Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ახალი ევროპა”: გერმანიის პოლიტიკურ წრეებში უთანხმოებაა ევროკავშირის ”აღმოსავლეთის მიმართ პოლიტიკის” გამო


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამშაბათს

გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე მოლაპარაკების სავარაუდო თემებად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცების გზებს ასახელებდნენ. კანცლერთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს გერმანიაში გაზის ექსპორტის, სულ მცირე, გაორმაგება სურს, რაც გერმანიას რუსეთის გაზის მთავარ დისტრიბუტორად აქცევს ევროპაში. აღსანიშნავია, რომ რუსეთი გერმანიას მოხმარებული გაზის მესამედს უკვე აწვდის. განხილვის პროცესშია ახალი გაზსადენი, რომელიც რუსულ გაზს გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ჩაიტანს. ამავე დროს, პუტინის გერმანიაში ვიზიტი დაემთხვა პერიოდს, როდესაც გერმანიის პოლიტიკურ წრეებში ერთგვარი უთანხმოება გაჩნდა იმ პოლიტიკის გამო, რომელიც აღმოსავლეთის მიმართ ევროკავშირმა უნდა გაატაროს.


ვლადიმირ პუტინისა და ანგელა მერკელის შეხვედრა დრეზდენში შედგა. ამ ქალაქს პუტინი კარგად იცნობს - თავის დროზე, საბჭოთა სუკში მუშაობისას, იგი იქ აგენტის ფუნქციას ასრულებდა.

პუტინის გერმანიაში ვიზიტი დაემთხვა პერიოდს, როდესაც გერმანიის პოლიტიკურ წრეებში ერთგვარი უთანხმოებაა შექმნილი ე.წ. ”აღმოსავლეთის მიმართ ახალი პოლიტიკის” თაობაზე. გერმანია 2007 წლის 1 იანვარს ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანა ხდება ექვსი თვის ვადით და ეს პოლიტიკაც სწორედ ამ პერიოდში უნდა გატარდეს.

როგორც მიუნხენში განთავსებული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ირის კემპე გვიხსნის, აღმოსავლეთის მიმართ ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკაზე სოციალ-დემოკრატებით დაკომპლექტებული საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანგელა მერკელის კონსერვატორთა ადმინისტრაცია ვერ თანხმდებიან:

[კემპეს ხმა] ”უთანხმოება მერკელის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაჩნდა. სამინისტროს სურს, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობასთან გააერთიანოს. ცხადდება, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული ზოგიერთი პრობლემა რუსეთის ჩარევის გარეშე ვერ გადაიჭრება. ლაპარაკია ენერგეტიკაზე, ე.წ. გაყინულ, თუმცა უკვე, შესაძლოა, ესკალაციამდე მისულ კონფლიქტებზე და სხვ. მერკელის ადმინისტრაციას კი ამ მიდგომების განცალკევება და, მაგალითად, პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერა რუსეთთან ურთიერთობისგან დამოუკიდებლად სურს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეათა გაცვლა-გამოცვლაა და არა უკვე ჩამოყალიბებული დოკუმენტი.”

ექსპერტთა დასკვნით, აღმოსავლეთის პოლიტიკას, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა, ქვეტექსტად ევროპის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება უდევს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პოლიტიკა აქცენტს არ აკეთებს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე. დოკუმენტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, აცხადებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა გერმანია იქნება, მისი პოლიტიკის ცენტრში რუსეთი მოექცევა.

თუმცა ირის კემპე ფიქრობს, რომ პროცესებმა, რომლებიც ახლა საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარდება, შესაძლოა, გერმანიის სამომავლო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. პოლიტოლოგის აზრით, ამ პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ ევროპის სამეზობლო თუ აღმოსავლეთის პოლიტიკის რუსეთის ფაქტორის მუდმივი გათვალისწინებით გატარება, შესაძლოა, არც ისეთი ეფექტიანი იყოს:


[კემპეს ხმა] ”მე ვიტყოდი, რომ ეს ასეა. ეს დოკუმენტი მხოლოდ ერთგვარ ჩარჩოს ადგენს, რომლის მიზანი ახალი დისკუსიის დაწყებაა. და ის, რაც ახლა რუსეთსა და საქართველოს შორის ხდება, ჩემი აზრით, ამ დისკუსიაზე გავლენას იქონიებს. პოლიტიკის შემუშავება შემდეგი ნაბიჯი იქნება.”

ის, რასაც ახლა რუსეთი საქართველოსთან მიმართებით აკეთებს, სიახლეა, რომელიც ღიად და დაუფარავად აჩვენებს, რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არადემოკრატიულ, შემავიწროებელ პოლიტიკას ატარებს - ასე ფიქრობს ირის კემპე. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა გერმანიის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეიძლება აქტუალური თემა არ იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გერმანელები ამ პროცესებს თვალს მზარდი შეშფოთებით არ ადევნებენო, მეუბნება პოლიტოლოგი:

[კემპეს ხმა] ”ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა ახლა გერმანიაში ყველაზე აქტუალური საკითხი იყოს. თუმცა, რასაკვირველია, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. გერმანელები საკმაოდ დააფიქრა იმის ხილვამ, რასაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებით აკეთებს, ვინაიდან ეს ყოველგვარ საზღვარს სცილდება. ზოგიერთი ნაბიჯი შეიძლებოდა გასაგები ყოფილიყო, მაგრამ რუსები ძალიან შორს წავიდნენ. ისინი საგარეო პარტნიორს ისე ექცევიან, თითქოს ეს საშინაო პოლიტიკის ნაწილი იყოს. რუსეთი ცდილობს საქართველო რაც შეიძლება მეტად დატოვოს საკუთარი გავლენის სფეროში. ესაა მნიშნველოვანი საკითხი. რუსეთი საქართველოზე არადემოკრატიული გზებით ცდილობს გავლენის მოხდენას.”


ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რუსეთის ენერგეტიკის მნიშვნელობაა ევროპისთვის. ეს განსაკუთრებით გერმანიას ეხება - მას რუსეთი მოხმარებული გაზის მესამედს უკვე აწვდის. სამშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ კი ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გერმანიაში ექსპორტირებული გაზის ოდენობის, სულ მცირე, გაორმაგებას გეგმავს. პუტინის თქმით, მოსკოვს გერმანიაში ყოველწლიურად 50-55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გაგზავნა სურს - ეს კი იმ 40 მილიარდ კუბურ მეტრს დაემატება, რასაც გერმანია უკვე იღებს რუსეთისგან. ამით გერმანია რუსეთის გაზის მთავარი დისტრიბუტორი გახდება ევროპაში. გერმანიასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებას ირის კემპე ასე ხსნის:

[კემპეს ხმა] ”ამ ეტაპზე გერმანიაში რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირება სერიოზულად არ განიხილება, ვინაიდან სხვა პოტენციური მომწოდებლები - მაგალითად, ირანი - რუსეთზე ნაკლებ საჩოთირო პარტნიორები არ არიან. რუსეთი რთული პარტნიორია, მაგრამ მაინც ისეთი პარტნიორი, რომელთან ურთიერთობა შეგვიძლია.”

ირის კემპესთან საუბრის ბოლოს ვლადიმირ პუტინის გერმანიაში ვიზიტს დავუბრუნდით, რომელიც ე.წ. პეტერბურგის წრის შეხვედრაში მონაწილეობასაც ითვალისწინებდა. ეს ფორუმი ხუთი წლის წინ დაარსდა და მიზნად ისახავს გერმანიასა და რუსეთს შორის რეგულარული დიალოგის გამართვას, ეკონომიკური, კულტურული თუ სოციალური კავშირების განმტკიცების მიზნით. ირის კემპე შეხვედრის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი:

[კემპეს ხმა] ”შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ. თუმცა, ტრადიციულად, ასეთი შეხვედრების ორგანიზებას მთავრობა აკეთებს. შესაძლებელია, შეხვედრაზე რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა გამოითქვას - მაგალითად, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის თაობაზე. მაგრამ მონაწილეები ისეთი მაღალი ეშელონებიდან არიან და იმდენად აქვთ ფესვები გადგმული ორივე მხარის ისტაბლიშმენტში, რომ მე ეჭვი მეპარება შეხვედრაზე ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა შედგეს. არადა, შეხვედრაზე ისეთი საკითხების წამოჭრაა საჭირო, როგორიცაა საქართველოსთან ურთიერთობა, ბელორუსიაში შექმნილი სიტუაცია, რუსეთის მედიაში არსებული ვითარება - პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ჩათვლით. მაგრამ შეხვედრის მონაწილეები ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას არ წარმოადგენენ და ეჭვი მეპარება, რომ რეალური დისკუსია შედგეს. შეხვედრა ზემოდან ქვემოთ არის ორგანიზებული და არა პირიქით.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG