისტემებით მალე ევროპული კოსმოსური სააგენტოც დაინტერესდა.

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] “ძალიან საინტერესო დუკუმენტი გამოაქვეყნა ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ და მასში აღნიშნულია, რომ ევროპას სჭირდება სტრატეგიული რეფლექტორული სისტემები. ის გააჩნია ამერიკას, მაგრამ ამერიკაში შესრულებულია თავდაცვის დეპარტამენტის შეკვეთით და ევროპისათვის ყოველთვის მისაწვდომი ვერ იქნება. ამიტომ ქართული რეფლექტორი უნდა გახდეს ევროპული. და, მართლაც, დაიწყო ევროპული კოსმოსური სააგენტოს პროგრამა. შვიდი ქვეყნის მეცნიერები ვმონაწილეობდით შიგნით და დღეს უკვე ქართული ტექნოლოგიები უდევს ამ მიმართულებას ევროპაში.” (სტილი დაცულია)

თუკი ქართველი მეცნიერის მიერ შექმნილი რეფლექტორული ანტენა მხოლოდ კოსმოსური სახელმწიფოების ინტერესთა საგანს წარმოადგენს, ელგუჯა მეძმარიაშვილის პროექტით შექმნილი საინჟინრო-გასაშლელი ხიდები მეხუთე წელია საქართველოს არმიის შეიარაღებაშია და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ემსახურება. რაც შეეხება ახალ იდეებს და ნაშრომს ქვეყნის ერთიანი ტერიტორიული და საინჟინრო თავდაცვის შესახებ, ელგუჯა მეძმარიაშვილი თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი და ფიქრობდა, რომ მის მეცნიერულ ნააზრევს, როგორც რეფლექტორული ანტენის შემთხვევაში იყო, სხვები გამოიყენებდნენ, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობდა ტერიტორიული დაცვისა და საკომუნიკაციო უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიული ხედვა.

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] “საერთოდ, მეცნიერი შეგუებული უნდა იყო, გამოგონება სხვაა, პროექტი და ნაკეთობა - სხვა. მეცნიერი შეგუებული უნდა იყოს, და ეს ღირსებაა მეცნიერების, როდესაც მისი შედეგები დარჩება სხვასაც. მაგრამ თქვენ სწორი ბრძანდებით - უნდა გამოიყენოს თავად ქვეყანამაც.” (სტილი დაცულია)

მაგრამ გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორების შემდეგ ელგუჯა მეძმარიაშვილი სხვაგვარად ფიქრობს და, რაც მთავარია, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ დროული გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში უსაფრთოხების კონცეფციაში ჩანაწერი “გარე აგრესიის შეჩერება” შეიცვალა “ტოტალური თავდაცვით”. სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის ელგუჯა მეძმარიაშვილის თქმით, მისი მეცნიერული კონცეფცია თანხვდება სახელმწიფო პოლიტიკას:

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] “ეს კონცეფცია, რომელიც ეხლა იქნა მიღებული ქვეყანაში, სავსებით დროულია და სავსებით სწორი. ის გულისხმობს ქვეყნის რეზერვის ამოქმედებას, დაწყებული 27 წლიდან - 45 წლამდე, ყველა რგოლში - ეს იქნება უზრუნველყოფის რგოლი, ეს იქნება ლოგისტიკის რგოლი, ეს იქნება საცეცხლე უზრუნველყოფის რგოლი, ეს იქნება შეტევითი რგოლი, ეს იქნება ისევე საინჟინრო უზრუნველყოფის რგოლი, სამხედო მიმოსვლები და სხვა და სხვა. ასე ვთქვათ, საკითხი, რომელიც დისერტაციაში დაყენებული იყო საინჟინრო თვალსაზრისით, ანალოგიურად იქნა გაგებული დღეს.”[სტილი დაცულია]

ნიშანდობლივია, რომ ორი თვით ადრე, ვიდრე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ზემოაღნიშნული შესწორება შევიდოდა, ელგუჯა მეძმარიაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გააკეთა მოხსენება საგანგებო სიტუაციებისას, ქვეყნის ტერიტორიული დაცვისა და სხვა სპეციალური ამოცანების შესრულებისათვის ძალების გაერთიანებაზე, რითაც, მისივე თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოში დაინტერესდნენ:

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] “საქართველოში, სხვათა შორის, არ არის ძალები ისეთი ფუფუნებით და ისეთი მომაგრებით, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე ცალკე იყოს გაწვევა გამოცხადებული, ცალკე იყოს რეზერვად შეფასებული და ცალკე ამოქმედებული. ამიტომ მე ვიხილავ შემთხვევას, სადაც ხდება კომბინირება ამ სამივე ქვეჯგუფისა, როგორც ერთი სახის რეზერვის.” [სტილი დაცულია]

ჭეშმარიტი მეცნიერება ყოველთვის წინ უსწრებდა დროს. ელგუჯა მეძმარიაშვილმა მეცნიერულად მოუმზადა საფუძველი ქვეყნის ერთიან ტერიტორიულ თავდაცვას მის ყველაზე უფრო მგრძნობიარე სეგმენტში, რასაც კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება ჰქვია. დანარჩენი უკვე იმ პოლიტიკოსების საქმეა, რომლებმაც მეცნიერული ნაშრომი პროექტად უნდა აქციონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG