Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ბანგლადეშელ ბანკირს ერგო


მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ბანგლადეშელ ბანკირსა და მის მიერ დაარსებულ ბანკს გადაეცა. მუჰამედ იუნუსმა ბანკი ”გრამინი” თავის ქვეყანაში სიღარიბესთან ბრძოლის მიზნით დააარსა.

იყო დრო, როდესაც უკიდურესად ღარიბი ადამიანებისთვის საბანკო კრედიტების გაცემა წარმოუდგენელ იდეად აღიქმებოდა. ეს სამი ათეული წლის წლის წინ იყო - მანამ, სანამ ბანგლადეშელმა მუჰამედ იუნუსმა მიკროკრედიტის გაცემაზე მუშაობა დაიწყო.

იუნუსის პროექტმა საბანკო სისტემაში გაბატონებული შეხედულებები მნიშვნელოვნად შეცვალა. ”რაც უფრო ნაკლები მოგეპოვება, მით უფრო მაღალია შენი პრიორიტეტულობა” - ეუბნებოდა ბანკირი ღარიბებს.

ახლა კი ნობელის კომიტეტი აცხადებს, რომ იუნუსის ხედვა და მისი ბანკი მილიონობით ადამიანს დაეხმარა სიღარიბის დაძლევაში - და არა მხოლოდ ბანგლადეშში, არამედ მთელს მსოფლიოში:

[მოესის ხმა]: ”დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ინდივიდს აქვს ღირსეული ცხოვრების უფლება და პოტენციალი. იუნუსმა და ბანკმა ”გრამინმა” სხვადასხვა კულტურებს და ცივილიზაციებს აჩვენეს, რომ საკუთარი განვითარებისთვის მუშაობა ყველაზე ღატაკებსაც შეუძლიათ”.

ეს გახლდათ ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ხელმძღვანელი, ოლე დანბოლდ მოესი.

მუჰამედ იუნუსის თქმით, ტერმინი ”მიკროკრედიტი’ მას არ ეკუთვნის. მან ეს ცნება უბრალოდ საკუთარი ცხოვრების მისიად აქცია - მცირე კრედიტების გაცემა ღარიბ ადამიანებზე, დ განსაკუთრების ქალებზე, დაიწყო.

მისი კრედიტი, როგორც წესი, 100 ამერიკულ დოლარს უტოლდება. ღარიბები ამ თანხას რაიმე ისეთის შესაძენად ხარჯავენ, რაც მათ მოგებას მოუტანს - ბამბის, ან საქსოვი ბამბუკის, მაგალითად. ბანკი ”გრამინი” აცხადებს, რომ დავალიანების გადახდას თითქმის ყველა ახერხებს - რასაც ბანკისთვისაც მოგება მოაქვს.

ოლე დანბოლტ მოესი ბანგლადეშელი ბანკირის სამუშაოში ადამიანის უფლებების დაცვის განზომილებაზე ამახვილებს ყურადღებას:

[მოესის ხმა]: ” სტაბილური მშვიდობა ვერ დაისადგურებს, თუკი მოსახლეობის ფართო ჯგუფები ვერ შესძლებენ სიღატაკის დაძლევას. მიკროკრედიტის გაცემა ამისათვის ერთ-ერთი საშუალებაა. ხალხის წიაღიდან წამოსული ინიციატივები განვითარებისთვის, ამავე დროს, დემოკრატიის განმტკიცებას და ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება”.

წარსულში, მუჰამედ იუნისს ხშირად აღუნიშნავს, რომ სიღარიბესთან ბრძოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენება ეფექტიანი იარაღია. მაგალითად, 2000 წელს, გაეროს წინაშე გამოსვლისას, ბანკირი აცხადებდა:

[იუნუსის ხმა]: ”მიკროკრედიტი სუსტებს ძალას აძლევს. იგივეს მიღწევა შეიძლება საინფორმაციო ტექნოლოგიით. მიკროკრედიტით და საინფორმაციო ტექნოლოგიით კონკრეტულ ინდივიდს საშუალება ეძლევა, კონკურენტუნარიანი გახდეს და საკუთარი ცხოვრება განაგოს. ეს ორივე საშუალება არაჩვეულებრივია და ერთმანეთს ავსებს. მათი ერთიანობით გლობალური სიღარიბის დაძლევის რეალური შანსი ჩნდება”.

დღეს კი ბანგლადეშელმა ბანკირმა ნორვეგიის ტელევიზიას უთხრა, რომ ნობელის პრემიით დაჯილდოვებას ის უდიდესი სიხარულით შეხვდა. ”თქვენ სიღარიბესთან ბრძოლის ოცნებას ხორცს ასხამთო”, განუცხადა ბანკირმა ნობელის კომიტეტს:

[იუნუსის ხმა]: ”მოხარული ვარ, რომ ბანგლადეშელთა მიერ გაწეული შრომა მსოფლიომ აღიარა და მსოფლიოსთვის საჩუქრის მიძღვნა შეგვიძლია. ეს ჩვენს ერს სიამაყით ავსებს. თავდაჯერებულობა მოგვემატება და მეტის გაკეთების სტიმული მოგვეცემა. ჩვენ გავაგრძელებთ სიღარიბის აღმოფხვრაზე მუშაობას, რათა მსოფლიოში აღარავინ იყოს ღარიბი”.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG